რატომ დაესხა თავს ლევან ბეჟაშვილს ბიზნესმენი კვირიკაშვილი თბილისის აეროპორტში
მამა-შვილი გურამ და მევლუდ კვირიკაშვილები იმ მიზეზებს ამხელენ, რის გამოც ბიზნესმენმა დეპუტატს სცემა
21 დეკემბერს, თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ,,ვერსია” ბიზნესმენ გურამ კვირიკაშვილს დაუკავშირდა. მაშინ ბიზნესმენმა მცირე კომენტარისგან თავი შეიკავა, მაგრამ ვრცელ ინტერვიუზე დაგვთანხმდა. დაპირებისამებრ, ,,ვერსია” გთავაზობთ ინტერვიუს სამშენებლო კომპანია ,,არ დი აის” დამფუძნებელ გურამ კვირიკაშვილთან, რომელიც უმცირესობის დეპუტატ, ლევან ბეჟაშვილზე თავდასხმის დეტალებს ექსკლუზიურად გვიმხელს.
_ ბატონო გურამ, კიევი-თბილისის რეისზე ისე იმგზავრეთ, უკმაყოფილება არ გამოგიხატავთ, თბილისის აეროპორტში რა მოხდა, უკნიდან რატომ მიეპარეთ ლევან ბეჟაშვილს?
_ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ როდესაც თქვენს გაზეთში ლევან ბეჟაშვილის ინტერვიუ წავიკითხე, ,,ბლატაობის” ახალი ფორმა და ,,ვაჟკაცური თემების” წამოწევის მცდელობა დავინახე. ამიტომ გადავწყვიტე პასუხის გაცემა. დიახ, ერთად ვიმგზავრეთ და სამი საათის განმავლობაში ვცდილობდი, თავი შემეკავებინა, მაგრამ ემოცია ვერ მოვთოკე. რაც შეეხება უკნიდან მიპარვას, პანჩური ამოვარტყი, მაგრამ ზურგში კი არა, ცოტა ქვემოთ. საერთოდ, ხელის გარტყმაზე პრეტენზია კაცებს აქვთ, ათი ხელი რომ მქონოდა, ლევან ბეჟაშვილს ერთსაც არ დავარტყამდი, რადგან ხანშიშესული მამა გამიმწარა და ჩემი დაჭერით ემუქრებოდა. ასეთ კაცს კი ან პანჩური ეკუთვნის, ან ტყვია!
_ პოლიციამ თქვენ და თქვენი სიძე დაგაკავათ?
_ ასე იყო… სიძესთან ერთად ვმგზავრობდი, მაგრამ ის ამ ინციდენტში არ მონაწილეობდა, უბრალოდ, შეხლა-შემოხლის დროს, მაშველებდა, ამას თავდასხმად რომ აფასებს, ეს წმინდა ნაციონალური მეთოდია. ღმერთი არ გაუწყრეთ და ჩემი ოჯახის წევრზე ისევ რამე არ იფიქროს, თორემ მისი ეს მესიჯი ჩემთვის გასაგებია.
_ ლევან ბეჟაშვილის თხოვნით გაგათავისუფლათ პოლიციამ?
_ არ ვიცი, ვისი თხოვნით გაგვიშვეს, მაგრამ 12 საათი გავატარეთ პოლიციაში და ხელწერილების საფუძველზე გაგვათავისუფლეს. შესაძლოა, საჯაროდ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ემოციურად თავი ვერ შევიკავე. თუ სასჯელს ვიმსახურებ, მზად ვარ, კანონის მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი.
_ ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ არ გიცნობთ და თავიდან ვერც კი გაგიხსენათ…
_ დიახ, ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ სახელითა და გვარით უნდა გავეხსენებინე და შესაბამისად, არც უნდა ეკითხა, რატომ მოხდა ინციდენტი. ბეჟაშვილი იმასაც გეუბნებათ, კმაყოფილი ვარ, მეც დავარტყიო. კაცს თუ რამის გაკეთება უნდა, გაზეთის საშუალებით არ ,,ბლატაობს!” მეც კმაყოფილი ვარ, მაგრამ მისი მხრიდან, ეს იაფფასიანი მუქარა იყო. ნაციონალებს ჰგონიათ, რომ ის ხელმეორე შიში, რომელიც ბესო ხარძიანისა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობით დანერგეს, ისევ მუშაობს. შეიძლება, ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ კარგად გაიგონ, რომ არავის ეშინია მათი ჯავშანჟილეტების, რადგან სპეცრაზმელების საშუალებით, სწორედ ისინი იყვნენ ძლიერები!
_ ბეჟაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გქონდათ, რადგან თქვენი კომპანია ბევრ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც. რა ურთიერთობა გქონდათ ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებთან?
_ წინა ხელისუფლებასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა. 2004 წელს, რუსეთში, აწყობილი ბიზნესი დავტოვე და საქართველოში ჩამოვედი იმედით, რომ აქ ბევრი კარგი პროექტი იწყებოდა. ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი… 2005 წლიდან ფინანსური პოლიციის წნეხი და შემოტევა ვიგრძენი. ეს პერიოდი ყველა ბიზნესმენს კარგად ახსოვს. ეკონომიკური დანაშაულის გამო, ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შემიფარდეს. მაშინ, ბიზნესმენი ბიზნესმენად არ ითვლებოდა, თუ პირობითი არ ჰქონდა! ამ ქვეყნის აღმშენებლობაში საკმაოდ დიდი წვლილი მიმიძღვის. ნაციონალები მხოლოდ ლენტებს ჭრიდნენ, თორემ ნახევარი საქართველო ჩემი აშენებულია. როცა ამბობენ, ნაციონალების დროს არაფერი გაკეთებულაო, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე მეტად, გული მე მტკივა. 2010 წლიდან ვითარება გართულდა. ჩემს თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ არც ხელისუფლების წნეხი დამკლებია, არც შანტაჟი და არც მუქარა! ბეჟაშვილი რომ გეუბნებათ, გურამ კვირიკაშვილს ჩვენს ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახლა თავის გადარჩენას ცდილობსო, ტყუილია! თავის გადასარჩენი არაფერი მჭირს, რადგან ყველა ურთულეს ობიექტს სწრაფად და კარგად ვაშენებდი. თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე ვაგებ პასუხს. კითხვაზე კი, რა მიზეზით მაშანტაჟებდა წინა ხელისუფლება, პასუხი, ალბათ, ზურაბ ადეიშვილს აქვს. რაც შეეხება სახელმწიფო ტენდერებს, არცერთში ვმონაწილეობდი. ყველა ობიექტი, პრეზიდენტის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით შევიძინე. რთულ სამუშაოებს ვასრულებდი. 2008 წლის 9 აგვისტოს, კოპიტნარის ავიაბაზა ჩემმა კომპანიამ ააშენა… ჩვენი აშენებულია ქუთაისის, ვაზიანის, ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზები… 2010 წელს, მორიგი პრობლემა პროკურატურიდან დაიწყო, რადგან გაურკვეველი მიზეზით, ჩემი ოთხი თანამშრომელი დააკავეს. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, სახელმწიფოს ყვარლის სპორტის სასახლე და რამდენიმე ობიექტი ვაჩუქე. 2011 წელს კი, იმდენად მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდი, საქართველოდან წავედი. დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. მამაჩემი დაიბარეს პროკურატურაში. სისულელეზე მოაწერინეს ხელი, თითქოს მის კომპანიას არავითარი შეხება არ ჰქონდა ჩემთან და ჩემს კომპანიასთან… ამ ფონზე, იძულებული გავხდი, 2012 წლის მაისში, დავბრუნებულიყავი.
_ თუ წინა ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ, რატომ გაშანტაჟებდნენ?
_ ჩემი და სხვა ბიზნესმენების ყველაზე დიდი შეცდომა, სწორედ თანხის გადახდა იყო. არ უნდა გავჩუმებულიყავი და სხვებისთვის მაგალითი უნდა მიმეცა.
_ ამით რას მოიგებდით? ციხეში ჩაგსვამდნენ და თანხას მაინც გადაგახდევინებდნენ.
_ ალბათ, მართალი ხართ, მაგრამ რაც მორალურად და ფიზიკურად დამემართა, ციხეში ჯდომა სჯობდა _ სახლის ჩათვლით, ყველაფერი დავკარგე.
_ ბოლო პროექტი, რომელიც განახორციელეთ, მესტიაში, პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა იყო?
