ეკონომიკა

რა ზეგავლენას მოახდენს არჩევნების შედეგები საფინანსო სექტორზე

საფინანსო სექტორის განვითარების ტემპით საქართველო რეგიონში წამყვანი ქვეყანაა. “ბანკები და ფინანსები” დაინტერესდა თუ რა ცვლილებების მომტანი შეიძლება გახდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. აღნიშნულ საკითზე მოსახრებას გამოთქვამს “ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა-ს” პრეზიდენტი შოთა გულბანი

“დღეს საქართველოში ფინანსური სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, ოღონდ ეს გამოწვევა ეხება ბანკების გარდა ყველა მოთამაშეს ბაზარზე, მიკრო საფინანსოებს, სადაზღვევო კომპანიებს, საპენსიო ფონდებს და საფონდო ბირჟას. უკანასკნელი კვლევების მიხედვით სწორედ საბანკო სექტორზე მოდის მთლიანი საფინანსო სექტორის 91%, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ამინდის შემქმნელები ბანკები არიან, ფინანსების მოძიების და დეპოზიტების განთავსების ერთადერთ წყაროსაც ბანკების წარმოადგენენ, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში სხვა საფინანსო დაწესებულებები და ინსტიტუციები საკმაოდ დიდი წილით არიან წარმოდგენილნი ქვეყნის საფინანსო სექტორში, რაც ეკონომიკის თანაბარმნიშვნელოვანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი განვითარების შესაძლებლობას იძლევა. დღეს უკვე მსოფლიოს გავლენიანი ეკონომისტები მკაფიოდ აპელირებენ იმაზე, რომ განვითარებად ქვეყნებში, საბანკო სექტორის დომანინანტური მდგომარეობა ეკონომიკას კარგს არაფერს უქადის, ჩვენთან კი სწორედ ასეთი სიტუაციაა, ამ მოცემულობის შეცვლა კი გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას ვფიქრობ ძალიან გაუჭირდება, ამისათვის უნდა არსებობდეს მკაცრი პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება, რაც მე გასული წლების განმავლობაში ვერ დავინახე, ვინაიდან სიტუაცია საფინანსო სექტორში არის უცვლელად შენარჩუნებული. მომავალი ოთხი წლის პარლამენტი თუ ამ მიმართულებით რაიმე რადიკალურ ცვლილებებს განახორციელებს ძალიან მეეჭვება,” – განაცხადა შოთა გულბანმა.

მნიშვნელოვან ცვლილებებს გამორიცხავს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაიაც. როგორც ჯგერენაია ამბობს მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე საფინანსო სექტორის განვითარება ჩვეულ რეჟიმშია მოსალოდნელი.

“არამგონია საპარლამენტო არჩევნების შედეგები საფინანსო სექტორში რაიმე კარდინალური ცვლილებების მომტანი გახდეს. დიდი ალბათობით ეს სფერო საქმიანობას იმავე რეჟიმში გააგრძელებს, შესაბამისად განვითარდება მოვლენები სავალუტო ბაზარზეც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიღებულმა შედეგებმა ლარის კურსზე რაიმე სახის ზეწოლა მოახდინოს.

აქვე, ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი იყო ბუიჯეტის 410 მილიონით ზრდა. შესაძლოა ამ მოვლენამ ჰპოვოს გარკვეული გავლენა სავალუტო ბაზარზე, თუმცა ისიც გარკვეული გარემოებების ფონზე. თუ მოხდება რაიმე რღვევა ბუიჯეტის პარამეტრებში, მაშინ იქნება შესაძლებელი გარკვეული ზეგავლენის შესახებ საუბარი.”