04/05/2024
Latest:
საზოგადოება

“მერიამ უნდა შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და პროცესების მართვა საკუთარ თავზე უნდა აიღოს”

ის მეწყრული პროცესები, რომლებიც ვერეს ხეობაში მიმდინარეობდა ახლაც არ შეჩერებულა

ურბანისტი ნიკო კახეთელიძე დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ყოველთვის უმაღლესი კომპეტენციის მოსაზრებებს გამოთქვამს, მის მიერ წამოწეული პრობლემები ძალიან აქტუალურია, ხოლო ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები დასაფიქრებელი და გასათვალისწინებელი. რამდენიმე დღის წინ ნიკო კახეთელიძემ სოციალურ ქსელში უაღრესად საინტერესო ფაქტის შესახებ გააჟღერა ინფორმაცია. მისი განცხადებით, ჩუღურეთის რაიონში, სააკაძის 19-ში მდებარე შენობა, სადაც საბავშვო ბაღთან ერთად დევნილთა საცხოვრებელი ბინებიც მდებარეობს, ავარიულია, შესაბამისად ტრაგედიის ალბათობა მაღალია. ამ პრობლემის გარდა ნიკო კახეთელიძესთან დედაქალაქში არსებულ მწვავე პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზების შესახებ ვისაუბრეთ.

სოციალურ ქსელში თქვენ გამოაქვეყნეთ სტატუსი ჩუღურეთის რაიონში, სააკაძის 19-ში მდებარე ყოფილი ბავშვთა მე-5 საავადმყოფოს შესახებ, რომელშიც ახლა დევნილები ცხოვრობენ, იქვეა განთავსებული საბავშვო ბაღიც, რა მდგომარეობაა იქ რეალურად და რა საფრთხეები არსებობს?

ეს კონკრეტული ობიექტი მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში, ყოფილი ბავშვთა მე-5 საავადმყოფოს შენობაში. იგი მაშინაც ავარიულ მდგომარეობაში იყო, როდესაც წლების წინ დევნილები შესახლდნენ. აქვე, ამავდროულად, ფუნქიონირებს საბავშვო ბაღიც, დაახლოებით, 300 ბავშვი იმყოფება ყოველდღიურად ამ შენობაში.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შენობაში გაუსაძლისი პირობებია, თუნდაც ავარიულობის ხარისხიდან გამომდინარე. არამხოლოდ ხალხის შესახლება წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს, არამედ ამ მდგომარეობით შენობის  უბრალო  არსებობაც უდიდესი საშიშროების მატარებელია. მას არ გააჩნია არანაირი ღობე, რომელიც ხელს შეუშლის ბავშვის, თუნდაც ნებისმიერი გამვლელის, შენობაში შესვლას.

ზოგადად, მთავარი პრობლემა მგდგომარეოობს იმაში, რომ დღეს ქალაქში ავარიული შენობების შესწავლა არ ხდება. შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მხოლოდ შენობის გარკვეული ნაწილის ჩამონგრევის შემდეგ იწყება. 

ეს პრობლემა ქალაქში ძალიან დიდი ხანია შესამჩნევია. ავარიული შენობების ზედაპირული, არა სიღრმისეული, შესწავლა უკანასკნელად 15 წლის წინ განხორციელდა, ისიც ძლიერი მიწისძვრის მიერ მოყენებული შედეგების გამო. მას შემდეგ ამ მიმართულებით სამუშაოები არ ჩატარებულა. მერია ამ შემთხვევაში გამოდის მეხანძრის როლში. თუკი სადმე შენობა ჩამოინგრა, მაშინ ახორციელებს სამუშაოებს.

აქვე, მინდა შევეხო კიდევ ერთ მტკივნეულ მომენტს. როგორც მოგეხსენებათ, 90-იანი წლების დასაწყისში, აქტიურად მიმდინარეობდა ე.წ. “ლოჯების” მიშენება, თანაც, სრულიად მეკობრულად, სხვადასხვა მასალით, სხვდასხვა გადახურვის ტიპებით. ეს ყველაფერი არაავარიულ სახლებზეც უდიდეს საფრთეს წარმოადგენს,  ავარიულებზე საუბარიც ზედმეტია. არსებობს საშიშროება, რომ ერთ დღესაც უდიდესი კატასტროფის წინაშე დადგება ქალაქი. მერიის სპეციალურ სამსახურებმა, რაც შეიძლება დროულად უნდა მოახდინონ ამ ყველაფრის პრევენცია.

– დაახლოებით რამდენია ასეთი მიშენებების ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადა?

– ამის თქმა თითქმის შეუძლებელია, მითუმეტეს, როდესაც ყველანაირი ნორმების დარღვევით კეთდება მსგავსი მიშენებები. არსებობს მშენებლობის გარკვეული ნორმები, რომლის სრულიად დაცვის შემთხვევაშიც კი ძალიან რთულია ექსპლუატაციის ზუსტი ვადის დადგენა.

