03/05/2024
Latest:
საზოგადოება

საპატიო კონსულები კუთვნილი უფლებების აღდგენას დღემდე უშედეგოდ ითხოვენ

ფანჯიკიძის მიერ შერისხულ საპატიო კონსულებს არც ბერუჩაშვილი დაელაპარაკა. რას მოიმოქმედებს კვირიკაშვილი

ბოლო სამთავრობო ცვლილებები ისევ შეეხო ქვეყნის საგარეო უწყებას. ამ ეტაპზე, საერთაშორისო ურთიერთობებში ქალბატონების ეპოქა დასრულებულია. თუ მაია ფანჯიკიძის შემთხვევაში არ იყო ძნელი გასაგები რამაც გამოიწვია მისი პოსტიდან ჩამოშორება, თამარ ბერუჩაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისას მკაფიო განმარტება, თუ რის გამო შეიცვალა მინისტრი, არ გაკეთებულა. კაცმა რომ თქვას, დიდად არც საზოგადოებას მოუთხოვია მიზეზების ახსნა.

ფაქტია, ბერუჩაშვილის მინისტრობის პერიოდს უფრო უღიმღამო თუ დაერქმევა, ვიდრე წარმატებული. მისი ნომერ პირველ დიპლომატობისას ძნელია გაიხსენო დაახლოებული ქვეყნები ან რაიმე მიმართულებით გაკეთებული მნიშვნელოვანი გარღვევა.

ერთი პრობლემატური საკითხი, რაც ახალი მინისტრის გადასაჭრელი იქნება, არის საპატიო კონსულებისთვის 1993 წლიდან (ვენის კონვენციასთან საქართველოს მიერთების დღიდან) არსებული კუთვნილი შეღავათების აღდგენა-არაღდგენის თემა.

“ბანკები და ფინანსები” ამ ისტორიას გულისყურით ადევნებს თვალს, რამდენადაც საპატიო კონსულები ის დიპლომატიური კონტიგენტია, რომელიც მეტწილად რეზიდენტი ბიზნესმენებისგან შედგება და მათ აქტივობასა და ბიზნესმენურ უნარებზე ხშირად არის დამოკიდებული ახალი ბაზრების გახსნა თუ ახალი მასშტაბური ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბება.

პრობლემის მოკლე ისტორია ასეთია:

2014 წლის  აგვისტოში  მინისტრ ფანჯიკიძის გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია შეუწყდა 20 მეგობარი ქვეყნის (მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების) წარმომადგენელ საპატიო კონსულს. შემდგომი გადაწყვეტილებებით მათ შეეზღუდათ მუშაობის და უფლებამოსილების განხორციელების პირობები. მათი პრივილეგიები და იმუნიტეტის ხარისხი გაუარესდა დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით. მინისტრის ამ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს დიპკორპუსში ხუმრობით “ფანჯიკიძის რეფორმა” შეარქვეს.

ყოფილი მინისტრი გადაწყვეტილებებში სწრაფი და შეუვალი იყო. მიუხედავად საპატიო კონსულების რამდენიმეგზის ოფიციალური მიმართვისა, არც მან და არც მისმა მოადგილეებმა ერთი შეხვედრაც არ გამართეს კონსულებთან, რათა ან კონსულტაცია გაევლოთ, ან აეხსნათ ამ ცვლილებების აუცილებლობის საჭიროება. სამინისტროს თანამშრომლები პირად საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ ეს ცვლილება თავიდან  ბოლომდე მინისტრ ფანჯიკიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო და რომ მასზე გავლენის მოხდენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ვინ არიან საპატიო კონსულები? – საპატიო კონსულების პრაქტიკა ფართოდ აპრობირებულია თანამედროვე მსოფლიო დოპლომატიაში. ქვეყნები საპატიო კონსულებს ცვლიან იმ ქვეყნებში, სადაც მათ საელჩოები არ გააჩნიათ, მაგრამ აქვთ სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები. როგორც წესი, საპატიო კონსულები ხდებიან ბიზნესმენები, რომელთაც წარმომადგენელ ქვეყანასთან ბიზნეს–ურთიერთობები აქვთ. ისინი საკუთარი ხარჯებით ეწევიან დიპლომატიურ საქმიანობას და სანაცვლოდ დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობენ.  საკონსულო ურთიერთობების შესახებ გათვალისწინებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენცია ცალსახად მიუთითებს, რომ საპატიო კონსულები უფლებებით გათანაბრებულები არიან კარიერულ დიპლომატებთან. ესეც რომ არ იყოს,

მსოფლიო დიპლომატიური პრაქტიკა არ იცნობს შემთხვევას, როცა საგარეო უწყება თავისი ოფიციალური გადაწყვეტილებით აუარესებდეს დიპლომატისთვის სამუშაო პირობებს.

დიპლომატიური “პინგ–პონგი” დღემდე გრძელდება. გასული წლის ნოემბერში, ფანჯიკიძის წასვლისა და ბერუჩაშვილის “დარჩენის” პერიოდში, “ბანკები და ფინანსებთან” საუბარში სან–მარინოს საპატიო კონსული ელენე ლეჟავა, რომელიც დღეს პარალელურად კონსულების ასოციაციის პრეზიდენტიცაა, აღნიშნავდა: “არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი ვიღაცასთან  პირად უთანხმოებას უკავშირდება. მიუხედავად ასეთი დრაკონული მიდგომისა, ჩვენ საპატიო კონსულებმა საქართველოში კიდევ იმდენად არ გავამწვავეთ ეს ვითარება ჩვენს წარმომგზავნ ქვეყნებში, რამდენადაც ფანჯიკიძე იმსახურებდა. ანგარიში გავუწიეთ საქართველოს დიპლომატიურ იმიჯს და მოცდა ვამჯობინეთ. საბედნიეროდ, პერსონალიები სამინისტროში შეცვლილია და დიდი იმედი მაქვს საპატიო კონსულების მორიგი მიმართვის შემდეგ მაინც, ახალი მინისტრი, რომელიც გამოცდილი დიპლომატია, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს საპატიო კონსულებთან დაკავშირებით”, – აღნიშნავდა სან–მარინოს საპატიო კონსული ელენე ლეჟავა.

