24/02/2024
Latest:
საზოგადოება

პრემიერმა ეკონომსეგმენტის ბრენდის, ”მოქსის” კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზაარბრიუკენის მოედანზე ”მარიოტის” ქსელის უახლესი ეკონომსეგმენტის ბრენდის – ”მოქსის” კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ულამაზეს ადგილზე აშენდება ახალი სასტუმრო.

”ჯი-ემ-თი გრუპის ინიციატივა, რომ აქ აშენდეს ახალი ქვებრენდის ”მოქსის” სასტუმრო, რომელიც გათვლილია საშუალო და დაბალფასიან სეგმენტზე, ვფიქრობ, თბილისს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ტურისტებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია. 25 მილიონ დოლარზე მეტი იქნება ინვესტირებული ახალ სასტუმროში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სასტუმრო იქნება განთავსებული იმ უბანში, სადაც თბილისის მერიასთან ერთად წამოვიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ამ უმშვენიერესი უბნის მთლიან რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად. აქ გაჩნდება ახალი მწვანე სივრცეები, აღდგენილი იქნება მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე არსებული თაღების მთელი ქსელი და ფეხით სასიარულო სივრცეები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი სასტუმროს მშენებლობა კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შეძენს აღნიშნულ უბანს როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

”ახალი სასტუმროს მშენებლობა გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და მეტ შემოსავალს მოუტანს ჩვენ მოქალაქეებს. ძალიან სასიხარულოა, რომ ”ჯი-ემ-თი” ჯგუფი ამ ინვესტიციას ახორციელებს აშშ-ს უცხოეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია ”ოპიკ-თან” ერთად. ”ოპიკის” მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უცხოელი ინვესტორებისთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

”ჯი-ემ-თი” ჯგუფი თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც რიგით მესამე სასტუმროს ააშენებს. ეს არის ”მარიოტის” ქსელის უახლესი ეკონომსეგმენტის ბრენდი ”მოქსი”.

”მოქსი სპეციალურად შეიქმნა საშუალო და დაბალბიუჯეტიანი მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად, რომლის პირველი სასტუმრო გასული წლის სექტემბერში მილანში გაიხსნა. თბილისში დაგეგმილი პროექტი კი, ასევე პირველი იქნება აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით.

პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 130-ნომრიანი სასტუმრო ”მოქსი”, საოფისე ფართი, რომელსაც შენობის გარკვეული ნაწილი დაეთმობა, სავაჭრო სივრცე და ”პური გულიანის” და ქართული რესტორნის ”ჩელას” ფილიალები. პროექტის მშენებლობა ხელს შეუწყობს ამ ისტორიული უბნის შემდგომ განვითარებას და ახალ სიცოცხლეს შესძენს მტკვრის მარცხენა სანაპიროს.
პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ახალი პროექტის დასრულება ”ჯი-ემ-თი” ჯგუფს 2017 წლის ბოლოს აქვს დაგეგმილი.