06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკისთვის რისკად იქცეს”

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანადაძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი და ეკონომიკური სანქციები, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორად იქცეს.

ექსპერტი სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით წერს, “რუსეთ-თურქეთის სამხედრო კონფლიქტი და მისი “გაგრძელება”, ე.წ. ეკონომიკური სანქციების ომი, შესაძლებელია, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისთვის და უფრო კონკრეტულად, ლარის სტაბილურობასთან დაკავშირებული თემისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ საგარეო რისკ-ფაქტორად იქცეს.

იმის გათვალისწინებით, რომ:

1. რუსეთ-თურქეთს სავაჭრო ბრუნვამ 2014 წელს 31 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის ცხრა თვის განმავლობაში კი, 18 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მომსახურების კომპონენტის გათვალისწინებით, რუსეთ-თურქეთის 2014 წელს საქონლისა და მომსახურების საერთო ჯამური ბრუნვა 44 მლრდ. აშშ დოლარი იყო.

2. მხოლოდ 2015 წლის 9 თვეში გრიფით საიდუმლო (სამხედრო პროდუქცია) რუსეთიდან თურქეთში 6 მლრდ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

3. თურქეთის მოხმარებული ბუნებრივი აირის 60% რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე მოდის. ამასთან, თურქეთის ნავთობპროდუქტების საცალო ბაზრის ბაზრის 7% რუსულ ნავთობკომპანიაზე მოდის.

4. მხოლოდ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში თურქეთში რუსეთიდან 3 მილიონზე მეტი ტურისტი ჩავიდა.

5. აღარაფერს ვამბობ რუსულ აქტივებზე თურქეთში და პირიქით”, – წერს ექსპერტი.

ლევან კალანდაძე ამ აფქტორებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ეს კონფლიქტი ეკონომიკურ ფაქტორებზეც აისახება. “ამიტომ, ბუნებრივია, ე.წ. ეკონომიკური სანქციების ომი მნიშვნელოვნად თუ არა, საგრძნობლად გააუარესებს ეკონომიკურ მდგომარეობას როგორც თურქეთში, ისე რუსეთში, და შეუძლებელია ამ ეკონომიკურმა “ომმა” ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს ამ ქვეყნების საგადამხდელო ბალანსებზე. შესაბამისად კი, ადგილობრივი ვალუტების, რუბლისა და ლირას გაცვლით კურსებზე. აგრეთვე, ჩვენი მოქალაქეების მიერ უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების კიდევ უფრო შემცირებაზე როგორც რუსეთიდან, ისე თურქეთიდან.

აქედან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ეკონომიკა და მათ შორის ლარის სტაბილურობა, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული რეგიონში არსებულ და განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ეს ფაქტორი შესაძლებელია განხილულ და დანახულ იქნეს როგორც ახალი, დამატებითი საგარეო რისკ-ფაქტორი საქართველოსთვის 2016 წლის განმავლობაში – საქართველოს საგადამხდელო ბალანსის წონასწორობისა და ქვეყანაში ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით…”, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და იქვე გამოთქვამს იმედს, რომ “ამ კონკრეტული გამოწვევების შესაბამისი ღონისძიებების და სტაბილიზაციის გეგმის შემუშავებაზე, ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი უკვე მუშაობენ ერთობლივად. ყოველ შემთხვევაში, მინდა იმედი ვიქონიო რომ ასეა…”

წყარო: Ipress.ge