03/05/2024
Latest:
საზოგადოება

რეფორმისგან მოლოდინი ძალიან დიდია და იმედია გაამართლებს, როგორც ექიმების, ასევე პაციენტების იმედებს

 

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაზე ისაუბრა არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის რეპროდუქტოლოგმა და მეან–გინეკოლოგმა ლალი ფხალაძემ. ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა  დადებითად წაადგება მოსახლეობას.

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ცუდი ნამდვილად არ იქნება. ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ საკუთარ ჯამრთელობას. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებდა კლინიკებში მისვლას. შემცირდება პაციენტების სტაციონარებში მოხვედრის რისკი. ყველა ადამიანი თუ საწყის ეტაპზე მიხედავს საკუთარ თავს, ისინი დაზღვეულები იქნებიან იმისგან, რომ შემდგომ არ დაემართებათ სერიოზული სნეულება. რა თქმა უნდა, ამ რეფორმისგან მოლოდინი ძალიან დიდია და იმედია გაამართლებს, როგორც ექიმების, ასევე პაციენტების იმედებს’’

– აცახდებს ფხალაძე.

მედიკოსმა ასევე ისაუბრა იმ გზებზე, რომლის გათვალისწინებაც დადებითად წაადგება რეფორმას.

,,რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება. მათ უნდა უტარდებოდეთ შესაბამისი ტრენინგები. ასევე საგულისხმოა მათი ხელფასების დონე. მოგეხსენებათ, მედიკოსების ხელფასი ძალიან დაბალია, ამიტომ ეს საკითხი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია’’

– მიაჩნია მედიკოსს.

ფხალაძემ რეფორმის ხარჯეფექტურობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რეფორმა საგრძნობლად შეამცირებს ხარჯებს.

,,რაც შეეხება ხარჯეფექტურობას, რეფორმა რა თქმა უნდა დაზოგავს ხარჯებს იმ კუთხით, რომ როდესაც პაციენტი არ ხვდება სტაციონარში, მისი მკურნალობის ხარჯი გაცილებით დაბალია, ხოლო სტაციონარში მკურნალობა, მოგეხსენებათ, დიდი თანხები უჯდება სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ეს რეფორმა შეამცირებს ხარჯებს’’

– ამბობს ფხალაძე.

ექიმმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც და იმედი გამოთქვა, რომ ეს  მნიშვნელოვანი პროგრამა კიდევ დიდხანს იფუნქციონირებს.

,,მინდა ორი სიტყვით შევეხო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამასაც, რომელიც პირადად მე ძალიან მომწონს. მართლაც უნიკალური პროგრამაა. კლინიკებში მომართვიანობამ იმატა. პაციენტებს უფინანსდებათ ოპერაციები და ეს ძალიან კარგია. იმედია ეს პროგრამა კიდევ დიდხანს გასტანს და არ მოხდება მისი გაუქმება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხალხი ძალიან კმაყოფილია ამ პროგრამით’’

– აცხადებს ლალი ფხალაძე.