საზოგადოება

თბილისში CNG ტექნოლოგიაზე მომუშავე 175 ავტობუსს შემოიყვანენ

თბილისის მერია CNG ტექნოლოგიაზე, ანუ შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანას გეგმავს. მუნიციპალური ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი დასრულებულია და გამარჯვებული კომპანია უახლოეს პერიოდში გამოვლინდება.

პირველ ეტაპზე 175 ახალ ავტობუსს შეიძენენ. როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ახალი ავტობუსების შემოყვანა თბილისში ზაფხულისთვის იგეგმება. სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – EBRD, რომელიც თბილისში CNG ტექნოლოგიაზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანას უწევს რეკომენდაციას. EBRD -ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად ამ ტიპის ავტობუსები დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, რადგან ბუნებრივი გაზი არ არის ტოქსიკური, კოროზიული, ან კანცეროგენური. არ აბინძურებს ნიადაგს, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს.

CNG ტექნოლოგიაზე მომუშავე ავტობუსებით სარგებლობენ იტალიის სხვადასხვა ქალაქებში,კანადაში, სინგაპურში. ასევე საფრანგეთის რამდენიმე დიდი ქალაქი, 1998 წლიდან მოყოლებული, მთლიანად მარაგდება ამ ტიპის ავტობუსებით. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2015 წლის დეკემბერში, მერიაში გამართულ „მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მავნე აირებისა და გამონაბოლქვის შესამცირებლად, 2016 წელს ორი პროექტი განხორციელდებოდა.

ერთ-ერთია მუნიციპალური ავტობუსების პარკის განვითარება, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისს, 30 მილიონი ევროს კრედიტს გამოუყოფს.

წყარო: geopressnews