10/05/2024
Latest:
საზოგადოება

მთავარია, „ თელასი “ იყოს კარგად…

ხვალ,  3 სექტემბერს სემეკის გადაწყვეტილებით თბილისში დენის სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება. მარეგულირებელი კომისია ტარიფის ზრდას ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესით ხსნის და თელასს გაზრდილ ტარიფს სასწრაფო წესით დაუმტკიცებს.  ეს ასე მოხდება.

იმაში, რომ დენის ელექტროენერგიის ტარიფი დედაქალაქში ამ მოტივით უნდა გაიზარდოს, არის ლოგიკა, რამდენადაც თელასი დენს ვალუტაზე ყიდულობს, ვალუტა კი გაძვირდა.  თუმცა თელასისთვის  ახალი ტარიფის სასწრაფო წესით გაზრდის პროცესში ორი ძალიან საინტერესო გარემოება გამოიკვეთა, რაც სამართლიანად აჩენს კითხვებს.

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თელასის საინვესტიციო ვალდებულებები, რომელიც კომპანიამ, თავის დროზე, პრივატიზაციისას აიღო თავზე. 2008 წელს, როცა საინვესტიციო ვალდებულებების პირველი ეტაპი დასრულდა, ტარიფი უნდა გაიაფებულიყო კიდეც, მაგრამ ამის ნაცვლად პრემიერმა ნოღაიდელმა თელასს ტარიფი უცვლელი დაუტოვა და ამის მიზეზი ის იყო, რომ სანაცვლოდ თელასს 2015 წლის ბოლომდე  მთელი რიგი ახალი საინვესტიციო ვალდებულებები უნდა შეესრულებეინა. კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მხარეები საიდუმლო მემორანდუმებით ურტიერთობდნენ. დღემდე კაცმა არ იცის,  რაზეა საუბარი კონკრეტულად, შეასრულა თუ არა თელასმა ეს ვალდებულებები, ან დროულად შეასრულა თუ არა. არც თელასს  უყვარს ამ თემებზე საუბარი და არც არცერთი პერიოდის ენერგეტიკის მესვეურებს. ინფორმაცია უბრალოდ დამალულია.

ფაქტია, კომპანიას თავად არ აქვს ანგარიში ჩაბარებული საზოგადოებისთვის, თუ  რამდენად კეთილსინდისიერი ინვესტორია, და შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, დღემდე არსებული ტარიფი სამართლიანი იყო თუ არა და უბრალოდ გვპარავდა თუ არა ფულს თელასი, რა თქმა უნდა მთელი რიგი კლანების და ჩინოვნიკების თანხმობით და ხელშეწყობით. ამ მოცემულობაში, თელასი, გამიძვირდა ბიზნეს – პროცესიო და ისევ მოსახლეობის ხარჯზე აპირებს საკუთარი ბიზნეს–მადის დაოკებას.

მეორე, რაც არანაკლებ საინტერესოა, არის მარეგულირებელი კომისიის ახალი წევრების შერჩევის გაჯანჯლებული პროცესი. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაახლოებით 3 თვის წინ, 25 მაისს დაიწყო კომისიის წევრების კანდიდატების შერჩევა და მაშინვე პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის მხრიდან საჯაროდ გაცხადდა ის, რომ 1 თვის თავზე სემეკს ახალი წევრები უნდა ჰყოლოდა. თუმცა დღესაც მარეგულირებელი კომისია წარმოდგენილია იმ გუნდით, რომელსაც ნოტარიუსის სახე აქვს მიღებული და ყველა გადაწყვეტილებას, საოცარი სისწრეფით, საკითხის ძირეული და საფუძვლიანი შესწავლის გარეშე იღებს. მაგალითად, ენერგოპროს შემთხვევაში, მას ტარიფი მოთხოვნიდან 60 დღეში გაუზარდა, თელასის შემთხვევაში კი ამას სულაც 40 დღეში ახერხებს, როცა წინა პრაქტიკა გვეუბნება, რომ ყველაზე სწრაფი გადაწყვეტილება სემეკისა 150 დღეშია მიღებული.

რა თქმა უნდა, საუბარი შეთქმულების თეორიებზე და ქვეყნის და დედაქალაქის მოსახლეობის, ობიექტური ინტერესების ხარჯზე, ლობისტების ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებაზე, სასაცილოდ შეიძლება მოეჩვენოს ბევრს, მაგრამ ფაქტია,  –  ტარიფების ფორსირებულ რეჟიმში ზრდა მართლაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ სემეკის ახალი წევრების შერჩევა შეგნებულად ჭიანურდება იმ მიზნით, რათა კომისიაში არ გაჩნდეს „ხელის შემშლელი“ წევრი, ან მით უფრო წევრები, რომლებიც თუნდაც  თელასის ტარიფების კორექტირების პროცესის გულდასმით შესწავლას დაიწყებდნენ.

For.ge