,,მთავრობის მოვალეობაა მეწარმეებს გაუხსნას საექსპორტო ბაზრები”
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. დიმიტრი ქუმსიშვილი გლობალურ ინფრასტრუქტურულ ფორუმში იღებდა მონაწილეობას, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა ანაკლიის პორტი იყო.
ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “ამერიკის ხმასთან” ვიზიტი შეაჯამა. მან ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და საუკეთესო ინფრასტრუქტურული პროექტის ჯილდოზე ისაუბრა, რომელიც ამ პროექტს ვაშინგტონში გადაეცა.
,,2014 წელს ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელშიც 12-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ვარჩევდით საუკეთესო კომპანიას. საბოლოო ჯამში, გამარჯვებულად გამოვაცხადეთ ქართულ-ამერიკული კონსერციუმი, რომელშიც შედით `თი-ბი-სი ჰოლდინგი”, ხოლო ამერიკული მხრიდან შეირჩა `კონტი ჯგუფი”. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული კონსორციუმი გაართმევს თავს ამ პროექტს. პროექტის ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია, ხოლო პირველი ფაზის ღირებულება 600 მილიონ დოლარამდეა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა სამომავლოდ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. დაგეგმილ პროექტებს შორისაა მცხეთა-ლარსის, ქუთაისი-მესტიისა და ქუთაისი-აბასთუმნის გზების მშენებლობა. ქუმსიშვილის განცხადებით, ახალი გზები ბევრად გააიოლებს გადაადგილებას და რეგიონებში ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მინისტრმა ცალკე გამოყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 3.1 მილიარდი დოლარია და მისი დასრულება 2020 წელს არის დაანონსებული. ასევე, აღნიშნა ბაქო-თბილისი-მარაბდა-კარწახის სარკინიგზო პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 775 მილიონია. პროექტის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია და ჯერი თურქულ მხარეზეა.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის მინისტრმა გამოყო რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. რომელიც 290 მილიონი შვეიცარული ფრანკის ღირებულების პროექტია და აქედან 90 მილიონი ფრანკი უკვე ინვესტირებულია.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ეს ინდექსი ყოველწლიურად იზრდება და საქართველოს პოზიციაც უმჯობესდება, თუმცა საქართველო ჯერ კიდევ ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.
საქართველოს მთავრობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას ყველაზე მეტად ეკონომიკის ტრადიციულ სექტორში, ტურიზმში ელოდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდია. ამ სექტორში დასაქმებული მოქალაქეების რიცხვი 180,000 აჭარბებს და ქვეყნის შემოსავალი 1.8 მილიარდ დოლარს აღწევს. მინისტრის თქმით, ბოლო ორ წელიწადში საქართველოში დიდი და მცირე ზომის 70-ზე მეტი სასტუმრო გაიხსნა და მოსალოდნელია, რომ ამ მიმართულებით ინვესტიციების შემოდინება გაგრძელდება.
ქუმსიშვილმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე.
,,მთავრობის მოვალეობაა მეწარმეებს გაუხსნას საექსპორტო ბაზრები. ამ მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ ევროკაშირთან ხელი მოეწერა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 1 სექტემბერს. ამან შესაძლებლობა მოგვცა 500 მილიონიან, ევროპის ყველაზე გადახდისუნარიან ბაზარზე წვდომა გვქონოდა. თუმცა, ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით. შემდეგი მიმართულება ჩინეთია. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გავხსენით 23 თებერვალს და აუცილებლად დავასრულებთ წლის ბოლომდე. რის შემდეგაც ჩვენ გვექნება 1,3 მილიარდის დამატებით მომხმარებელზე წვდომის შესაძლებლობა. ჯამურად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გვექნება გაფორმებული 2,3 მილიარდიან ბაზარზე წვდომა. შესაბამისად, არის რეალური შესაძლებლობა ქვეყანაში მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შევქმნათ სამუშაო ადგილები. იმისათვის, რომ განვავითაროთ ე.წ. გაყიდვადი საქონელი საჭიროა ბაზრები. ბაზრები, როგორც მოგახსენეთ, არის გახსნილი ევროპის მიმართულებით და გაიხსნება ჩინეთის მიმართულებითაც.
შემდეგ დიდი სამუშაო იქნება იმისთვის, რომ მოვიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ინვესტორებმა ისარგებლონ ამ დიდი სიკეთით, რაც მთავრობამ შექმნა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ქვეყანაშია და მნიშვნელოვანია ბიზნეს გარემო, რომელიც ქვეყანაშია. ბიზნეს გარემოსა და საკანონმდებლო გარემოს მიმართულებითაც ჩვენ საკმაოდ ბევრი კარგი და დადებითი ნაბიჯი გადავდგით, გავატარეთ არაერთი რეფორმა, რაც აუცილებლად კიდევ უფრო მეტად დადებითად აისახება ჩვენს ბიზნეს გარემოზე. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პრემიერ მინისტრის მიერ დაანონსებულ 4 პუნქტიან განვითარების გეგმაში ერთ-ერთი იყო გაერთიანებული სერვისების შეთავაზება ჩვენი ბიზნესისთვის, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორებისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით რითაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ და ასევე დაწყებითი ბიზნესის რეკლამა, რომლის მონახაზი უკვე გატანილი იყო ეკონომიკურ საბჭოზე. ეს არის ის კოლეგიალური ორგანო, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს და უახლოეს მომავალში წარვადგენთ სრულმაშტაბიან გეგმას იმაზე თუ როდის და როგორ დაიწყება დაწყებითი ბიზნესის ფონდი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ბაჩანა ჯინჭარაძე