03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ნავთობის მოპოვება საქართველოში – წარმოება, რეზერვები და მომპოვებელი კომპანიები

საქართველოში ნავთობის მოპოვება XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. მოპოვება XX საუკუნის 70-ან წლებამდე მიმდინარეობდა შვიდ მცირე ზომის საბადოზე, მირზაანი, პატარა შირაქი, სუფსა, ნორიო, საცხენისი, ტარიბანა და აღმ. ჭალადიდი და წლიურად, საშუალოდ, 20-55 ათას ტონას შეადგენდა. შემდეგ აღმოჩენილი იქნა მაღალდებიტიანი საბადოები თბილისისპირა რაიონში, სამგორი-პატარძეული- ნინოწმინდა, სამგორის სამხრეთ თაღი, თელეთი და წლიურმა მოპოვებამ – 3 მლნ.ტ-ს გადააჭარბა. ამჟამად საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკები), სადაც ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს, სხვადასხვა დროს, საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები ახორციელებენ. მათ სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები.

სსიპ “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო” ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სამართლებრივ რეგულირებას, სააგენტო მოქმედებს “ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონის საფუძველზე და ეფუძნება ერთი გაჩერების პრინციპს, რაც გულისხმობს ერთიანი საინვესტიციო გარემოს შექმნას. “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო” გასცემს უფლებამოსილებას ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე. სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობის განაწილებისა და განკარგვის კუთხით კი ნომინირებულია ეროვნული ნავთობკომპანია სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”.

ნავთობის რეზერვები და ამჟამინდელი მოპოვება

საქართველოს ტერიტორია დაყოფილია 25 სალიცენზიო ბლოკად. ბლოკებზე ნავთობისა და გაზის სარგებლობის გენერალური ლიცენზია ღია საერთაშორისო ტენდერების საფუძველზეა გაცემული. დღეისათვის 23 კომპანია ნავთობის 21 სალიცენზიო ბლოკზე მუშაობს, რომელთაგან 6 კომპანია უშუალოდ მოპოვებას ახორციელებს. 2013 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ნავთობის რეზერვები შემდეგია:

– დადასტურებული: 1. 42 მლნ ტონა

– სავარაუდო: 5. 222 მლნ ტონა

– შესაძლო: 21. 137 მლნ ტონა

საქართველოში წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან საშუალოდ 27.7 მლნ ტონა ნავთობია მოპოვებული. ბოლო წლების განმავლობაში კი წლიური საშუალო მოპოვება 50 ათას ტონა ნავთობს შეადგენს. ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკზე მოცემულია ნავთობის მოპოვების მოცულობა 2007-2014 წლების მიხედვით, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მოპოვება ყოველწლიურად მცირდება.

ბოლო წლების მიხედვით, სსიპ “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს” მიერ გაცემული ლიცენზიებისა და მიღებული მოსაკრებლებისა და ხელმოწერის ბონუსის შესახებ ქრონოლოგიური ინფორმაცია შემდეგია:

12387767_920542628027747_1821519245_n

– 2010 წელი – გაიცა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია. სალიცენზიო მოსაკრებელი 22 000 ლარი, ხელმოწერის ბონუსი 1 000 000 აშშ დოლარი;

– 2011 წელი – გაიცა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ოთხი გენერალური ლიცენზია. სალიცენზიო მოსაკრებელი 88 000 ლარი, ჯამურად ხელმოწერის ბონუსი 7 044 000 აშშ დოლარი;

– 2013 წელი – გაიცა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის სამი გენერალური ლიცენზია. სალიცენზიო მოსაკრებელი 66 000 ლარი, ჯამურად ხელმოწერის ბონუსი 1 596 000 აშშ დოლარი;

– 2014 წელი – გაიცა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია 2 წლის ვადით. სალიცენზიო მოსაკრებელი 2 000 ლარი;

– ნავთობის გადამუშავების ლიცენზია 25 წლის ვადით. სალიცენზიო მოსაკრებელი 15 000 ლარი;

როგორც ,,ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” აცხადებენ ნავთობის ახალი საბადოს აღმოჩენის შესაძლებლობები არსებობს, როგორც იმ რეგიონებში, სადაც უკვე აღმოჩენილია საბადოები, ასევე ისეთ რეგიონებში, როგორიცაა მთიანი კახეთი, შიდა ქართლი, ზემო იმერეთი და კოლხეთის დაბლობი. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს შავი ზღვის შელფური ნაწილი. გეოფიზიკური კვლევებით გამოვლენილია პერსპექტიული უბნები, სადაც ბურღვითი სამუშაოების განსახორციელებლად ყველა წინასწარი კვლევითი სამუშაოები უკვე ჩატარებულია. ახალი საბადოს აღმოსაჩენად გამოვლენილ იმედის მომცემ უბნებზე შეფასებული ნავთობის პერსპექტიული რესურსების ჯამური ოდენობით 872 მლნ. ტონასშეადგენს.

