17/05/2024
Latest:
საზოგადოება

„ნაციონალების და რუსეთის სპეცსამსახურების პინგ-პონგის თამაში გრძელდება“

„თავისუფალი დემოკრატები“ აჯდებოდა იმ პროდასავლურ ხმებს, რომლის იმედიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“

„ის რომ, ნაციონალების და რუსეთის სპეცსამსახურების პინგ-პონგის თამაში გრძელდება, ეს კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა კარასინის მოულოდნელი განცხადებით“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას პოლიტიკური კონსულტანტი, ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, შეიძლება თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდეს პროდასავლური ძალების დისკრედიტაციას საიმისოდ, რომ პროდასავლური ძალების დისტანცირება მოახდინოს „ქართული ოცნებისგან“.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

-ვის ინტერესში შედის და რა მიზანი აქვს იმ კონკრეტულ ძალას, ვინც ამ სახის პოლიტიკურ დარტყმას აყენებს, როგორცპოლიტიკურ პარტიას, ასევე სახელმწიფოს?

ვალერიან გორგილაძე: ჩვენ არ ვიცით, რა მიზნები შეიძლება ჰქონდეთ. პირველი, რაც შეიძლება იყოს, არის შურისძიება, დისკრედიტაცია, მორალური განადგურება და ზიანის მიყენება  პოლიტიკური პარტიისთვის. ასევე – მუქარა სხვების მიმართ და როგორც ირკვევა ე.წ. კომპრომატები არსებობს არა მარტო პოლიტიკოსების, არამედ ჟურნალისტების და ექსპერტების წინააღმდეგ. ამდენად, რთული სათქმელია რა მიზანი აქვს ავტორს.

ნამდვილად, უმძიმესი დარტყმაა და ეს დესტრუქცია აშკარად ანგრევს მორალურ კლიმატს საზოგადოებაში – ერთი მხრივ, კიდევ უფრო ზრდის უნდობლობას პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მიმართ, მეორე მხრივ, ყველა დაუცველად გრძნობს თავს და მესამე – მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქილიკობს კიდეც. ჰგონიათ, რომ მათ არ ეხებათ და მხოლოდ თანამდებობის პირებს უკავშირდება ეს თემა. ზოგი მორალისტური გამოსვლის უფლებასაც აძლევს საკუთარ თავს და კიცხავს მსხვერპლს.

-ახლოვდება წინასაარჩევნო პროცესი და პოლიტიკური ფონიც იძაბება ქვეყანაში, ფიქრობთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველიკადრების გავრცელება შეიძლება დესტაბილიზაციის ერთერთი ფაქტორიც იყოს?

– რისკები არჩევნების მოახლოვებასთან ერთად იზრდება. ამას უნდა დავუმატოთ ის, რაზეც ვსაუბრობთ უკვე დიდი ხანია – მოსახლეობის ძირითად ნაწილში პოლიტიკური ელიტის მიმართ არის სკეფტიციზმი და ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილი არ ენდობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ამის ფონზე, არეულობის მოწყობა ძალიან მარტივი და ადვილია. ამ არეულობაში დაინტერესებულია როგორც შიდა სუბიექტები, ასევე გარე ძალები.

-გარე ძალებში რუსეთს გულისხმობთ?

არა მხოლოდ რუსეთზეა საუბარი. საქართველო ძალიან ბევრი ქვეყნისთვის წარმოადგენს ინტერესის სფეროს. ეს თანაბრად ეხება ჩრდილოეთს, სამხრეთს, აღმოსავლეთს და დასავლეთს. ნუ გავამარტივებთ ისე, რომ მხოლოდ ეს ერთი ძალა არის დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე პროცესებით.

-გასაგებია, მაგრამ რატომთავისუფალი დემოკრატები“? მით უმეტეს, რომ დაანონსდა ირაკლი ალასანიას წინააღმდეგკომპრომატების გამოქვეყნება. აქვე, თუ გავიხსენებთ თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს გოგითოფაძის მხიდან, რომ თუკი არ გაჩუმდება რაღაც მასალები დაიდება, ცხადი ხდება, რომ ერთგვარი ჯაჭვი იკვრება დაორგანიზებული დარტყმა მიმდინარეობს პროდასავლური ძალების წინააღმდეგ

თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ ნეტავ, პრორუსული ძალები სექსით არ არიან დაკავებულნი? რა გარანტიაა, რომ ამ ძალების წინააღმდეგ არ არის კომპრომატები? მით უმეტეს ყველამ ვიცით, რომ ეს ჩანაწერები გაკეთებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ალბათ, კომპრომატი არის ყველა სხვადასხვა პოლიტიკური იდიოლოგიის მატარებელ პოლიტიკოსზე. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, რომ პროდასავლური ძალების მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება, რაც მაეჭვებს, როდესაც ნაცმოძრაობა იწყებს რაღაცა თეზისის ტრანსილირებას, უმალვე გამოეხმაურება რომელიმე რუსი პოლიტიკოსი და თითქოსდა ადასტურებს ნაციონალების თეზისს.

