02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“ქართული ოცნების” ეკონომიკური პროგრამა ცნობილია

 

როგორია მმართველი გუნდის ხედვები და პრიორიტეტები უახლოესი წლებისთვის

გასულ კვირას მმართველმა პარტიამ საარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა. პროგრამაში ძირითადი აქცენტები ოთხი მიმართულებით არის წარმოდგენილი. ესენია, დემოკრატიული პრონციპების გაძლიერება და მისი განვითარება, სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ხედვა,  საგარეო ურთიერთობები, უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, ეკონომიკა. წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ «ქართული ოცნების» მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის მიმოხილვას. მმართველი პარტიის პროგრამაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ მათი ხედვით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს, რომელიც თავის მხრივ, კერძო სექტორის გაძლიერების წინაპირობას წარმოადგენს.

«ქართული ოცნების» პროგრამის მიხედვით, პარტიის ხედვა ეკონომიკური განვითარების ინკლუზიურ განვითარებას გულისხმობს. «მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ისეთი მოდელის დანერგვა, რომლის პირობებში, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მცირდება სიღარიბე და უმუშევრობა მოსახლეობაში. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკურ ეფექტურობასთან ერთად. გარდა ამისა, «ქართული ოცნების» მოამავალი მმართველობა სოციალური უსაფრთხოების და სამართლიანობის პრინციპებით მართვას ითვალისწინებს», – ნათქვამია «ქართული ოცნების» პროგრამაში.

თავისუფალი საგარეო სავაჭრო ურთიერთობები

საქართველო არის ღია ქვეყანა. თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით, ქართულ ეკონომიკაში შეიქმნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ექსპორტის ზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდის კუთხით.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს. შეთანხმების გაფორმება დაგეგმილია 2016 წელს. შედეგად, გაიზრდება ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებულობა.

«ქართული ოცნების» მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მიღებული შესაძლებლობის ეფექტური და სწრაფი გამოყენება.

«ქართული ოცნება» ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენების მიზნით, გააგრძელებს აქტიური პოლიტიკის განხორციელებას: დაეხმარება ბიზნესს ახალ ბაზრებზე შესვლაში. კერძოდ, მოხდება ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯების შემსუბუქება, აგრეთვე ექსპორტთან ასოცირებული რისკების დაზღვევა; განვითარდება ონლაინ პლატფორმა, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდის ქართველ ექსპორტიორებს მათთვის საინტერესო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, ინფორმაციას კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ სასაქონლო კოდზე მოქმედი საიმპორტო ტარიფების, დაწესებული მოთხოვნების, აგრეთვე შესაბამის ქვეყანაში კონკრეტული პროდუქტის წარმოებისა და იმპორტის მოცულობების შესახებ; ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების გაფართოების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება კომერციული ატაშეების ინსტიტუტი; არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით განსაზღვრული შესაძლებლობების მაქსიმალურად ასათვისებლად და ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, გაიზრდება შესაბამისი საწარმოების სახელმწიფო მხარდაჭერა (როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური). ეს განსაკუთრებით შეეხება სოფლის მეურნეობის საწარმოებს; ამავე დროს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული რეგულაციების გადმოღება განხორციელდება ამ შეთანხმებით მკაცრად განსაზღვრულ ვადებში და საქართველოს ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით. ყოველი წლის დასაწყისში მთავრობა დაამტკიცებს და გაასაჯაროებს მისაღები რეგულაციების ნუსხას.

200,000 სამუშაო ადგილი

მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის თანახმად, მათი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა. არასწორი პოლიტიკის გამო, წინა ხელისუფლებამ ქვეყანა 257 ათასი უმუშევრით ჩაიბარა და მმართველობა 305 ათასი უმუშევრით დაასრულა, უმუშევრობის დონე კი 12,6%-დან 15%-მდე გაიზარდა.

«ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აქცენტი წარმოების განვითარებაზე გაკეთდა. მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების ამოქმედებით, გაიხსნა და გაფართოვდა ასობით საწარმო, რაც დასაქმების მაჩვენებელზე დადებითად აისახა. 2012 წლის შემდეგ, დასაქმებულთა რაოდენობა 56 ათასით გაიზარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 15%-დან 12%-მდე შემცირდა. ამასთან, დასაქმების მაჩვენებელი, ძირითადად, კერძო სექტორის ხარჯზე გაიზარდა. თუ 2004-2012 წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 18%-ს სახელმწიფო სექტორი შეადგენდა, 2013 წლიდან ეს მაჩვენებელი 15%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო თვითდასაქმებულების შემცირდა – თვითდასაქმებულები დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში გადადიან.

«ქართული ოცნების» პროგრამის მიხედვით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი:

აღნიშნული 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმას პარტია კონკრეტული რეფორმების და მიდგომების მიხედვით გეგმავს. კერძოდ, პროგრამის თანახმად, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნეს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი; ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად დასაქმდება 40 000 ადამიანი; ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასიური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი; დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი; ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი.

საყოველთაო ჯანდაცვა

პარტია «ქართული ოცნება» არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯანდაცვის კუთხით, ამომრჩეველს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნებას ჰპირდება. მათი წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულია, რომ გაუმჯობესდება საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და პენსიონერებისთვის.

«ქართული ოცნება» გეგმავს, რომ გაზარდოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოცულობა. ასევე, მათივე დაპირებით, გაიზრდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება, მათ შორის ჩ-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა პაციენტს.

პროგრამის თანახმად, მათი გამარჯვების შემთხვევაში, გაგრძელდება აცრების ეროვნული კალენდრით ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამა; საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტურ მეთოდებს, როგორიცაა ადრონული თერაპია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ა.შ.

ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მხრივ, «ქართული ოცნება» აპირებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სტანდარტული პაკეტი დახვეწოს და დამატებითი მომსახურების გაწევის უფლება კერძო სადაზღვევო კომპანიებს დაუტოვოს.

რაც შეეხება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, «ქართული ოცნება» აცხადებს, რომ სისტემურ რეფორმას განახორციელებს. მათი გეგმით, სახელმწიფო შეისყიდის სტრატეგიულ მედიკამენტებს, მეორე მხრივ კი დაინერგება წამლის ხარისხის კონტროლი.

კაპიტალის ბაზრის რეფორმა

ქვეყანაში განვითარებული კაპიტალის ბაზრის არსებობა გულისხმობს, საბანკო დაკრედიტების პარალელურად, კომპანიებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიან შესაძლებლობას. ამით, კაპიტალის ბაზარი ქმნის კონკურენტულ გარემოს არა მხოლოდ დაკრედიტების, არამედ დანაზოგების ეფექტიანად გადანაწილების მიმართულებით. მეტიც, თუ რაიმე მიზეზით საბანკო დაკრედიტება იზღუდება, ობლიგაციების ბაზარი შესაძლოა ასრულებდეს დამბალანსებლის როლს. კაპიტალის ბაზრის ფუნქცია არა მხოლოდ ბიზნესისათვის ფინანსური რესურსების მიწოდებაა, განვითარებული ბაზარი ქვეყნის მოსახლეობის დანაზოგების განთავსების დამატებითი ინსტრუმენტიცაა. შედეგად, განვითარებული და გამჭვირვალე კაპიტალის ბაზარი ხელს უწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას.

«ქართული ოცნების» ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მისაღწევად, განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები. კერძოდ, ხელი შეეწყობა კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, რაც გამორიცხავს ბაზრის ცალკეული სეგმენტების, ინსტრუმენტების ან მონაწილეების დისკრიმინაციას, უპირატეს ან მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებას. სახელმწიფო და კაპიტალის ბაზრის რეგულატორები უზრუნველყოფენ სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ბაზრის მონაწილეთა ღია და გამჭვირვალე საქმიანობას; დაიხვეწება შესაბამისი საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები. აღნიშნული ცვლილება მოიაზრებს საგადასახადო სისტემის უფრო მეტად ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულობას, ასევე სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების თანაბარ პირობებში ჩაყენებას; ხელი შეეწყობა მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლებას; დაიხვეწება მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის გარანტიები. მაქსიმალურად დაცული იქნება წვრილი და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების ინტერესები, რაც კაპიტალის ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მარეგულირებლის, საგანმანათლებლო, კორპორაციული მართვის და ფინანსური აღრიცხვიანობის საკითხებს.

