საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი: „არასოდეს მიცხოვრია მდიდრულ რეზიდენციებში და თითქმის ყოველ საღამოს ჩვეულებრივ კაფეში ვიჯექი”

უკრაინის მე-5 არხის გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკვე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ მოკრძალებულად ცხოვრობდა საქართველოში პრეზიდენტობისას.

სააკაშვილმა პოროშენკოსთან მისი პიროვნების შედარებისას, წამყვანის მიერ დასმული შეკითხვის – თუ რა გამოსდის მასზე უკეთესად პოროშენკოს – საპასუხოდ თქვა, რომ მან 100 000 დოლარის შოვნაც ვერ შეძლო, მაშინ, როდესაც პოროშენკომ მილიარდები იშოვა, მისთვის კი ჩვეულებრივი ადამიანების საფიქრალის გაგებაა უფრო ადვილი, მას მათ ადგილას თავის დაყენება შეუძლია, რადგან მისი თქმით, იგი გაცილებით უფრო ახლოს არის ადამიანებთან მატერიალური მდგომარეობით, და მეორე მომენტია ის, რომ იგი „ადამიანებთან ურთიერთობას ეთაყვანება“. „მე არასოდეს მიცხოვრია მდიდრულ რეზიდენციებში, როდესაც მე პრეზიდენტი ვიყავი, თითქმის ყოველ საღამოს ჩვეულებრივ კაფეში ვიჯექი. ნუ, პატარა ქვეყნაა, რა თქმა უნდა, უკრაინა სხვა ისტორიაა“.

მან გადაცემაში უკრაინის პოლიციაში არსებულ კორუფციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პოლიციის რეფორმა ჩაფლავდა, რადგან არასაკმარისია საპატრულო პოლიციისთვის მატერიალური უზრუნველყოფის საშუალებები და მე-2 მხრივ პოლიციის ძირითადი ნაწილი დარჩა არარაფინირებულად. მან რიტორიკული შეკითხვა დასვა, თუ როგორ შეძლებს მინისტრი ავაკოვი პოლიციის რეფორმის ჩატარებას მაშინ, როცა ერთი ბოთლი ღვინო პოლიციელის ყოველწლიურ ხელფასზე ძვირი ღირს და „ყველა ფული მაღლა მიდის“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენია მისი ყოველთვიური საჭიროება და თუ ჰყავს მას დაცვა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ რამდენიმე ათასი სჭირდება თვეში, დაცვის ორი წევრი კი საქართველოდან ჰყავს დ მათ იარაღის ტარების უფლება არ აქვთ და ერთი, რაც მისი დაცვის წევრებს შეუძლიათ, ისიც თუ სწრაფად მოახდენენ რეაგირებას, მისი „ზელიონკის“ შესხმისაგან თავდაცვაა (იცინის). „მე მყავდა დიდი დაცვა, კარგი ბიჭები არიან… როდესაც ჩხრეკა ჩაატარეს მაისში, ეს ბიჭები ნიღბებით იყვნენ მოსული და რცხვენოდათ სახის გამოჩენის, მე მაშინვე ვიცანი ისინი, რა თქმა უნდა ეს არაა ლამაზი“.

სააკაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ შემდეგი 6 თვე გადამწყვეტი იქნება ქვეყნისთვის.

მან უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე კვიტაშვილის წარდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც მას პოროშენკომ მის შესახებ ჰკითხა, მან უპასუხა, რომ იგი „რეფორმატორი არ არის“, მაგრამ „კარგი შემსრულებელია“, ხოლო პოროშენკოს ურჩია:

„თქვენ გჭირდებათ რეფორმატორი, რომელიც თავის ხელში აიღებს ინიციატივას“.

სააკაშვილმა გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ იგი შეიძლება ქართულ მხარეს გადასცეს. “ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, მსგავს რამეს იგი არ გააკეთებს. უბრალოდ, წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ პოროშენკო საქართველოს გადამცემს, თუნდაც ასე იყოს, საქართველოში 600 000 მომხრე მყავს და ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე თავისუფლებაზე ვიქნები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Guardian.ge