მომპოვებელი კომპანიები

საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების საქმიანობას ახორციელებენ შემდეგი ნავთობკომპანიები: “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” (1997 წლიდან), ,,ნინოწმინდას ნავთობკომპანია” (1996 წლიდან), შპს “ჯინდალ პეტროლეუმ (ჯორჯია) ლიმიტედი” (2010 წლიდან), ,,ჯორჯია ოილ ენდ გეზ ლიმიტედი” (2011 წლიდან), “ვექტრა პეტროლეუმ ლიმიტედი” (2012 წლიდან), შპს “ისკანდერ ენერჯი (ჯორჯია) ლიმიტედი” (2013 წლიდან).
უფრო დეტალური ინფორმაცია ამ კომპანიების შესახებ შემდეგია:

ბლეიკ ოილ ენდ გეზ ლიმიტედი

“ბლეიკ ოილ ენდ გეზ ლიმიტედმა” შეიძინა აშშ-ში დაარსებული “კანარგო ენერჯი კორპორეიშენის” პროექტები საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სფეროში და ახორციელებს საქმიანობას სამი შვილობილი ოფშორული 6 კომპანიის მეშვეობით, რომლებსაც სახელმწიფოსთან აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები გაფორმებული და ფლობენ შესაბამის ლიცენზიას:
1. ნინოწმინდის ნავთობის კომპანია – XIE და XIF სალიცენზიო ბლოკები;
2. კანარგო ნაზვრევი – XID და XIII სალიცენზიო ბლოკები;
3. კანარგო ნორიო – XIჩ სალიცენზიო ბლოკი.
”ბლეიკ ოილ ენდ გეზ ლიმიტედი” საოპერაციო საქმიანობას სამივე ლიცენზიის ფარგლებში აწარმოებს საქართველოში დაარსებული კომპანია ”კანარგო ჯორჯიას” მეშვეობით.

“ჯინდალ პეტროლიუმ ლიმიტედი” ინდური კომპანიაა, რომელიც საქართველოში შვლობილი ოფშორული კომპანია “ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია ლიმიტედის” მეშვეობით 2009 წლიდან აწარმოებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციებს ხუთი ლიცენზიის ფარგლებში VIIA, IX, X, XIIIA და XIB სალიცენზიო ბლოკზე. “ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია” ხელშეკრულებებით დადგენილი მინიმალური სამუშაო პროგრამის ფარგლებში ოთხ ბლოკზე აწარმოებს ძებნა-ძიებით ოპერაციებს, ხოლო XIB ბლოკზე ძებნა-ძიებასთან ერთად ახორციელებს ნავთობისა და მომყოლი გაზის მოპოვებას. კომპანიამ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მინერალების მოპოვებაზე 30- წლიანი ლიცენზია 2010 წლის დასაწყისში მიიღო

,,ფრონტერა” არის საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს. მისი სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. კომპანიამ თავისი საქმინობა საქართველოში 1997 წლიდან დაიწყო. იგი აწარმოებს კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, XII სალიცენზიო ბლოკზე, რისთვისაც საქართველოში დააფუძნა ოპერატორი კომპანია შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”.

“სტრეიტ ოილ ენდ გეზ ლიმიტედი” არის ბრიტანული კერძო კომპანია, რომელიც 2006 წლის თებერვალში შეიქმნა. კომპანია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ოპერაციებს ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებს VIA სალიცენზიო ბლოკებზე, რისთვისაც საქართველოში დააფუძნა ოპერატორი კომპანია შპს “სტრეიტ ოილ ენდ გეზ საქართველო”. ამ ეტაპზე აწარმოებს ბურღვით ოპერაციებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური სამუშაო პროგრამის ფარგლებში.

“მარინ რისორსიზ ექსპლორეიშენ ინტერნეიშენალი”, იგივე “მარექსინი” 2008 წელს დაარსდა. იგი რეგისტრირებულია ნიდერლანდებში.

“მარექსინი” შვილობილ კომპანიებთან ერთად შავი ზღვის რეგიონში ახორციელებს ძებნა-ძიების სამუშაოებს და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ახდენს ზღვაში არსებული ბუნებრივი რესურსების ათვისებას.

კომპანია მუშაობს შავ ზღვაში ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო ლიცენზიების მოპოვებაზე. ამჟამად უკვე მოპოვებული აქვს ლიცენზია შავ ზღვაში, საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში საქმიანობაზე.
კომპანიამ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მინერალების მოპოვებაზე 30- წლიანი ლიცენზია

2010 წლის დასაწყისში მიიღო.

ადგილობრივი დიზელის წარმოება და ხარისხი

როგორც ცნობილი გახდა, საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო. მინისაწარმოები დიზელს ადგილობრივი ნავთობისგან აწარმოებენ და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ყიდიან. ადგილობრივი დიზელი თბილისთან ახლოს ვაზიანსა და ველში იწარმოება. ნავთობპროდუქტების წარმოებისთვის ლიცენზიები ორმა ქარხანამ 5 თვის წინათ მიიღო. წარმოების წლიური მოცულობა 100-150 ათასი ტონაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დავუკავშირდით ნავთობისა და გაზის სააგენტოს და დავინტერესდით შეესაბამება თუ არა ადგილობრივი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული დიზელი სტადნარტებს და ხდება თუ არა მისი სათანადო დონეზე შემოწმება, ასევე ვკითხეთ თუ სად ხდებოდა მისი შემოწმება.

როგორც სააგენტოში განაცხადეს, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი კომპანიები კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი არიან მინიმუმ წელიწადში ერთხელ სააგენტოში წარმოადგინონ არსებულ სტანდარტებთან მათ მიერ მიღებული ნავთობპროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი. გარდა ამისა სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს მიღებული ნავთობპროდუქტების არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა. სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან.

კითხვაზე, რატომ ხდება მხოლოდ დიზელის სახის საწვავის მიღება და რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს ბენზინის ტიპის საწვავის მიღებაც, მოპოვებული ნავთობიდან, სააგენტოში განგვიცხადეს, რომ არსებულ სტანდარტებთან შესაბამისი ბენზინის საწვავის წარმოება დაკავშირებულია შედარებით დიდ სახსრებთან და შესაბამის აღჭურვილობასთან, რასაც არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ ფლობენ.

ასევე, როგორც სააგენტოში გვითხრეს, ნავთობის გადამუშავების ლიცენზია გაცემულია კიდევ სამ კომპანიაზე, თუმცა მათ ჯერ არ დაუწყიათ შესაბამისი საქმიანობა.

გიორგი კაპანაძე