-შეიძლება ვთქვათ, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი არასებობს ნაციონალებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის?

– არ ვიცი მიზეზშედეგობრივი კავშირი როგორია. იმდენად გამჭრიახია „ნაციონალური მოძრაობა“, რომ წინასწარ შიფრავს რუსეთის ზრახვებსა და მოტივებს, რომ სათავისოდ გამოიყენოს? ფაქტია, რომ გარკვეული შეფასების შემდეგ, მეორე-მესამე დღეს გამოვა რომელიმე რუსი ჩინოვნიკი, ამ შემთხვევაში კარასინი და წერტილოვან დარტყმას ახორციელბს და ამით ადასტურებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ თეორიას პროდასავლური ძალების საფრთხეებთან დაკავშირებით.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთი მხრივ, პროდასავლური ძალების მხრიდან არის გაუთავებელი რიტორიკა, რომ პრორუსული პროპაგანდა იზრდება ქვეყანაში. კარასინი პირქით ამბობს, რომ იზრდება ანტირუსული რიტორიკა. კომპლექსში, ეს ყველაფერი არის დესტაბილიზაციის საფრთხე. თუკი საარჩევნო კამპანიის სცენარი წავა იდიოლოგიური და საგარეო ორიენტაციების ძალების დაპირისპირებით, ამან შიძლება ძალიან სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.

-როგორც მოვლენები აჩვენებს, საგარეო ორიენტაცია იქნება პოლიტიკურ ძლებს შორის დაპირისპირების მთავარი ფაქტორი.ზოგადად, რამდენად სწორია აქცენტის გადატანა საგარეო ორიენტაციაზე, როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია?

– ვფიქრობ – არასწორია და არც ერთ ქვეყანაში არ დგას ასე საკითხი. ძირითადი საკითხები და განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარება, ადამიანის უფლებების დაცვა. ძირითადი კონსენსუსი უნდა შედგეს იმასთან დაკავშირებით – რა ქვეყანა გვინდა, რა ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და არა ის, სად მივდივართ. ჩვენ, ჯერ საქმით, შიგნით უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს სად მივდივართ. გაუთავებელი ძახილი, რომ ევროპაში მივდივართ, ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ შენი ქმედებებით, რეალური საქმიანობით და მუშაობით მიუახლოვდე იმ სტანდარტებს, რაც ევროპაშია, როგორც განათლებაში, ასევე ეკონომიკაში და ჯანდაცვაში.

-კადრების საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ვერ ვიტყვით, რომ ჩანაწერები ვრცელდება ხელისუფლებასთან დაპირისპირებულიკონკრეტული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რადგან გავრცელდა უმრავლესობის ერთერთი წევრის პირადი ცხოვრებისამსახველი კადრიც. თქვენ მიანიშნეთ, რომ იკვეთებანაციონალური მოძრაობისდა რუსული სპეცსამსახურების ინტერესი. რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?

აქ უამრავი ვერსიის გამოთქმა შეიძლება, მაგრამ ყველაფერი იქნება ვერსია და სპეკულაცია. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი მაღალჩინოსანი თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან ეს ყველას გაგვიგია; ის, რომ ამ მასალების გამოყენება შეუძლია რუსულ სპეცსამსახურებს, ესეც აშკარაა და აბსოლუტურად დასაშვებია; ის, რომ ნაციონალების და რუსეთის სპეცსამსახურების პინგ-პონგის თამაში გრძელდება, ეს კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა კარასინის მოულოდნელი განცხადებით. მეტ-ნაკლებად ნორმალიზდება სიტუაცია რუსეთთან და ნაცვლად იმისა, რომ მოირგონ ეს ვითარება, პირიქით ამძაფრებენ. კარასინის განცხადება იყო თავხედობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ისევ განახლდა საზღვრის გადმოწევა და ქართული ტერიტორიების ათვისება, აი, ეს ყველაზე მეტად მაშინებს.

