საზოგადოება

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დაიწყო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დაათვალიერა.

ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე მდ. ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს მდინარის კალაპოტის ფორმირებას „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ვაკის სასაფლაომდე არსებულ ზოლში, ვერეს ხეობის იმ მონაკვეთში, სადაც მდინარე არ არის მოქცეული გვირაბში და წყალმოვარდნის შემთხვევაში შეიძლება ზიანი მიადგეს კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიას.

დავით ნარმანიას თქმით, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი მნიშვნელოვანია ვერეს ხეობაში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

„პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ მდინარის კალაპოტის ფორმირება, რაც გულისხმობს დამცავი კედლის აშენებას. ამასთან, იმისთვის, რომ „მზიურმა“ არ დაკარგოს თავისი უმთავრესი რეკრეაციული ფუნქცია, პარკი შემოდგომაზე გამწვანდება და კეთილმოეწყობა. შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, დაიწყება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს მდინარე ვერეს ხეობის ზედა ნაწილის ფორმირებას, ნატანდამჭერი ცხაურების მოწყობას, რომლის შედეგადაც მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხოების კომპონენტი მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია „მზიურის“ მიმდებარედ მდინარის კალაპოტის მცირეოდენი გაგანიერება, მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ გრუნტის დამბისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება. ასევე, მდინარის წყლის შემშვები და გამომშვები 500 მმ-იანი მილების მოწყობა.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ერკერი“ აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის 19 ივლისს დაიწყო და 19 ნოემბერს დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯება.