14/05/2024
Latest:
ეკონომიკა

როდის და რა პირობებით გაგრძელდება ხუდონჰესის მშენებლობა

“ხუდონჰესის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება”

ხელისუფლებამ ხუდონის მშენებლობაზე საუბარი განაახლა. პარალელურად, გააქტიურდნენ ამ პროექტის მოწინააღმდეგენიც. მათი პოზიცია შეუცვლელია და აცხადებენ, რომ, რასაკვირველია, გამოქვაბულში ცხოვრებას არავინ აპირებს, მაგრამ ერთ ხეობაში სამი დიდი ჰესის (ენგურის და ორი ახალი ჰესის-ხუდონის და ნენსკრას) მშენებლობა ბალსქვემოური სვანეთის განადგურებას ნიშნავს.

უზარმაზარი სივრცე დაიფარება წყლით, ეს იქნება დიდი სარკე და ჩვენი ქვეყანა მალე გახდება დიდი წყალსაცავი და არა ქვეყანა; შეიცვლება კლიმატი, დიდი რაოდენობით ტყე გაიჩეხება, მცენარეული, ცხოველთა სამყარო განადგურდება, მეწყერი გააქტიურდება. კლიმატის შეცვლა აისახება რაჭაზეც, სადაც უნიკალური ყურძნის ჯიშები აღარ გვექნება. ქვეყანაში ამდენი ჰესის აშენება ბუნებას მთლიანად შეცვლის.

ხუდონის მოწინააღმდეგეთა აზრით, მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნები გადადიან განახლებად ენერგიაზე (ქარისა და მზის ენერგიაზე), საქართველოში ვიღაცის მერკანტილურ ინტერესს ეწირება ჩვენი ბუნება. მაგალითად, ბელგია სულაც არ არის მზიანი ქვეყანა, აქ სულ წვიმს და ავდარია, მაგრამ ასეთ ქვეყანაშიც კი მოახერხეს ჩანაცვლება და განახლებად ენერგიაზე გადასვლა. ამ მხრივ მზიან საქართველოს დიდი რესურსი აქვს, ბოლოს და ბოლოს, სამეგრელოში ცხელი წყალი იღვრება, არადა, ამ რესურსს შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას. მზისა და ქარის ენერგიის, ასევე, მიწისქვეშა თბილი წყლების დიდი მარაგები, რომელზეც დგას მთელი დასავლეთ საქართველო, გამოუყენებელია. ამ ფონზე ისრაელში არცერთი სახლი არ შენდება, რომელსაც წყალგამაცხელებელი არ ექნება. ერთი წყალგამაცხელებელი კი უზარმაზარ სითბურ ენერგიას აძლევს ადამიანებს.

გარდა ამისა, ხუდონის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი ისიცაა, რომ გიგანტური ჰესის აშენებით საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლი ირღვევა, რომლის თანახმადაც, ერთიანი ენერგეტიკის სისტემა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება. ენერგოსისტემა შეიძლება გასხვისდეს, მაგრამ მისი საკონტროლო პაკეტი საქართველოს სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს. მაგალითად, მიუხედავად ბრიუსელის რეკომენდაციებისა, გაიხსნას ენერგობაზარი და ევროპულ ქვეყნებში უცხოელი ინვესტორები შევიდნენ, ევროპული ქვეყნები უარს ამბობენ ამ მოთხოვნის შესრულებაზე, რადგან მათთან მონოპოლია ადგილობრივ ენერგოფირმებს აქვთ აღებული. ევროპული ენერგოსისტემა ძალზე მკაცრად კონტროლდება. თუნდაც საფრანგეთში მიიჩნევენ, რომ ამ სფეროში უცხოელის შეშვებით ქვეყნის სტრატეგიულ კურსს საფრთხეს შეუქმნიან.

“ხუდონის მშენებლობა რისკფაქტორებს გაზრდის”

ენერგეტიკის მენიერებათა დოქტორი მირონ ფირცხელანი აცხადებს, რომ ხუდონჰესის უკან რუსეთი დგას. იგი ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მოითხოვს, გიგანტური ჰესების მშენებლობაზე ხელი აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ გამოუცხადონ სვანებს, რომ გენოციდს უწყობენ.

ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ ხუდონის მშენებლობა რისკფაქტორებს გააძლიერებს. საუბარია არა მარტო მიწისძვრებსა და ბუნებრივ მოვლენებზე (ზვავები, სტიქიური უბედურება), არამედ იმაზეც, რომ სამხედრო შეტევების დროს პირველი დარტყმის წერტილები სწორედ კაშხლები გახდება, მათ შორის, ხუდონის კაშხალი. ენერგეტიკოსი 2008 წელს იხსენებს, როცა ენგურისა და ჟინვალის წყალსაცავებს რუსული ბომბდამშენები თავს დასტრიალებდა, თუმცა იმ პერიოდში ღმერთმა დაგვიფარა.

„სამივე მიზეზით გამოწვეული უბედურება კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს. მილიარდნახევარი კ/მ წყლის შავ ზღვაში ინტენსიურად გადასვლის შედეგად უმკაცრესი საშიშროების წინაშე დადგება მთლიანად იმერეთის დაბლობი, სამეგრელო და აფხაზეთი, შავიზღვისპირა ქვეყნები, განსაკუთრებით, თურქეთის სანაპირო. ხაიშის, იდლიანის, ჭუბერის მოსახლეობა, ნებსით თუ უნებლიეთ, უნდა გადასახლდეს იქიდან, ანუ სვანეთის ბალსქვემოური მოსახლეობა აღარ დაგვრჩება. ვისია მოგება? მილიარდნახევარ კილოვატსაათს, რომელიც იქ გამომუშავდება, მთლიანად გაყიდის უცხოელი მესაკუთრე, მაგრამ მისი ერთი კილოვატსაათის ღირებულება იმდენად მაღალი იქნება, რომ ქართველი მომხმარებელი ვერ ისარგებლებს. უფრო იაფად შეისყიდის ელექტროენერგიას მეზობელი ქვეყნებიდან (რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან), ვიდრე საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ღირებულება იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ მარეგულირებელმა კომისიამ სატარიფო სისტემა უკვე შეცვალა, ბუნებრივია, ტარიფი იქაც მოიმატებს, რადგან ლარის დევალვაცია მათზეც მოქმედებს. 15 მილიონად გვიღირს მთელი ბალსქვემოური სვანეთის აყრა? ჩვენ ხომ უამრავი შენაკადი გვაქვს ენგურზე, რომლის გამოყენებაც შეიძლება“?! – აცახდებს მირონ ფირცხელანი.

იმ არგუმენტთან დაკავშირებით კი, რომ ხუდონის უკან არა ინდური კომპანია, არამედ რუსები დგანან, აცხადებს, რომ ეს ქართველი სამხედროების, მათ შორის, გენერალთა კლუბისა და სხვადასხვა დონის მეცნიერული კვლევის შედეგად მტკიცდება. კერძოდ, ხუდონჰესის კაშხლიდან 10 კილომეტრში, კოდორის ხეობაში დგანან რუსეთის ჯარები, რომელთა მიზანიც მოსახლეობის რამენაირად აყრაა, რომ პირდაპირი გადასასვლელი შეექმნათ ჯერ ლენტეხში, ბავარის ხეობაში. აქედან კი ადიხართ უკვე კვაისაში, ანუ რაჭაში, სადაც, ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯარები დგანენ. აქედან გამომდინარე, იქმნება ერთიანი ხაზი და ამით კავკასიონის 500-კილომეტრიან ზოლს მთლიანად მოწყვეტენ საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიას.

“მიმაჩნია, რომ ხუდონჰესი იქნება ქართული ენერგოსისტემის ყველაზე საიმედო რეზერვი”

ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია”. “აფბა”-ს ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, ხუდონჰესი ქართული ენერგოსისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი იქნება და აღნიშნული სადგურის მშენებლობა გარდაუვალი აუცილებლობაა.

