04/05/2024
Latest:
საზოგადოება

გორში ქარის პირველი ელექტროსადგურის სატესტო რეჟიმში ჩართვა იგეგმება

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სადგურის ტურბინების დასამონტაჟებლად საძირკველი მზადდება და სამშენებლო სამუშაოების დასრულება სექტემბერში იგეგმება. მას შემდეგ, რაც ელექტროსადგური გამოცდას გაივლის, დეკემბერში სახელმწიფო ელექტროსისტემა მიღებულ ელექტროენერგიას ენერგოქსელში გაანაწილებს. ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატია.

“მოხმარების თვალსაზრიისთ, საშუალოდ, დაახლოებით 20 000 ოჯახზეა გათვლილი გამომუშავებული ელექტროენერგია. სახელმწიფოსთან გაფორმებულია ათწლიანი გარანტირებული სიმძლავრის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 10 წლის განმავლობაში, გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ენერგოსისტემას მოხმარდება“, – განმარტავს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი.

მისივე ინფრმაციით, ქარის საპილოტე ელექტროსადგურის ამუშავების შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტრო მისი სიმძლავრის გაზრდას 100 მეგავატამდე გეგმავს, რისთვისაც დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებაა საჭირო.

“ჩვენ ვეცდებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები გავამზადოთ და შემდეგ ინვესტორები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დავაინტერესოთ”, – აღნიშნა ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროსადგური ძირითადად EBRD-ის სესხით შენდება, რომელიც 24 მილიონ დოლარს შეადგენს. დამატებით 6 მილიონი კი ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის სახსრებია. პროექტს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით, ენერგეტიკის განვითარების ფონდის შვილობილი კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ ახორციელებს, სამშნებებლო სამუშაოებს კი – China Nuclear Industry. ენერგეტიკის სამინისტოში ვარაუდობენ, რომ მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს ელექტროსადგური ექსპლოატაციაში შესვლიდან 7 წლის ვადაში ამოიღებს.