04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტისთვის $140 მლნ გამოუყო

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების მეხუთე პროექტისთვის 140 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა.

როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ამოცანებია მომხმარებელთა ხარჯების შემცირება პროექტით განახლებული გზის მონაკვეთის დერეფნის გასწვრივ. ასევე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდა.

პროექტი ხელს შეუწყობს საგზაო ქსელის მართვას და უზრუნველყოფს შესაბამისი გარემოს შექმნას ლოგისტიკური სერვისების გასაუმჯობესებლად. პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან გზის მომხმარებლები, რომლებიც სარგებელს მიიღებენ გზის განახლებით და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებით. კერძოდ, მაღალი ხარისხით და მომსახურების დონით, გადატვირთულობის შემცირებით, ურბანული დასახლებების სახიფათო კვეთის თავიდან აცილებით, ხაშურის შემოვლითი გზისა და ახალი სეგმენტების გაჩენის საშუალებით, და ტრანსპორტის ღირებულების კლების გამო მირებული დანაზოგებით.

“აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულება მთავრობის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველოს გარდასაქმნელად რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად. პროექტი უშუალო წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში სატრანსპორტო ხარჯების შემცირებით. დააკავშირებს რეგიონებს თბილისთან, როგორც დასაქმებისა და სასოფლო-სამეურნეო თუ კომერციული პროდუქციის რეალიზაციის ადგილთან. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, აგრეთვე, შეამცირებს უდიდეს ეკონომიკურ დანაკარგებს, რომლებიც დაკავშირებულია საგზაო შემთხვევებთან. პროექტის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი თბილისიდან ბათუმამდე, ფოთის გავლით, უშუალოდ იქნება ხელმისაწვდომი 2.2. მილიონზე მეტი ადამიანისთვის, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტია“, აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა.

“ეს პროექტი ხელს შეუწყობს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულებას საქართველოში. უზრუნველყოფილი იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან და ამაღლდება მომსახურების დონე გონივრული სატრანსპორტო სისტემის (Intelligent Transport System) ძირითადი ღონისძიებების განხორციელებით,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის უფროსმა სპეციალისტმა ტრანსპორტის სფეროში და პროექტის ხელმძღვანელმა მუსტაფა ბენმაამარმა.

პროექტი გააძლიერებს გზების დეპარტამენტის გონივრული სატრანსპორტო სისტემის განყოფილებას ტრანსპორტის მოძრაობის და საგზაო პირობების მონიტორინგის თვალსაზრისით.

უზრუნველჰყოფს ინფორმაციის მიწოდებას გზის მომხმარებლებისთვის რეალურ დროში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დერეფანში უსაფრთხო მგზავრობისთვის. ეს პროექტი შესაბამისობაშია ქვეყანასთან პარტნიორობის 2014-2017 წწ მიმდინარე სტრატეგიით განსაზღვრულ ძირითად მიმართულებებთან. აღნიშნული სტრატეგია განსაზღვრავს ორ მთავარ თემას, ესენია: სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაძლიერება ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის მიზნით; და კერძო სექტორის გაძლიერება სამუშაო ადგილების შესაქმნელად კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზით.

პროექტი წვლილს შეიტანს ორივე სტრატეგიული მიმართულების განხორციელებაში გზების დეპარტამენტის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაძლებლობების და ანგარიშვალდებულების გაძლიერებით. ეს შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მართვას, ტექნიკურ მომსახურებას, და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით ტრანზიტისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტის დასრულება ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსის ამაღლებას. ამდენად, დაეხმარება საქართველოს მიზნის მიღწევაში გახდეს რეგიონის სატრანსპორტო „ჰაბი“, ანუ ცენტრი. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დერეფანი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. მის დასრულებას შედეგად მოჰყვება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაახლოებით 3 პროცენტით. ეს, ასევე, დადებით გავლენას იქონიებს ყველა ოჯახის, მათ შორის, ქვედა ორ უღარიბეს ნაწილში (quintile) შემავალი ოჯახების შემოსავალზე.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებამ საქართველოში 1992 წლის შემდეგ დაახლოებით 2.39 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი 10 პროექტისგან შედგება, რომელიც ფინანსდება განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებით. მათი საერთო მოცულობა 670 მილიონი აშშ დოლარია.