“ხუდონის ირგვლივ საკმაოდ ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. აღნიშნული ობიექტის მოწინააღმდეგეები ძირითადად გარემოს დამცველი ორგანიზაციები არიან. რა თქმა უნდა, მათი პოზიციები გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულ წილად დიდ ჰიდროელექტროსადგურებს მცირედი გავლენის მოხდენის საშუალება გარემოზე ნამდვილად აქვს, თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და აუცილებლად უნდა ავყვეთ იმ ტენდენციას, რასაც რეალური სურათი მოითხოვს. საქართველოს ყოველწლიურად მზარდი ელექტროენერგიის მოხმარება აქვს, რასაც ბუნებრივია დაკმაყოფილება სჭირდება, სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ აუცილებელია ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა. ვფიქრობ, რომ ახალი ჰესების მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად უნდა მოხდეს ქვეყნის ენერგოინტერესებისა და კლიმატზე ზრუნვის ჰარმონიზაცია. როცა გარემოზე ზემოქმედების საკითხზე ვსაუბრობ აქვე მახსენდება, 1989 წელს შექმნილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების აქტი, სადაც გარკვევით წერია, რომ ხუდონის ელექტროსადგურს არ შეუძლია ზემო სვანეთისა და მდინარე ენგურის აუზის საერთო კლიმატის შეცვლა. რაც შეეხება ხუდონის სეისმომედეგობის საკითხს უნდა ითქვას, რომ ხუდონჰესის კაშხალი 9 ბალიან მიწისძვრაზე არის გათვლილი და საქართველოში აღნიშნული კაშხალი ყველაზე მდგრადი ნაგებობა იქნება. (ცნობისთვის ენგურის კაშხალი 8 ბალიან მიწისძვრაზეა გათვილი) ასევე არის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ჰიდროელექტროსადგურების მიერ დატბორილი ტერიტორიები სხვადასხვა სახის კატაკლიზმებისა და ბუნებრივი კატასტროფების მაპროვოცირებელია. რეალურად, ყოველგვარი ემოციების გარეშე, რომ შევაფასოთ ეს არგუმენტიც საკმაოდ სუსტია, გამომდინარე იქიდან, რომ კატაკლიზმები და სტიქიები მაშინაც ხდებოდა სანამ საერთოდ ელექტროენერგია იარსებებდა.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი დიდი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში გახლავთ ის, რომ ასეთი ტიპის ჰესებს შეუძლიათ ენერგეტიკულ ქსელში საიმედო რეზერვის შექმნა, რის გარეშეც ქსელის საიმედოობისა და მისი გამართულად მუშაობის პრობლემები იქმნება და მიმაჩნია, რომ სწორედ ხუდონჰესი იქნება ქართული ენერგოსისტემის ყველაზე საიმედო რეზერვი. დღეს ასეთი ტიპის რეზერვები თბოელეტროსადგურების მეშვეობით იქმნება, რომლებიც იმპორტირებულ ნედლეულზე მუშაობენ.

დიდი მარეგულირებელი ჰესების მშენებლობაში, ასევე მნიშველოვანი ფაქტორი გახლავთ გრძელვადიან პერსპექტივაში, ელექტროენერგიაზე ფასების დასტაბილურების საკითხი. შიდა გენერაციის ობიექტები იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებისა და იმპორტირებული ნედლეულით გამომუშავებული ენერგიის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს. როგორც მოგეხსენებათ იმპორტირებული ენერგიის შესყიდვა პიკურ პერიოდებში საკმაოდ ძვირი გვიჯდება, რაც ელექტროენერგიის ფასებზე საკმაოდ უარყოფითად აისახება. ამას ემატება ისიც, რომ იმპორტზე დამოკიდებულება ენერგოუსაფრთხოების კუთხით საკმაოდ რთულ სიტუაციაში ჩაგვაყენებს.

ხუდონჰესის მშენებლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მიმზიდველი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური მახასიათებლები, როგორც მოგეხსენებათ ხუდონს ქართულ ეკონომიკაში 1,2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა შეუძლია, რაც ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

“ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ენერგოსისტემა უნდა განვიხილოთ იზოლირებულ რეჟიმში, მავნებელი და უვიცია”

ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ ხუდონის უკან რუსები არ დგანან და ეს ინტერპრეტაციის წყაროა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საბჭოთა პერიოდშია გაკეთებული და განიხილებოდა, როგორც საბჭოთა კავშირის ენერგეტიკული სისტემის შემადგენელი ნაწილი, რადგან საქართველო სამხრეთ კავკასიისა და ამიერკავკასიის რეგიონის ერთ-ერთ საკვანძო ენერგეტიკულ სტრუქტურად მიიჩნეოდა. ხუდონჰესის პარამეტრებიც შეირჩა ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებად.