მომდევნო წლებში, განხორციელებული რეფორმის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბებული კაპიტალის ბაზარი იქნება რესურსების მოზიდვის მაღალეფექტიანი წყარო. იგი ბაზრის ყველა მონაწილეს მისცემს საშუალებას, მიიღოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საფინანსო მომსახურების სრული სპექტრი. ამასთან, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული მარეგულირებელი გარემო უზრუნველყოფს მაღალი დონის სანდოობასა და ინვესტორთა დაცულობას.

ინფრასტრუქტურული განვითარება

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოს რეგიონების განვითარების, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში საქართველოს მაქსიმალური ინტეგრირებისა და ეკონომიკური განვითარების სტიმულირების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. 2012 წლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები. 2006-2012 წლებში ავტობანზე ყოველწლიურად შენდებოდა საშუალოდ 10 კმ, ხოლო 2013-2015 წლებში – 28 კმ გზა. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები დაიხარჯა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და განახლებაზე. 2013-2016 წლებში ამ მიმართულებით გაწეულმა ხარჯებმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა. შედეგად, 150 000-ზე მეტ ადამიანს საქართველოს რეგიონებში გაუუმჯობესდა სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი და ხარისხი. აქტიურად გრძელდება გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი. უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგმება ინტერნეტიზაციის მიმართულებით, რისთვისაც ჩვენს გუნდს უკვე გამოცხადებული აქვს ინტერესთა გამოხატვა და შემდგომი 4 წლის განმავლობაში «ქართული ოცნება» დაასრულებს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს.

«ქართული ოცნება» მკაფიო გეგმით განავითარებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის «ქართული ოცნება» გეგმავს რევოლუციური ნაბიჯების გადადგმას. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, გაგრძელდება ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა, არსებული გზების რეკონსტრუქცია და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება. ქვეყნის მასშტაბით აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების დამაკავშირებელი შიდა საავტომობილო გზები. ეს იქნება ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან და დედაქალაქთან. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისა და გადაადგილებისთვის. ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში და გაზრდის მისი, როგორც ტრანზიტული ჰაბის დატვირთვას.

2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის, 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა. შედეგად, საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და რეგიონების დაკავშირებას; ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველყოფა «ქართული ოცნების» ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნის მიღწევა ეტაპობრივად განხორციელდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2020 წლისთვის, 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 360 ათასი ადამიანი.

აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგების წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები მთელ რიგ ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდში, ყვარელში, ხაშურში, ფოთში, ურეკში, ჭიათურაში, გუდაურში, ბაკურიანში, ბოლნისში, მარნეულში, თელავში, წყალტუბოში, ქობულეთში, ანაკლიაში, მესტიაში, ხონში, ვანში, ბაღდადში, ონში, აბასთუმანში, ვალეში, ცაგერში, ნორიოში, მარტყოფში, ვაზიანსა და ახალ სამგორში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და უახლოეს მომავალში დასრულდება წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები პანკისის ხეობის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვრისპირა სოფლებში, რის შედეგადაც 20 ათასამდე ადამიანისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდების ხარისხი; ნარჩენების მართვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისები, მოხდება არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანა სტანდარტებთან ან დახურვა, აგრეთვე სტანდარტების შესაბამისად ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობა; ეტაპობრივად დაინერგება ნარჩენების სეპარირების და გადამუშავების სისტემები;  აშენდება 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა.

გიორგი კ. კაპანაძე