,,პოზიტიური მოლოდინები, ლარის სტაბილურობა, თანმიმდევრული პოლიტიკა ეკონომიკაში დადებითად აისახა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე”
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე “ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას 2016 წლის პირველი კვრატლის მონაცემებს აფასებს.
ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი:
“მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გარკვეული გაუმჯობესება რიგი მიმართულებით მართლაც გვაქვს. პირველ რიგში აღსანიშნავია ინვესტიციების ზრდა. საკმაოდ ნორმალური მაჩვენებლები გვაქვს დასაქმების თვალსაზრისით, რაც ძირითადად გამოწვეული ეკონომიკური აქტივობის ზრდით. პრინციპში 2016 წლის პირველი 4 თვის მაჩვენებლები, კერძო სექტორს ვგულისხმობ, როგორც საწარმოო ბრუნვის თვალსაზრისით, ისე კერძო სექტორის მიერ გამოშვების თვალსაზრისითაც გაზრდილია.
სახეზეა საკმაოდ პოზიტიური ტრენდი. პირველ რიგში ეს გამოწვეულია იმით, რომ ის რისკები რა რისკებიც რაც საქართველოს ჰქონდა, ის გამოწვევები რაც რეგიონში გარკვეული კრიზისული მდგომარეობით იყო განპირობებული, პრინციპში მინელებულია. ამან საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში გაიზარდა სავალუტო შემოდინებები და ფინანსური სტაბილურობის კუთხითაც უკეთესი მდგომარეობაა. ეს ყველაფერი ბუნებრივად აჩენს გარკვეულ დადებით მოლოდინებს. სტაბილურობის კომპონენტი ყოველთვის არის ეკონომიკის სტიმულირების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის წინაპირობა და ფუნქცია. პოზიტიური მოლოდინები, ლარის სტაბილურობა, მეტ-ნაკლებად თანმიმდევრული პოლიტიკა ეკონომიკაში საბოლოო ჯამში დადებითად აისახა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.
რეგიონშიც, წინა პერიოდთან შედარებით, რისკები შემცირებულია და ამანაც დადებითი ასახვა ჰპოვა. ამას ემატება თავად ფინანსური სტაბილურობის კომპონენტის კუთხით ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მე ვთვლი, რომ ეროვნული ბანკი წინა პერიოდთან შედარებით, ფინანსური სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების კუთხით, გაცილებით ეფექტიანად მუშაობს. სებ-ის პოლიტიკა ამჯერად მიმართულია დედოლარიზაციაზე, ლარზე მოთხოვნის უზრუნველყოფის კუთხით და აქედან გამომდინარე ესეც გარკვეული სტიმულია იმისა, რომ ქვეყანაში ერთის მხრივ შეიქმნას ფინანსური სტაბილურობის შედარებით უკეთესი მდგომარეობა და მეორეს მხრივ წახალისდეს ლართან დაკავშირებული ოპერაციები. ეკონომიკური მოლოდინები ეკონომიკურად აქტიურ სუბიექტებს გაცილებით უკეთესი უნდა ჰქონდეთ და ბუნებრივია ეს თავს იჩენს ხოლმე ზოგადად ეკონომიკურ აქტივობაზე, საინვესტიციო საქმიანობაზე. ქვეყნის განვითარება უნდა დაეფუძნოს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ჯერჯერობით ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი ნაბიჯები გადაიდგა” – აცხადებს ლევან კალანდაძე “ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას.