აფბა: პოლიტიკური პარტიების მხრიდან საპენსიო დაპირებები პოპულისტურია
„აფბა“-ს ვიცე–პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე, პარტიების ეკონომიკური პროგრამების ორმიმართულებას, დასაქმებას და საპენსიოუზრუნველყოფას აფასებს
წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური პარტიების ეკონომიკურ პროგრამებში, დასაქმება და საპენსიო უზრუნველყოფა ის კომპონენტებია, რომლებიც ამომრჩეველთა ყველაზე ფართო მასებზეა გათვლილი. ბუნებრივია, ელექტორატისთვის იმ პარტიების პროგრამები არის უფრო მეტად საინტერესო, ვისაც პარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი აქვს, ასეთებად კი მიმდინარე ეტაპზე, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოიაზრება. შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა, სწორედ ამ ორი პოლიტიკური პარტიის, ორი ძირითადი მიმართულების, დასაქმების და საპენსიო უზრუნველყოფის შედარებითი ანალიზია.
,,ნაციონალური მოძრაობა“ სამუშაო ადგილების 90 000-ით ზრდას პროგნოზირებს, ,,ქართული ოცნება“ 200 000-ით
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, მათი საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 ათასამდე ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მომდევნო წლებში კი, ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის ამ დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, ყოველწლიურად 30,000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება. დაპირება მიმზიდველად ჟღერს, თუმცა მის რეალურობასთან დაკავშრებით შეგვიძლია ვიდავოთ. ინფორმაციისთვის, 2015 წლისათვის საქართველოში 241 ათასი უმუშევარი გვყავს. ენმ-ს პროგრამით 2017 წელს 45, ხოლო მომდევნო 3 წელიწადში კიდევ 90 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც უხეში გათვლებით უმუშევართა რაოდენობის 241-დან 106 ათასამდე შემცირებას ნიშნავს. ანუ, უმუშევრობა მომდევნო 4 წელიწადში 56%-ით შემცირდება და თუ 2015 წელს ის იყო 12%, ენმ-ს გათვლებით 2020 წელს 5%-ი გახდება, რაც ბევრი განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი საოცნებო მაჩვენებელია და პოპულისტურ განცხადებას უფრო გავს ვიდრე რეალურს. მით უფრო თუ გავითვალსწინებთ პარტიის საარჩევნო პროგრამას, სადაც არ არის საუბარი ისეთ რეგულაციებზე და კანონპროექტებზე, რომლებიც რეალურად შექმნის ამ სამუშაო ადგილებს. ასევე, გაუგებარია, რატომ იცვლება შემდგომ წლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენცია კლებისკენ – 45,000-დან 30,000-სკენ. ბუნებრივია, ზუსტი გათვლა შეუძლებელია, თუმცა სწორი რეფორმების შემთხვევაში, უცნაურია რატომ უნდა წინასწარმეტყველებდეს პოლიტიკური პარტია კლების ტენდენციას და არა ზრდისას.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ეს დაპირება პოპულისტურს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურს, მით უფრო თუ გავიხსენებთ მათი მმართველობის პერიოდს, როდესაც პირველ წლებში, უმუშევრობა მუდმივად იზრდებოდა. 2003 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,5% იყო, ხოლო 2008 წელს 16,5% და მან მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში დაიწყო კლება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად 2009 წელს უმუშევრობამ 16.9%-ი შეადგენდა, მხოლოდ 2010 წლიდან დაიწყო ამ ციფრმა შემცირება და ჯერ 16.3%, ხოლო 2011 წელს კი 15.1%-ი შეადგინა. ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სამუშაო ადგილები 1 მილიონ 814 ათასიდან, 1 მილიონ 724 ათასამდე შემცირდა. შესაბამისად, „ნაციონალების“ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 90 ათასით იკლო.
