ეკონომიკა

სსფ-ის პროგნოზით 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 3,4%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი 5,2%-ით.

“ინფლაციის დონე საქართველოში წელს 2,6% იქნება, 2017 წელს კი 3,6%.  2016 წელს საქართველოში მშპ-ის 12,1%-იანი დეფიციტი დაფიქსირდება, ხოლო მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 12,0%-ს მიაღწევს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უცვლელი დატოვა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის 3%-იანი პროგნოზი 2016 წლისთვის. 2017 წელს კი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 3,4% იქნება.

ფონდის განცხადებით, გლობალური ეკონომიკის შენელებული ზრდა მომავალშიც გაგრძელდება გადამწყვეტი პოლიტიკური ზომების მიუღებლობის ფონზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 1,8%-დან 1,6%-მდე შეამცირა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი (ივლისის თვის პროგნოზი), რაც წლის პირველ ნახევარში შემცირებული ბიზნეს ინვესტიციებით არის გამოწვეული.

ფონდმა ასევე 2,2%-დან 1,6%-მდე შეამცირა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. შენელებული ზრდა ექნება დიდი ბრიტანეთის ეკონომიკასაც, რომელიც მიმდინარე წელს 1,1% იქნება, მომავალ წელს კი 2,2%.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ანგარიშის თანახმად, რუსეთის ეკონომიკა წელს 0.8%-ით, აზერბაიჯანის კი  2.4%-ით შემცირდება,  3.2%-ით გაიზრდება სომხეთის, 3,3%-ით კი თურქეთის ეკონომიკა.

ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 42,96 დოლარი იქნება, 2017 წელს კი 50,64 დოლარი.