04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ოთარ დანელიამ 2015 წლის რთველის შედეგები შეაჯამა

ბრიფინგზე მინისტრმა ციტრუსის სეზონის დაწყებაზეც ისაუბრა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,რთველი 2015“-ის შედეგები შეაჯამა და ციტრუსების სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, კახეთსა და რაჭაში რთველი ორგანიზებულად ჩატარდა. დღეის მონაცემებით, გადამუშავებულია 143167 ტონა ყურძენი, ხოლო ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავალმა 102 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. დანელიას ინფორმაციით, ღვინის საწარმოებში ყურძენი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

,,პრაქტიკულად, ეს გახლავთ ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების ისტორიული მაქსიმუმი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ წელს ალბათ კიდევ უფრო გაზრდილი ციფრი გვექნება, ვინაიდან ტენდენციურად მზარდია დარგი და ყველაფერ ამას თან ახლავს ის, რომ უფრო ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ვითარდება დარგი“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ბრიფინგზე მინისტრმა ციტრუსის სეზონის დაწყებაზეც ისაუბრა. სამინისტრო მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას იწყებს, პროგრამის ბიუჯეტი კი ორი მილიონი ლარია.

,,სუბსიდირება გახლავთ 10 თეთრი სახელმწიფოს მხრიდან და დაემატება სულ მცირე 10 თეთრი მეწარმის მხრიდან ე.წ. არასტანდარტულზე, ანუ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ ციტრუსსზე და დაახლოებით 2000 ტონის ფარგლებში იქნება. საერთო ჯამში 100 დან 120 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ველოდებით“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ქართული ციტრუსი ექსპორტზე უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გავა.