რაც შეეხება ,,ქართული ოცნების“ დაპირებას, როგორც პარტიის ეკონომიკურ პროგრამაშია გაწერილი 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება დამატებით 200,000 სამუშაო ადგილის შექმნა. დაპირება საკმაოდ ამბიციურია, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკის დონეზეა შეთავაზებული გასაკეთებელი აქტივობები. მათ შორისაა შრომის ბაზრის მოთხოვნების ფუნდამენტური შესწავლა და პროფესიული განათლების სისტემის რეფორმა. სამუშაო ადგილების ზრდა იგეგმება 5 ძირითადი რეფორმის შედეგად, ესენია: მოგების გადასახადის რეფორმა, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და ტურიზმის, ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
მნიშვნელოვანია, რომ ,,ქართული ოცნების“ მხრიდან მოხდა დასაქმების საკითხის ასეთი დეტალური ჩაშლა, თუმცა საინტერესოა რამდენად მოხერხდება მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად 50 000 სამუშაო ადგილის შექმნა, ვინაიდან წინასწარ იმის თქმა რთულია თუ რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის რეინვესტირებული მოგების შედეგად გაფართოებული ბიზნესი. ტურიზმის საგრძნობი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში სახეზეა, შესაბამისად ამ სექტორის მიერ შექმნილი 50 000 სამუშაო ადგილი საკმაოდ რეალისტურად ჟღერს. რთულია წინასწარ მსჯელობა იმაზე თუ რამდენად მოხერხდება სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე 40 000 სამუშაო ადგილის შექმნა, თუმცა ფაქტია, რომ პროგრამის ფარგლებში მუდმივად იქმნება სხვადასხვა საწარმოები და სახელმწიფო პროგრამების მიმართ ინტერესი ბიზნესისა და მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, როგორც ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან და ასევე საარჩევნო პროგრამაში იმდენად მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელებაა დაგეგმილი, რომ სრულიად რეალურია ამ სექტორმა 4 წლის განმავლობაში შექმნას 40 000 სამუშაო ადგილი. დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი ამ ეტაპზე გამოქვეყნებული არაა, ამიტომ რთულია იმაზე მსჯელობა, შეიქმნება თუ არა ამ რეფორმის შედეგად 10 000 სამუშაო ადგილი.
თუ გადავხედავთ შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ანუ 2012 წელს უმუშევრობა 15%-ს შეადგენდა და იგი ყოველ მომდევნო წელს შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. 2013 წელს მან 14.6% შეადგინა, 2014 წელს 12.4%, ხოლო 2015 წელს უმუშევრობა 12% იყო. ანუ, სახეზეა ყოველწლიურად უმუშევრობის დონის შემცირება, რაც იძლევა იმის რეალურ საფუძველს, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელუსუფლებაში დარჩენისა და სწორი პოლიტიკის გახორციელების შემთხვევაში იგივე ტენდენცია გაგრძელდეს.
,,ნაციონალური მოძრაობა“ პენსიის ზრდას 50 ლარით გეგმავს, ,,ქართული ოცნება“ განვითარებას არჩევს
რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას. პროგრამის მიხედვით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, რომ 2016 წლის ნოემბრიდან პენსია გაზარდოს 50 ლარით და განახლდება სახელმწიფო პენსიების მუდმივი ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ. როგორც წესი, პენსიების ზრდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულისტური დაპირებაა პარტიების მხრიდან და ტრადიციულად საბოლოოდ დაპირებად რჩება ხოლმე. მით უფრო, რომ თითოეული პენსიონერისთვის პენსიის 50 ლარით ზრდა ბიუჯეტს 450 მილიონი ლარი უჯდება, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია და გადასახადების შემცირების პარალელურად ფაქტობრივად წარმოუდგენელი, მიუღწევადი და პოპულისტურია.
რაც შეეხება ,,ქართულ ოცნებას“, მათ საარჩევნო პროგრამაში არ არის აღნიშნული პენსიების ზრდა. როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა სხვა გზა აირჩია. პროგრამა გვეუბნება, რომ შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. გაუმჯობესდება საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და პენსიონერებისთვის, ასევე განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი. ანუ პარტიის მიზანია გაიზარდოს პენსიები არა პირდაპირი გზით, არამედ გაგრძელდეს პენსიონერების უზრუნველყოფა ჯანდაცვის კუთხით და მოხდეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. რაც ხშირ შემთხვევაში უფრო დიდი შეღავაღია თითოეული ოჯახისთვის ვიდრე რამდენიმე ლარით პენსიის ზრდა. ასევე, პარტიის მიზანია მოხდეს ბიუჯეტით თანხების მიმართვა ქვეყნის განვითარებაზე და შემდეგ ეკონომიკის ზრდის შესაბამისად გაიზარდოს პენსიებიც. თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორი გზით განვითარება უფრო მოსაღებია, ბუნებრივია, ეს მხოლოდ ამომრჩეველზეა დამოკიდებული.
გიორგი კაპანაძე
,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას ვიცე-პრეზიდენტი