01/05/2024
Latest:
ეკონომიკა

მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ეკონომიკასთან თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში – კონკრეტული ინიციატივები და შედეგები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ დალიანში, რომელმაც 9-13 სექტემბერს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. 9 სექტემბერს გამართულ სესიაზე “თანამედროვე აბრეშუმის გზა” სიტყვით გამოსვლისას, ღარიბაშვილმა საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის და “აბრეშუმის გზის” პროექტის შესახებ ისაუბრა, რაც ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ ტვირთების ტრანსპორტირებას გულისხმობს.

“თუ რუკაზე საქართველოს ადგილმდებარეობას დახედავთ, დაინახავთ, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინია და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი ევროკავშირთან დაახლოებაა და ასოცირების შესახებ შეთანხმებაც ამის დასტურია, ეს არ გვზღუდავს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები გვქონდეს როგორც აზიის ქვეყნებთან, ისე რუსეთთან”

 – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 სექტემბერს ჩინეთში, დალიანის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე “თანამედროვე აბრეშუმის გზა”, სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ჩინეთი უკვე საქართველოს ოთხ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და, შესაბამისად, ამ ქვეყანასთან ურთიერთობების განმტკიცება საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია.

“პირველი საპილოტე მატარებელი ჩინეთიდან საქართველოში ცხრა დღეში ჩამოვიდა, – ეს რამდენიმე თვის წინ იყო, – რამაც გვაჩვენა, რომ ეს გზა ამცირებს დისტანციას 7 000 კილომეტრით, ტრანსპორტირებისათვის იხარჯება ნაკლები დრო, ნაკლები ფული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქართველო იქნება ევროპისაკენ მიმავალი ძალიან მიმზიდველი და, რაც მთავარია, უმოკლესი გზა ჩინეთისათვის”

– ამბობს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მნიშვნელობაზეც, ნავსადგურისა, რომლის ტვირთბრუნვა წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება; ისაუბრა პროექტზე, რომლითაც უკვე დაინტერესებულნი არიან უდიდესი ჩინური კომპანიები.

“ჩინეთს და საქართველოს გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ეკონომიკაზე გადის”

– ეს განცხადება ღარიბაშვილმა ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დეპარტამენტის მინისტრს, ვანგ ძიარუისთან შეხვედრისას გააკეთა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების, რომელიც უფრო დინამიური გახდა ბოლო ორი წლის მანძილზე. “მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა, ჩინეთს და საქართველოს გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ეკონომიკაზე გადის”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების, მშვიდობის ადგილი ევროპისა და აზიისათვის.

მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი ოფიციალურ საუზმეზეც გაგრძელდა, რომელიც ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრმა ვანგ ძიარუიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გამართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით კი, ჩინეთი მზადაა ინვესტირებისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროშიც. როგორც ცნობილი გახდა, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის (“ZHUHAI DA HENG QIN COMPANY LIMITED”) ხელმძღვანელებსაც შეხვდა. ამ კომპანიამ, შესაძლოა, საქართველოში ახალი საგზაო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყოს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება. ცნობილია, რომ პროექტზე იმუშავებს ჩინეთის განვითარების ბანკიც, რომელიც აფინანსებს ჩინეთის ინფრასტრუქტურული მშენებლობების უდიდეს ნაწილს. სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი თბილისს ორ კვირაში ეწვევა.

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება და მემორანდუმი გაფორმდა. მათ შორისაა: დალიანის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნისა და საქართველოს “ვაგონმშენებლის” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ასევე დალიანის პორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის და ქართული ღვინის კორპორაციის ურთიერთთანამშრომლობისა და შპს საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციას შორის მემორანდუმები.

ცნობილია ისიც, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია “მიცუბიშის” სამუშაო ჯგუფი ეწვევა. როგორც ცნობილია, ამ კომპანიას მსოფლიოს 90 ქვეყანაში 68 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

როგორც დელეგაციის წევრმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობის დასტურია უკვე დაწყებული არაერთი ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტიც.

“ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, შეეხება ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებს, ტურიზმსა და ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულებებს”

– ამბობს კვირიკაშვილი.

ქართული დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით, გავლენიანმა ჩინურმა გამოცემა “სინხუა”-მა გიორგი კვირიკაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა. “ვფიქრობ, საქართველო ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდება”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ვიცე-პრემიერის თქმით, “საქართველო ჩინეთისთვის რეგიონში ყველაზე მომხიბლავი ქვეყანაა ინვესტიციების, წარმოების, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის”.

მინისტრი მიესალმა მარტში, ჩინეთსა და საქართველოს შორის “ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყელის” მშენებლობის პროექტში საქართველოს თანამშრომლობის თაობაზე ხელმოწერილ შეთანხმებას და დასძინა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა არის არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისი, არამედ პერსპექტივა რეგიონისა და მთლიანად ევრაზიული კონტინენტისთვის.