_ დიახ, მაგრამ მესტიის რეზიდენციის მშენებლობა კომერციულად მომგებიანი პროექტი არ ყოფილა. ერთ-ერთ კომპანიას გადაუხადეს ავანსი, მაგრამ სამუშაოები ვერ შეასრულა. პრობლემური ობიექტი იყო, რომელსაც ამოქაჩვა სჭირდებოდა და ადეიშვილის თხოვნით, მშენებლობა ჩემმა კომპანიამ დაიწყო. ავსტრიელი სპეციალისტი ჩამოვიყვანე, მენეჯმენტი დავალაგე და 2-3 თვეში, ცარიელ ადგილზე, რეზიდენცია ავაშენეთ. მშენებლობას, პირადად ადეიშვილი კურირებდა, თუმცა ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი, ვერა ქობალიაც ამ ობიექტზე ,,ცხოვრობდა”. მესტიის რეზიდენციის მშენებლობის დასრულებისთანავე, გადავწყვიტე საქართველოდან წასვლა. თანხები იყო გადასარიცხი შემსრულებლებზე, ქვეკონტრაქტორებზე, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი უშუალოდ კურირებდა და ადეიშვილის სახელით მთხოვდა, სახელმწიფოსთვის 400 000 ლარი მეჩუქებინა. ამ პროექტის შემდეგ, საქართველოდან წავედი, რადგან აქ ჩემს დარჩენას აზრი არ ჰქონდა.
_ როგორც დაზარალებულმა ბიზნესმენმა, პროკურატურას მიმართეთ?
_ რა თქმა უნდა და ამიტომ მინდა, პარლამენტის თავმჯდომარესაც გამოვეხმაურო, რომელმაც მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს ვერბალური და ცივილური ფორმა. თუ პარლამენტის თავმჯდომარეს ჩემს ქმედებაში ასეთი ფორმები აინტერესებს, თქვენი გაზეთის საშუალებით ვეტყვი, რომ პროკურატურაში არაერთი განცხადება შევიტანე, პარლამენტსაც მივმართე, სწორედ იმ კომისიას, რომელსაც თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობდა. მხარდაჭერაც აღმითქვეს, მაგრამ ჯერჯერობით, ამას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
_ ანუ პროკურატურას მოკვლევა არ დაუწყია?
_ ბევრი საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს გარეშეც შეიძლებოდა. ყველაფერი ვცადე. მინდოდა, ინფრასტრუქტურულ და თავდაცვის სამინისტროს პროექტებში მიმეღო მონაწილეობა, კომისიაზეც წარვადგინე ჩემი განაცხადი. მხოლოდ იმას ვითხოვდი, ვიდრე სიმართლე არ გაირკვეოდა, სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობის უფლება მოეცათ, თუმცა უშედეგოდ. დღემდე, ჩემი კომპანიები დაყადაღებულია. 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციაში დამიბარეს, ვიფიქრე, ჩემს საქმესთან დაკავშირებით მიბარებდნენ, მაგრამ გამომიცხადეს, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე უნდა დაგკითხოთო. ვერ მივხვდი, რა შუაში ვიყავი. სინამდვილეში, აინტერესებდათ, ქუთაისის ან კოპიტნარის სამხედრო ბაზებზე, რომლებიც 2005 წელს ავაშენე, სასადილო იყო თუ არა გათვალისწინებული. არადა, ამ ბაზებს სამი-ოთხი სასადილო ჰქონდა, თუმცა გენინსპექციის წარმომადგენლებმა მითხრეს, აზომვითი სამუშაოები ჩავატარეთ და ერთ-ერთ ადგილს, კუბნახევარი ბეტონი აკლდაო. მერე კიდევ დამიბარეს და მითხრეს, რომ ერთ-ერთ ობიექტზე, გარკვეული დეფექტები აღმოაჩინეს. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ის ობიექტი ჩემი აშენებული არ ყოფილა.
_ ბატონო გურამ, ,,ნინო ბურჯანაძე _ კოალიციის” სახელით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს იყრიდით?
_ დიახ, ამ კოალიციის სახელით, დიდუბის რაიონის მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს. პარტიის წევრი არ ვარ. მესამე ადგილზე გავედი და ეს ამბავი ასე დასრულდა.
_ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ?
_ გამოკვეთილი არაფერია, მაგრამ ამაზე ვფიქრობ.
***
ინციდენტი, რომელიც გურამ კვირიკაშვილსა და ლევან ბეჟაშვილს შორის, 21 დეკემბერს, თბილისის აეროპორტში მოხდა, ბიზნესმენის მამას, მევლუდ კვირიკაშვილს უკავშირდება. ,,ვერსიაში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რედაქციაში მევლუდ კვირიკაშვილი გვეწვია და დეტალურად აგვიხსნა მიზეზი, რის გამოც მისმა შვილმა დეპუტატს სცემა.
_ ბატონო მევლუდ, ლევან ბეჟაშვილთან რა პრობლემა გქონდათ?