„ახლა იბადება კითხვა, თუ ხუდონი იმ დროისთვის შესაბამისი პარამეტრებით იქნა შერჩეული, ესადაგება კი ეს დღევანდელ მოთხოვნებს? მე არ ვარ შემთხვევითი კაცი, ამ დარგში 52 წელია ვმუშაობ, უბრალო ინჟინრით დავიწყე და გავხდი პირველი კაცი, ამ დარგის ხელმძღვანელი პროექტირების, სამეცნიერო კვლევებისა და ზედამხედველობის განხორციელების კუთხით. ამ ყველაფერს ახორციელებდა ჩემი ინსტიტუტი, სადაც 30 წელი ვიყავი დირექტორად. დღეს ვაცხადებ, რომ ხუდონის პროექტი დღევანდელ მოთხოვნებს ესადაგება. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ენერგოსისტემა უნდა განვიხილოთ იზოლირებულ რეჟიმში, მარტო საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მავნებელი და უვიცია. სისტემათაშორისი კავშირები, ურთიერთობები, გაცვლები ენერგოეფექტურობის ამაღლების პირველი წყაროა. ხუდონჰესი უნდა განვიხილოთ ამიერკავკასიაში არსებულ ობიექტად. ამიერკავკასიაში არაფერი შეცვლილა, ისევ არის რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, მიემატა თურქეთი. შესაბამისად, მისი ზემოქმედების არეალი და დაინტერესების არეალი უფრო გაფართოვდა. აქედან გამომდინარე, ხუდონი თავისი პარამეტრებით ესადაგება ხვალინდელ დღესაც“

– აცხადებს ანზორ ჭითანავა.

რაც შეეხება უარყოფით ფაქტორებს, იგი ადასტურებს, რომ ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება, მაგრამ გადასახლებაც არის და გადასახლებაც. ინვესტორი ვალდებულია, მათ კომფორტული ცხოვრების პირობები შეუქმნას, რათა ხაიში პირისაგან მიწისა არ აღიგავოს და გაჩნდეს ახალი დასახლება ხაიშის სახით, ქვედა ნაწილში შეიძლება ამის გაკეთება, ეს მოფიქრებულიცაა და პროექტიც შედგენილია.

იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ ხუდონი სვანეთის კლიმატზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ენერგეტიკოსი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მიკროშეზღუდულ ზონებში იმოქმედებს. ეს გავლენა გავრცელდება წყალსაცავის სიმაღლეზე, მაქსიმალური ზონიდან 800 მეტრზე და წყალსაცავის ბოლო წერტილიდან კილომეტრნახევარზე, ხოლო დანარჩენ ზონაში ეს არ ვრცელდება.

„ამბობენ, ეს სვანეთს გადააშენებს, დაიწყება მეწყერები, კატაკლიზმები. ამ კატაკლიზმების გააქტიურებას ხელს უწყობს აგრესია, რომელიც ადამიანმა შეიძლება გამოიჩინოს ამა თუ იმ მშენებლობის დროს. აგრესია არ უნდა გამოვიჩინოთ, პირიქით, უნდა შევძლოთ მისი შეკავება. ხუდონის ელექტრონერგიის საფასური საკამათო ხდება იმ ადამიანებისთვის, ვინც აზრზე არ არის, რა არის ენერგეტიკა და როგორ დგება ენერგეტიკაში ტარიფები. ინვესტიციის გამოსყიდვის პერიოდში ტარიფი იქნება მაღალი, ე.ი. დაახლოებით 8-10 წელიწადი დასჭირდება იმ ინვესტიციის გამოსყიდვას, რაც ჩაიდება, მაგრამ ეს ტარიფი იქნება მთელ ქვეყანაში თანაბრად განაწილებული, შეწონილი ტარიფი. ამ დროის გასვლის შემდეგ კი ტარიფი თვითღირებულების ტოლი გახდება. ხუდონის ერთი კილოვატსაათის ღირებულება 12-დან 15 ცენტამდე იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში გაძვირდება ელექტროენერგიის ღირებულება. 8-10 წლის მერე, როცა ამ ტარიფის მეშვეობით გამოსყიდული იქნება ხუდონის ინვესტიციები, სხვა ტარიფი იმოქმედებს. მისი ექსპლოატაციის პერიოდი 50-დან 80 წლამდეა“.

გარდა ამისა, ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ მათ მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, ხუდონის ზევით არავითარი დიდი წყალსაცავები და დიდი კაშხლები არ ააშენონ, რადგან სვანეთის რეგიონში აგრესია, ბუნებაზე ზემოქმედება, აფეთქებები, მდინარის კალაპოტის შეცვლა შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს. ამიტომ, მისი აზრით, სავსებით საკმარისია ენგურისა და ხუდონის ერთობლიობა იმისთვის, რომ ეს პრობლემა საქართველოში გადაწყდეს.

„მოიყვანეთ ის ხალხი, ვინც ამას ეწინააღმდეგება და მათ ავუხსნი ყველაფერს“

– ასეთია ანზორ ჭითანავას პოზიცია.

for.ge