როგორც კარგად ინფორმირებული რამდენიმე წყარო მაშინ ამბობდა, მთელი ამ “დიპ–სკანდალის” რეალური მიზეზი სასაცილომდე ბანალური იყო –

არის ვერსია, რომ ერთ–ერთი საპატიო კონსული, რომელიც საკმაოდ დიდ და მდიდარ ქვეყანას წარმოადგენს და თან თანამედროვე საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი და გამოჩენილი მეწარმე და ბიზნესმენია, ქალბატონი მინისტრის პირად თხოვნას სათანადო გულისხმიერებით არ თუ ვერ გამოეხმაურა და სამაგიეროდ მთელმა საპატიო კონსულთა კორპუსმა ეს “პროცედურული შურისძიება” მიიღო.

სან–მარინოს საპატიო კონსულს არ უნდოდა ამის დაჯერება. ცხადია, ამის დაჯერება არც არავის უნდა, მაგრამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის ლეგიტიმური უფლება. მით უფრო, რომ კიდევ ერთ ბანალურ ლამის აფორიზმს თუ დავეყრდნობით, – თბილისი პატარა ქალაქია…

ფანჯიკიძის წასვლის შემდეგ ცხადია კონსულებს რეალობაში გარკვევის იმედი მიეცათ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა – კერძოდ, ფანჯიკიძის მიერ მიღებული აუხსნელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ბერუჩაშვილმაც. რა თქმა უნდა, ისევ იმ პრაქტიკით, რომ საპატიო კონსულებს საკითხში გარკვევის მიზნით არც ის შეხვედრია. ერთადერთი კომუნიკაცია რაც ამ ხნის მანძილზე შედგა იყო ის, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, მას შემდეგ რაც მოუსმინა საპატიო კონსულებს, მიმდინარე წლის მაისში, გაიზიარა მათი არგუმენტები, შესაბამისად, ოფიციალური წერილით მიმართა სამინისტროს და კონკრეტულ საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობით მოითხოვა “ფანჯიკიძის რეფორმის” გადახედვა და საპატიო კონსულების ძველ უფლებებში აღდგენა.

კომიტეტმა პასუხი მიიღო, მინისტრის მოადგილის ქალბატონ თოთლაძის ხელმოწერით, რომელშიც ასევე საერთშორისო შეთანხმებების ინტერპრეტირების საფუძველზე მოკლედ და საკმაოდ გაუგებრად არის ახსნილი, თუ რატომ არ ელაპარაკება საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო 20–ზე მეტი მეგობარი ქვეყნის (მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების) ოფიციალურ დიპლომატიურ წარმომადგენელს…

ჯერი მორიგ მინისტრზეა. რას რას და კვირიკაშვილს უკონტაქტობას ვერ დასწამებ. ის, შესაძლებლობის ფარგლებში, ხვდება და უსმენს ყველას, ვინც მასთან აუდენციას ითხოვს ოდნავ მაინც სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, ამ პრაქტიკას კვირიკაშვილი ახალ პოზიციაზეც გააგრძელებს და 20–ზე მეტი ქვეყნის საპატიო კონსულს კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრის მიზეზი მაინც აღარ ექნება.

საკითხთან დაკავშირებულ მის შემდგომ გადაწყვეტილებაზე კი, სავარაუდოდ, დიდწილად იქნება დამოკიდებული საპატიო კონსულთა კორპუსის განწყობა ქვეყნის საგარეო უწყებასთან.

კიდევ ერთი ორჭოფული მომენტი, რომლის წინაშეც კვირიკაშვილი აღმოჩნდება, არის სამინისტროს საკადრო პოლიტიკა. ფანჯიკიძის წასვლის შემდეგ სამინისტროს თანამშრომლებმა მედიასთან ინკოგნიტოდ დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ ფანჯიკიძის მინისტრობისას ყველა ვაკანსიაზე მხოლოდ ნაციონალებთან დაკავშირებული კადრები ინიშნებოდნენ და რომ “ნაციონალური სკოლაგმოვლილობა” იყო სწორედ მთავარი კრიტერიუმი დანიშვნებისას. ეს პრაქტიკა ბერუჩაშვილის ზეობისასაც შენარჩუნდა. რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი დასაქმებულ სპეციალისტებზე, რომლებიც წლობით აგროვებენ პრაქტიკას და ერთგულად ემსახურებიან ქართულ დიპლომატიას. აქ იგულისხმება პოლიტიკურად ანგაჟირებული ის კადრები, რომლებიც თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამინისტროს პოლიტიკაზე ახდენენ  გავლენას და საკუთარი ქმედებით თუ უმოქმედობით ხელეწიფებათ პროცესების კალაპოტიდან ამოგდება. სურვილის და ნების შემთხვევაში ახალ მინისტრს და “კოჰაბიტირებაგამოვლილ” მთავრობას (რომლის ვიცე–პრემიერმაც (კალაძე) სულ ახლახანს კოჰაბიტაცია, ფაქტობრივად შეცდომად აღიარა),  პროცესებში გარკვევა არ უნდა გაუჭირდეთ.

გიორგი ცაგარეიშვილი