 “პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო მარშუტების მოდერნიზაცია და საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება, ქართული ბიზნესი დაინტერესებულია ამ შეთანხმებითა და პოტენციური თანამშრომლობით. საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი დერეფანია, რის გამოც საუკეთესოდ გამოდგება ჩინური კომპანიებისთვის სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკის ცენტრად”

– განაცხადა მინისტრმა.

ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის – ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველო გეგმავს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დერეფნის მრავალმხრივი მართვის საბჭოს ჩამოყალიბებას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალური სატრანსპორტო მარშუტის ეფექტურად მართვას.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში შენდება რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს. ეს გზა პეკინიდან მომავალ სატვირთო მატარებლებს საშუალებას მისცემს ევროპაში დაახლოებით 20 დღეში ჩავიდნენ – რაც ფულისა და დროის დიდ რესურსს დაზოგავს.

“თბილისი – აბრეშუმის გზის ფორუმი”, რომელსაც საქართველო ოქტომბერში უმასპინძლებს, ხელს შეუწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებას და რეგიონალური თანამშრომლობას განვითარებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნებმა დაასრულეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

“ჩინური კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საწარმო კომპონენტების ჩვენს ქვეყანში ექსპორტირებისათვის, რომელიც შეგროვდება საქართველოში და გაიყიდება ევროპის ქვეყნებში სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე”

– განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან.

მინისტრის თქმით, 2014 წელს ჩინეთი გახდა საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და პირველად ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში ყველაზე დიდი ინვესტორი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. ჩვენ მივესალმებით ჩინელი ინვესტორების მონაწილეობას შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობაში, ისევე როგორც სხვა სექტორებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, ტრანსპორტი, საფინანსო და სოფლის მეურნეობის სფეროები – ამბობს ვიცე პრემიერი.

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან აზიური ვექტორის გააქტიურება მისასალმებელი ფაქტია, ამ ურთიერთობებმა უნდა გარკვეულწილად გააქროს მიჯაჭვულობა რუსეთის ბაზართანაც.

 “ჩინეთს აქვს ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალი, ის ეძებს თავისი რესურსების რუსეთში დაბანდების კარგ შესაძლებლობებს და, ამავე დროს, ჩინეთი ჩვენთვის არის საინტერესო როგორც ჩვენი საქონლის გასაღების ბაზარი, პირველ რიგში კი, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მხრივ, რაც ჩინეთის გარკვეული ნაწილისთვის ყოველდღიური კულტურის შემადგენელი ნაწილი ხდება. და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო გადაზიდვები, რაც შეიძლება იყოს საკმაოდ სასარგებლო ჩინეთისათვის, განსაკუთრებით სარკინიგზო მიმოსვლა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გაიხსნება ახალი რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი, მათთვის საინტერესო უნდა იყოს ანაკლიის პორტი და სხვა მოქმედი ნავსადგურებიც”

– ამბობს გულბანი.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შორენა ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს განსაკუთრებით დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების ყველა შესაძლებლობა. მთავარია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ერთი ქვეყანა.

“მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვხედავდეთ მრავალფეროვნებას ამ ეკონომიკურ პოლიტიკაში – როცა პარტნიორებზეა ლაპარაკი, ეს არ იყოს მხოლოდ ჩინეთი ან ევრაზიის რომელიმე სხვა ერთი ქვეყანა. პირველ რიგში, საქართველოს მთავრობა უნდა შეეცადოს დასავლური ინვესტიციების მოზიდვას, ყველაფრის მაქსიმალურად გამარტივებას და გამჭვირვალობას, ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და ჰარმონიზებას, რომ, პირველ რიგში, სწორედ დასავლეთისთვის გახადოს ქვეყანა მიმზიდველი და საინტერესო”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

საქართველოს მთავრობის უმაღლესი დელეგაციეს ჩინეთში ვიზიტის პოზიტიური შედეგები ვიზიტის დასრულებამდე გახდა ცნობილი.

  მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის “მიცუბიშის” (MITSIBISHI) სამუშაო ჯგუფი საქართველოს ეწვევა – გადაწყვეტილება ჩინეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მიიღო კორპორაციის ხელმძღვანელმა იორიჰიკო კოჯიმამ.

ასევე ირკვევა, რომ საქართველოში შესაძლოა, ახალი საგზაო მაგისტრალის პროექტი დაიწყოს ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ “ZHUHAI DA  HENG QIN COMPANY LIMITED”-მა, რომლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა პეკინის ოლიმპიური სტადიონი. საქართველოში დაგეგმილი საგზაო მაგისტრალის პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება.

ჩინური კომპანიის ხელმძღვანელების და საქართველოს დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა, რომ პროექტზე იმუშავებენ მსოფლიო ათეულში მყოფი სამშენებლო კომპანია და ჩინეთის განვითარების ბანკი, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურული მშენებლობების უდიდეს ნაწილს აფინანსებს.

გიორგი კაპანაძე

[wpolling id=”5″ width=”” height=””]