_ ,,ევ ჯე ტე ჯორჯიას” დირექტორი ვიყავი და დღესაც ამ კომპანიას ვხელმძღვანელობ, მაგრამ სამწუხაროდ, საბრუნავი თანხა აღარ გვაქვს და გაჩერებულები ვართ. ჩემი კომპანია, ძირითადად, ვიტრაჟებსა და ფასადებზე მუშაობდა. ყველაზე ნათელი მაგალითი ყოფილი სასტუმრო ,,აჭარის” შენობაა, რომელიც უცხოელებთან ერთად, ჩვენ გავარემონტეთ. ამის შემდეგ მივიღეთ ტენდერში მონაწილეობა, რათა ყოფილი კონტროლის პალატის შენობის ფასადის სარემონტო სამუშაოები შეგვესრულებინა. ტენდერში გავიმარჯვეთ. სამუშაოები ახალი დაწყებული გვქონდა, როცა კონტროლის პალატაში თავმჯდომარედ ლევან ბეჟაშვილი დანიშნეს. აქედან დაიწყო ჩემზე ზეწოლა მისგან და მისი მოადგილე შოთა თარხნიშვილისგან. ბეჟაშვილი პირდაპირ მთხოვდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან, რაც ამ სამშენებლო სამუშაოებს სჭირდებოდა, 200 000 ლარი სახელმწიფოსთვის მეჩუქებინა. არადა, ამგვარი მოთხოვნის იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა, რადგან სამუშაოები ჯერ დასრულებული არ იყო. ამის შემდეგ შვილის, გურამის დაჭერით დამემუქრნენ და შანტაჟსაც კი არ ერიდებოდნენ. თავიდან წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მერე ისე დარწმუნებით მითხრეს, პროკურატურა და სასამართლო ჩვენია, სად გვიჩივლებო, სხვა გზა არ მქონდა და 200 000 ლარის სახელმწიფოსთვის ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელი მოვაწერე. აი, ეს იყო მიზეზი, რის გამოც გურამსა და ბეჟაშვილს შორის, აეროპორტში ინციდენტი მოხდა. მთავარი მიზეზი მე ვარ. შესაძლოა, ბეჟაშვილი გურამს სახეზე არ იცნობდა, მაგრამ ძალიან კარგად იცის, ვინ იყო და ისიც იცის, რატომ დაარტყა.
_ ბატონო ლევანი ამბობს, რომ ტენდერი, რომელზეც ახლა საუბრობთ, პრობლემური იყო და თქვენი კომპანია ,,ევ ჯე ტე ჯორჯია”, სამუშაოებს დაგვიანებით ასრულებდა.
_ ამას თავის წესი და კანონი აქვს! თუ მართლა ასე იყო, კომპანია რატომ არ დააჯარიმეს? იურისტი და პარლამენტის წევრი ამას როგორ ამბობს? თუ ტენდერით გათვალისწინებული ვადებს ვარღვევ, კანონის მიხედვით დამსაჯე და ჯარიმაც დამაკისრე! როგორ შეიძლება, ამის გამო კომპანიას თანხა დააკლო? იურიდიული საფუძველი რომ ჰქონოდათ, დარწმუნებული ვარ, დაგვაჯარიმებდნენ კიდეც. ვადის დარღვევა არაფერ შუაშია. მიზანი 200 000 ლარის წაღება იყო და წაიღეს კიდეც. მე და ჩემი კომპანიის თანამშრომლები სამი დღე, გაფიცულებიც კი ვიყავით, მაგრამ ბოლოს მაინც ,,ვაჩუქე” სახელმწიფოს 200 000 ლარი _ ვიცოდი, გურამს დაიჭერდნენ. გამოძიებამ ისიც უნდა დაადგინოს, სად წავიდა 2008-2009 წლებში, კონტროლის პალატის ფასადის სარემონტო სამუშაოებისთვის, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 200 000 ლარი? გაირკვეს, ეს თანხა ბეჟაშვილმა მიითვისა თუ არა.
_ სამართლიანობის აღდგენის მიზნით, პროკურატურას მიმართეთ?
_ დიახ, პროკურატურასაც მივმართე და სპეციალურ დეპარტამენტსაც, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა. დაკითხვაზეც დაგვიბარეს მე და ჩემი მოადგილე, ეთერ ცინცაძე. მიმაჩნია, რომ ლევან ბეჟაშვილი და მისი ყოფილი მოადგილე შოთა თარხნიშვილი, ზონდერები არიან, მათი ადგილი ციხეშია, რადგან ათეულობით ოჯახი დააწიოკეს, მათ შორის ჩვენც.
მაია მიშელაძე
წყარო: ვერსია