რა სარგებელს მოუტანს “ნენსკრაჰესი” ქვეყნის ეკონომიკას
გასული კვირა სვანეთში მიმდინარე “ნენსკრა” ჰესის წინააღმდეგ მიმართული აქციებით საკმაოდ დატვირთული იყო. ჰესის მშენებლობას, ადგილობრივების გარდა, სხვადასხვა გარემოს დამცველი ორგანიზაციებიც აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების მხრიდან, მთავარი აქცენტები სვანეთის ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ კეთდებოდა, გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ჰესების მშენებლობა სვანეთის მოსახლეობისგან დაცლას გამოიწვევს, რაც ბუნებრივია, რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის დამღუპველი იქნება.
“ნენსკრა” ჰესის მშენებლობა 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს, მისი პოტენციური წლიური გამომუშავება კი 1.2 მილიარდი კილოვატსაათი იქნება. პროექტის მიხედვით, ელექტროსადგური გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, პროექტის ჯამური ღირებულება კი 1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.
ჰიდროელექტროსადგურის ზევით მოყვანილი ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვს ნენსკრაჰესის პერსპექტივის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ლია ელოშვილს. როგორც ის ამბობს, ჰესის მშენებლობა არათუ დაცლის სვანეთს მოსახლეობისგან და ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს მას, არამედ, პირიქით, მისი სიტყვებით, ნენსკრაჰესი მთლიანად გარდაქმნის ეკონომიკურ სიტუაციას სვანეთის რეგიონში. შესაბამისად, ის ამბობს, რომ ნენსკრაჰესის მშენებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდება. მისივე სიტყვებით, პროექტი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით.
“რატომ უნდა გაჩერდეს ერთმილიარდიანი კერძო ინვესტიცია? რომელიც მთლიანად გარდაქმნის ზემო სვანეთის რეგიონს, შეიტანს უამრავ სიკეთესა და დოვლათს და ამ დროს თურმე ეს არ უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ჩართულობას, პროექტში მონაწილეობს მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ეს პროექტი უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება. რაც შეეხება სპეციალურ და ეკოლოგიურ საკითხებს, შეუძლებელია, რომ მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდეს, რადგან ეს პროექტი გადის ყველანაირ ფილტრს”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
რა თქმა უნდა, ადგილობრივების პროტესტი სრულიად მისაღები და გასათვალისწინებელია, თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ “ნენსკრა” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია როგორც ენერგეტიკული, ისე ზოგადად, ეკონომიკური თვალსაზრისით.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ ათეულში სს “ნენსკრა ჰიდროს” მიერ განხორციელებული ინვესტიცია დასახელდა.
ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის 80% ადგილობრივი. 2016 წლის გაზაფხულიდან, დაიწყება ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, სადაც ეტაპობრივად 400-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.
ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. ხაზგასასმელია, რომ საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსპრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის “ექსიმ ბანკი”. პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის იმიჯის განსავითარებლად.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი ფორმა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გულისხმობს ჰესის უსასყიდლოდ გადმოცემას სახელმწიფოს საკუთრებაში. კერძოდ, ჰესის მშენებლობა ემყარება ე. წ. B.O.T (Built Operate Transfer) მოდელს, რომელიც არის შემდეგი შინაარსის, რომ ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰესი, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. რასაკვირველია, აღნიშნული საკითხი გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.
აღსანიშნავია, რომ “ნენსკრა” ჰესი იქნება სეზონური მარეგულირებელი სადგური. იქნება დიდი წყალსაცავი, რომელიც საშუალებას იძლევა ელექტროენერგია ზამთრის სეზონზეც გამოიმუშავოს. მთავრობა ირწმუნება, რომ 2019-1921 წლებისთვის, როცა ახალი ჰესი სრულად დაიტვირთება, ის საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დაახლოებით, 30%-ს ჩაანაცვლებს.