01/05/2024
Latest:
ეკონომიკა

რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ავსტრიაში გამართულ შეხვედრაზე “გაზპრომის” წარმომადგენლებთან საერთო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. თუმცა, კახი კალაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქართულ მხარეს უნდოდა იგივე შედეგი მიეღო, რასაც გაზის მოცულობების მიღების შემთხვევაში იღებდა. “ჩვენი სურვილია გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთიდან წამოვიღოთ იმ მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენი მოთხოვნაც იქნება ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, არ ვიცი ამას გინდა ულტიმატუმი დავარქვათ, გინდა მოთხოვნა, საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოხდეს გატარების თანხობრივი ანაზღაურება.

აქედან გამომდინარე, ქართულ მხარეს გვაქვს სურვილი და გვინდა, რომ ჩვენ მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით ნედლეულის მიღების შემთხვევაში და ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენიც იქნება მოთხოვნა ქართულ ბაზარზე და ამაში შეზღუდულები არ ვიყოთ”, – განაცხად აკახა კალაძემ.

მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება კომერციული გაზის შეძენის თაობაზე და რა როლი აქვს ამაში სახელმწიფოს, ამაზე კახა კალაძე აცხადებს, რომ კომერციული ბაზარი აბსოლუტურად დერეგულირებულია და ყველა კომპანიას აქვს შესაძლებობა პირდაპირ დაელაპარაკოს, იქნება ეს “გაზპორმი” თუ “სოკარი” და სადაც უკეთეს ფასს მიიღებს, იმ ქვეყნიდან შემოიტანოს ბუნებრივი აირი. მისი თქმით, სახელმწიფო აქ არ ერევა და ამის შესაძლებლობები თვითონ კომპანიებს გააჩნიათ.

“გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკების დეტალები გააცნო ენერგეტიკის მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს. შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობას შეეხო.

საუბარი იყო ასევე რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერასა და მიმდინარე საკითხებზე. იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება.

“ჩვენ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. პირველი საკითხი იყო საქართველოს კავშირები “გაზრპომთან” და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან გაზის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი შეეხებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ენერგოსექტორში არსებულ თანამშრომლობას. ეს არ იყო ჩემი პირველი შეხვედრა მინისტრ კალაძესთან”, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

რაც შეეხება “გაზპრომის” წარმომადგენლებსა და კალაძეს შორის ვენაში გამართულ შეხვედრის დეტალებს, ელჩის განცხადებით, ამ კონკრეტული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კალაძემ უნდა გაავრცელოს. თუმცა, იქვე ამბობს, რომ აქვს ზოგადი ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

“მინდა განვაცხადო, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას, ამ შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს მოსახლეობისა და ეკონომიკური სუბიექტებისთვის ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება. ჩემი აზრით, ეს არის ის, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს ამ რთულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ პირობებში. მე მესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. ევროკავშირს საქართველოსთან ძალიან კარგი კავშირები აქვს ენერგეტიკის სფეროში”, – აცხადებს იანოშ ჰერმანი.

რაც შეეხება ევროკავშირის შეშფოთებას, ელჩის განმარტავს, რომ ევროკავშირს აქვს საკუთარი ენერგოპოლიტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ ევროკავშირი უნდა იყოს ერთიანი ენერგოსაკითხებთან დაკავშირებით.

 

ელენე ციგრიაშვილი