08/05/2024
Latest:
ეკონომიკა

EBRD -ის პრეზიდენტი – საქართველო სამი ძირითადი რესურსის გამოა საინტერესო

საქართველო სამი ძირითადი რესურსის გამოა საინტერესო, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატიმ ”ამერიკის ხმის” უკრაინულ განყოფილებასთან ინტერვიუში განაცხადა.

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოს მდიდარი ჰიდრო რესურსები აქვს. მას არ აქვს ნავთობი, სამაგიეროდ აქვს წყალი, რომელიც რეგიონისთვის სასარგებლო რესურსია. ჰიდრო-ელექტრო ენერგიის ექსპორტი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, თურქეთში. ამ მიმართულებით შესაძლებელია მეტი ინვესტირება“, – აღნიშნა ჩაკრაბატიმ. მისივე თქმით, საქართველო ძლიერი რეფორმატორი ქვეყანაა, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ სანიმუშოდ იბრძოლა და ინსტიტუტები გააძლიერა.

სუმა ჩაკრაბატი მეორე მნიშვნელოვან რესურსად ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას ასახელებს. „საქართველო საინტერესო ეკონომიკაა ჩინეთის ინიციატივისთვის სახელად „ერთი სარტყელი – ერთი გზა“. მდებარეობიდან გამომდინარე მას შეუძლია რეგიონის ერთგვარ ჰაბად იქცეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა EBRD -ის პრეზიდენტმა.

ჩაკრაბატი მესამე იმედისმომცემ ფაქტორად იმ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს მიიჩნევს, რომლებშიც ინვესტირება EBRD-მა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შარშან განაახლა. „ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ინვესტორთა საბჭოს, რათა სწორი მიმართულებით წარიმართოს რეფორმები, რომლებიც საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს და მეტ კერძო ინვესტორს მიიზიდავს“, – განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ეს ინტერვიუ ”ამერიკის ხმის” უკრაინულ განყოფილებას, მისი ვაშინგტონში ვიზიტისას მისცა.