არ არსებობს ისეთი ინდიკატორი, რომელიც უნებართვოდ, ყველანაირი კონტროლის გარეშე ჩატარებულ სამუშაოებს შეაფასებს და დაადგენს ექსპლოატაციის ზუსტ ვადას. არსებობს, არც თუ ისე უხარისხო მიშენებებიც, რაც პირდაპირ დამოკიდებული იყო მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობასთან, თუმცა, პროცესი ისე ტოტალურად წარიმართა, რომ მოსახლეობისთვის მთავარი იყო არა ხარისხი, არამედ უბრალოდ აშენება.

– დავუბრუნდეთ ავარიული შენობებს, თბილისის რომელ ნაწილში დგას ეს პრობლემა ყველაზე მეტად?

– მინდა გითხრათ, რომ ავარიული შენობების პრობლემა მთელი თბილისის მასშტაბით აქტუალურია. საკითხი დავყოთ ორად. პირველი, როდესაც სახლები და სხვა სამშენებლო ობიექტები შენდება ნორმების გარეშე, რაღაც პერიოდის შემდეგ ავარიულ მდგომარეობაში ვარდება. ასეთ შემთხვევებს თბილისის ყველა უბანში ვხვდებით. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, ჩუღურეთში მრავალსართულიანი შენობები არ არის, შეიძლება ითქვას,

ყველაზე მძიმე მდგომარეობა ისანი-სამგონის რაიონშია. იქ არის კორპუსები სადაც 200-მდე ოჯახი ცხოვრობს და ასეთი შენობების ჩამონგრევა გაცილებით დიდ ზარალს მოიტანს. 

მეორე პრობლემა ქალაქის ძველ ნაწილს ეხება. აბსოლუტურად სხვა შემთხვევაა ძველი თბილისი. აქ შენობები უდიდესი კულტურული დატვირთვის მატარებელია და საერთოდ სხვა ტიპის შესწავლას ექვემდებარება.

– გასაგებია, რომ პრობლემა დგას, მისი გადაწყვეტის გზებს როგორ ხედავთ?

– ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი. მეხანძრის პოზიციაში ყოფნა არაფერს მოგვცემს, საგანგებო სიტუაციების სააგენტო ხომ არ ვართ. საჭირო პრევენცია. სამწუხაროდ, იმდენად ბევრი ობიექტია დაგროვილი, რომ შესრულება საკმაოდ გრძელვადიანი და შრომატევადია. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ამ პრობლემისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება.

– აქ თავს იჩენს მეორე პრობლემა, ჩვენ შეგვიძლია საკითხის შესწავლა და სრული სურათის საკმაოდ მწვავედ დანახვა, რასაც სჭირდება შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა?

– პრობლემის გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. აქ მოსაფიქრებელია მექანიზმი. როდესაც დეველოპერი იწყებს პროექტის განხორციელებას, ვთქვათ ჩუღურეთში, ის ვალდებულია უზრუნველყოს შენობის ხარისხი, თუმცა, ამ პროცესის პარალელურად, შენ მას ვერ მოთხოვს გლდანში ავარიული შენობის გარემონტებას.

ამ პროცესის მმართველი უნდა იყოს თბილისის მერია. ნებისმიერი ინვესტიციის დროს შესაძლოა შეიქმნას ფონდი, რომელშიც მოხდება გარკვეული თანხის თავმოყრა ავარიული სახლებისთვის. ყოველ შემთხვევაში საკითხის შესწავლა უფრო რეალური გახდება.

– გადავიდეთ ახალ მშენებლობებზე. ფაქტია, რომ მოთხოვნას მნიშვნელოვნად აჭარბებს მიწოდება, თუმცა, მშენებლობები მაინც გრძელდება. რამდენად დაცულია ახალი მშენებლობების სტანდარტები და თუ არ არის, როგორი უნდა იყოს?

– წინა ხელისუფლების დროს მშენებლობების კუთხით გატარებული იყო ლიბერალური პოლიტიკა. მერია დეველოპერს არ ითხოვდა პროექტს და ისე ამტკიცებდა შემოთავაზებულ მშენებლობას. შესაბამისად, კონსტრუქციული ნაწილი არ იყო განხილული არც ექსპერტიზის და არც მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ. ანუ, ჩვენ ვრჩებოდით იმის იმედზე, რომ კონკრეტულ დეველოპერს აღმოაჩნდებოდა შესაბამისი კვალიფიკაცია და პატიოსნება, რომ ინჟინრულად სწორად გაეკეთებინა დაკისრებული საქმე. მოგეხსენებათ, დღეს დეველოპერი არ არის ინჟინერი, შესაბამისად, ამ პრობლემას ვერ აღიქვამს სიღრმისეულად. თუ ბიზნესის მწარმოებელს არ ესმის ეს საკითხი, მერიასა და მას შორის ირღვევა ურთიერთობა, ანუ პროექტი არ არსებობს. ეს 9 წლის განმავლობაში ასე იყო და დღემდე ასე გრძელდება. ჩვენ ვცხოვრობთ წინა ხელისუფლების საკანონმდებლო სივრცეში. მაშინ გადაწყვეტილების მიმღებები არა სპეციალისტები, არამედ “ჯარისკაცები” იყვნენ, შესაბამისად ვერანაირ ანალიზს ვერ გაუკეთებდა იმას, რა საქმესაც აკეთებდა. ეს სერიოზული პრობლემაა, შეიძლება აშენებიდან მეორე წელს შენობას არ აღენიშნოს ავარიულობის ნიშნები, თუმცა, დროთა განმავლობაში წარმოიშვას ისეთი პრობლემა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ლიბერალიზაცია ამ კუთხით არის დამღუპველი.

ევროპის მაგალითი რომ ავიღოთ, მე პირადად მქონია შეხება იმ დოკუმენტაციასთან, რომელსაც ითხოვენ განვითარებული ქვეყნები მშენებლობის ნებართვის გაცემისას. საქმე გვაქვს წარმოუდგენელი რაოდენობის საბუთებთან, – გეოლოგიით დაწყებული, ჰაერის დაბინძურების კოეფიციენტით დამთავრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ნებართვის გაცემა გამორიცხულია. ამ დონის კონტროლის დაწესება საქართველოში ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. თუმცა, იმის გაკეთება მაინც შეიძლება, რომ გარკვეული პროექტის კონსტრუქცია განხილული იქნას ექსპერტიზის დონეზე.

– თითქმის ერთი წელი გავიდა ვერეს ტრაგედიიდან. ფაქტია, რომ მსგავსი კერები თბილისში კიდევ არის და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ტრაგედიის განმეორების საფრთხე არსებობს. სად ხედავთ ამ კერებს და რა რეკომენდაციები გექნებათ, ამ კუთხით, ქალაქის მერიის მიმართ?

– კვლევები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო ამ პრობლემის შესასწავლად კიდევ არ არის დასრულებული. მაშინ შეიქმნა სახელწიფო კომისია, რომლის წევრი მეც ვიყავი. გაიმართა 3 შეხვედრა, რომელზეც ძალიან ზოგადი საუბარი წარიმართა. შემდეგ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ძველი გზის აღდგენის შესახებ, გარკვეული პრევენციებით. ის მეწყრული პროცესები, რომლებიც ვერეს ხეობაში მიმდინარეობდა ახლაც არ შეჩერებულა. პრევენციული ზომების მიღების გარეშე ეს სახიფათო პროცესები გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ ზარალს მოიტანს.

ზოგადად, პროცესს, პირველ რიგში, სჭირდება შესწავლა. ჩვენთან რაღაცა მოხდება, ან რაღაცა არ გაკეთდება და ეს საკითხი გადაიდება გვერდზე. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეგიონში, რომელიც სეისმურად აქტიურია და ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირით გამოირჩევა. ამიტომ, მუდმივად უნდა იყოს ამ საკითხზე მსჯელობა და აუცილებლად უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. 

მერიაში უნდა არსებობდეს საინჟინრო სამსახური, რომელიც მთლიანად შეკრავს არსებულ ინფორმაციას და აქედან გამომდინარე წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებებს. როცა ვხედავთ, რომ რომელიმე ზონაში სახიფათო პროცესი მიმდინარეობს, იქ არ უნდა გასცენ მშენებლობის ნებართვა. ადრე ვერეს ხეობაში არ აძლევდნენ ცხოვრების ნებართვას. სანამ მოხდებოდა ეს ტრაგედია, წინა ხელისუფლების დროს, მოხდა ამ ნებართვების გაცემა. ჩვენ მათ დავუკანონეთ ის, რაც მივიღეთ შემდგომ.

– სად არის ქალაქის განვითარების რესურსი, რა რეზერვი აქვს თბილისს?

– სხვა პოზიციიდან გიპასუხებთ. ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს სერიოზული ანალიზის საფუძველზე. ჩვენ, ფაქტობრივად, მოვხსენით ყველა შემაკავებელი ფაქტორი და ყველამ დაიწყო მშენებლობა. პროექტებს მარტავენ ფინანსისტები და არა ინჟინრები. პროცესიდან მთლიანად ამოვარდნილია საინჟინრო ხედვები. დღეს მთელი აქცენტი გადატანილია კერძო ინტერესზე, მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიებზე. არა და, ამ ფონზე, იკვეთება კომპლექსური მიდგომების საჭიროება. შესაბამისად, მერიამ უნდა შეასრულოს საკუთარ მოვალეობა და პროცესების მართვა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

გიორგი კაპანაძე