-რამდენად იზიარებთ ვერსიას, რომ ერთადერთი ძალა, რომელიცნაციონალური მოძრაობისელექტორატს მიითვისებს, ეს არისთავისუფალი დემოკრატებიდა სწორედ ამ მოტივით დაიწყო პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაცია თავადნაციონალურმა მოძრაობამ“?

– კი ბატონო, ამაში არის ლოგიკა. ბუნებრივია „თავისუფალი დემოკრატები“ აჯდებოდა იმ პროდასავლურ ხმებს, რომლის იმედიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ ართმევდნენ მნიშვნელოვან სეგმენტს. ნაცმოძრაობა ცნობილია როგორც პოლიტიკური სექტის ელექტორალური თვისებების მატარებელი, რომელიც ძალიან ძნელად გასცემს თავის ხმებს სხვა პოლიტიკურ პარტიებზე და ძნელად ითვისებს სხვა პოლიტიკური პარტიების ელექტორატს.

ეს ბირთვი მეტ-ნაკლებად მდგრადია და მას ვერ დაემუქრება საფრთხე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან. ამ თვალსაზრისით, ბევრად უფრო დიდი საფრთხეს შეიძლება „გირჩი“ წარმოადგენდეს და არა „თავისუფალი დემოკრატები“. სასაცილოა, რასაც ახლა ბოკერია აცხადებს. რა თქმა უნდა, მათ დროს მზადდებოდა ეს ჩანაწერები და რომ არ ქვეყნდებოდა, ესეც ლოგიკურია. კომპრომატების ხიბლი და ძალა არის დაშინებაში, ანუ იმის დემონსტრირებაში, რომ საჭირო მომენტში შემიძლია გამოვაქვეყნო.

ცინიკურია მათი განცხადება, თურმე არ აქვეყნებდნენ, მაგრამ ყველა საძინებელში კამერებს რომ უყენებდნენ ადამიანებს, ეს არგუმენტი არაა?! ბუნებრივია, შეიძლება თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდეს პროდასავლური ძალების დისკრედიტაციას საიმისოდ, რომ ამ პროდასავლური ძალების დისტანცირება მოახდინოს „ოცნებისგან“ და უკვე ამ თვალსაზრისით „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი კოალიცია შექმნან პროდასავლურ ძალებთან.

-გასაგებია, მაგრამ ამ კადრებმა არ დააზიანა პროდასავლური ძალების რეპუტაცია?

– შეიძლება ეფექტიც იყოს იმიტომ, რომ, როდესაც შენ უკვე, მორალურად ანადგურებ ადამიანს, ეს ნორმალურ ადამიანში სოლიდარობისა და შეცოდების განწყობას აღვიძებს. რომელი იმძლავრებს კონკრეტული მომენტისთვის, ამას ვერავინ ვერ გათვლის, იმის გარდა, ვინც აქვეყნებს ამ კომპრომატებს. ამდენად, შეიძლება ეს გათვლები პოლიტიკურ ელექტორალურ სტრატეგიას ისახავს მიზნად და ამით შეეცდება ხმების მანიპულაციას. ამის გათვლა და პროგნოზირება ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა. ფაქტია, რომ ეს უზარმაზარი დარატყმაა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

-ელოდებით კომპრომატების ომის გაგრძელებას?

– სამწუხაროდ, ველოდები. ნებისმიერ შემთხვევაში ვისი ინსპირირებულიც არ უნდა იყოს ჩანაწერები, ეს ჩვენი სახელმწიფოს ბრალია, რადგან თავის დროზე არ დაისაჯა ყველა, მით უმეტეს, რომ ცნობილია ვინ აწარმოებდა ამ ჩანაწერებს. სასჯელი უნდა იყოს სასტიკი, ყველას უნდა სცოდნოდა ამ ადამიანების სახელი და გვარი. აი, ეს უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს. რაც მთავარია, აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრება, არანაირ პირობითზე არ უნდა იყოს საუბარი.

გასაგებია რატომაც დაუტოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. კასეტები კასრებში ხელისუფლებას. საჭიროების შემთხვევაში გადაბრალება იქნებოდა ძალიან ადვილი. ახლა ნაციონალები ამბობენ, რომ ხელისუფლებას აქვს ეს კადრები და თვითონ აქვეყნებსო. საქართველოში აღარ ჭრის უკვე ასეთი პროცესები. ლოგიკურად, ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს ამ პროცესების წამოწყება და ინსპირირება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყანას და არა მხოლოდ მთავრობას.

წყარო: for.ge