საზოგადოება

საბერძნეთში მყოფი ქართველების ნაწილმა სამსახური დაკარგა

საბერძნეთში ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. რთულ ეკონომიკურ სიტუაციას პოლიტიკური არასტაბილურობა და ვადამდელი არჩევნები ემატება. ყველაფერი ეს კი საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქართველ ემიგრანტებზე. ნაწილმა სამსახური უკვე დაკარგა, ნაწილს ხელფასი შეუმცირეს, ყველა ერთად კი ბერძნების ანალოგიურად, ვადამდელი არჩევნების მოლოდინში არიან, ამბობენ, რომ ყველაფერი სწორედ 20 სექტემბერს დანიშნული არჩევნების შემდეგ გადაწყდება.

ამ დროისთვის ქართველებისთვის ბანკები გაიხსნა, თუმცა მათ თვეში მხოლოდ 500 ევროს გამოგზავნის უფლება აქვთ. ფულის გადმორიცხვას კი მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვისაც საბუთი აქვს, უსაბუთოები კი ფულს “გრაფიოებიდან”, ანუ ქართული ოფისებიდან აგზავნიან, სადაც ყოველ 100 ევროში 4 ევროს იხდიან. გარდა ამისა, ქართველ ემიგრანტებს საბერძნეთიდან ამანათების გამოგზავნაც გაუძვირდათ. თუ ადრე ერთ კილოგრამის გამოგზავნა 80 ცენტი უჯდებოდათ, ახლა ერთი კილოგრამი უკვე ერთი ევრო ღირს.

დაუსრულებელი ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკურ-ეკონომიკური არასტაბილურობა საბერძნეთში უკვე თვეებია გრძელდება. საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებამ მმართველ გუნდში სერიოზული უთანხმოება გამოიწვია, ამიტომაც პარტია „სირიზას“ წევრთა ნაწილმა დამოუკიდებელი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. ახალ პარტიას ის დეპუტატები შეუერთდებიან, რომლებიც ათენის მიერ საერთაშორისო კრედიტორებთან ფინანსური დახმარების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ უჭერენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც ქვეყნის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მან ბევრი იბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად, ახლა კი საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმისათვის, რომ მოსახლეობამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

“ჩემო თანამემამულე ბერძნებო, მე ამ გადაწყვეტილებას თქვენ გიტოვებთ განსასჯელად. ვამაყობ, რომ ვიბრძოლე იმისათვის, რომ ჩვენი დაპირებების წინაშე ვყოფილიყავით მართალი. ჩვენ რთული მოლაპარაკებები გვქონდა და დიდი ხნის განმავლობაში გავუძელით ბევრ ზეწოლას და შანტაჟს. თუმცა, ჩვენ საბერძნეთის პრობლემა გავხადეთ საერთაშორისო პრობლემა. თქვენ თქვენი არჩევანით გადაწყვეტთ, არის თუ არა ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმება საკმარისი”,

– ამ სიტყვებით მოსახლეობას ალექსის ციპრასმა გასულ კვირას მიმართა.

 მოსახლეობასა და სამთავრობო გუნდში აზრი ორად მას შემდეგ გაიყო, რაც რამდენიმე თვის წინ ათენმა საერთაშორისო კრედიტორებთან ფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ათენი 86 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს, სანაცვლოდ კი საბერძნეთმა გადასახადები უნდა გაზარდოს და დანახარჯები შეამციროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ათენს არაერთი მკაცრი ეკონომიკური ზომის მიღება მოუწევს.

პარალელურად, მოსახლეობა შიშობს, რომ თუ მომავალ არჩევნებზე პარტია „სირიზა“ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, მაშინ ქვეყანა უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება. რა ელოდება საბერძნეთს, პასუხი ამ კითხვაზე სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც უკვე 20 სექტემბერს გაიმართება.

შემცირებული ხელფასი და გაურკვეველი მომავალი ვადამდელ არჩევნებს ელოდებიან ქართველი ემიგრანტებიც. მანამდე კი, არსებული კრიზისის ფონზე, მათი მდგომარეობაც მნიშვნელოვნად დამძიმდა. იმის გამო, რომ შეჩერებულია მშენებლობები, სამსახური დაკარგეს მამაკაცებმა. მათი უმეტესობა ევროპის სხვა ქვეყანაში გადაბარგდა, ნაწილი კი სამშობლოში დაბრუნდა. რაც შეეხება ქალებს, რომლებიც საბერძნეთში ბავშვებისა და მოხუცების მომვლელებად მუშაობენ, ხელფასი 100-200 ევროთი შეუმცირდათ.

 როგორც ქართველი ემიგრანტები ამბობენ, საბერძნეთში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რასაც პოლიტიკური არასტაბილურობა დაემატა, ადგილობრივი მოსახლეობა სერიოზულად შეაშინა. ბერძნები ელოდებიან ვადამდელ არჩევნებს, არჩევნების შედეგების მოლოდინში არიან ქართველი ემიგრანტებიც.

როგორც ქართველები ამბობენ, საბერძნეთში, სანამ კრიზისი დაიწყებოდა, ბანკები დაიკეტებოდა, ხელფასები დაახლოებით ასეთი იყო: მოხუცი თუ ლოგინად არ იყო ჩავარდნილი, მისი მოვლისთვის თვეში 500-800 ევროს იხდიდნენ; ლოგინად ჩავარდნილი მოხუცის მოვლისთვის – 700-800 ევროს; ბავშვის ძიძას, ძირითადად, თვეში 600 ევროს და მეტსაც უხდიდნენ. ხელფასის ოდენობა იმაზე იყო დამოკიდებული, ოჯახი შეძლებული იყო თუ არა. კრიზისის შემდეგ კი ხელფასი საშუალოდ 550 ევრომდე შემცირდა, ზოგს 450 ევროსაც უხდიან. ემიგრანტების თქმით, ის ქართველი ემიგრანტები, ვისაც ხელფასი არ შეუმცირეს, ძალიან ცოტანი არიან.

ათენში მცხოვრები მაია აბულაძე ამბობს, რომ საბერძნეთში კრიზისის 2-3 წლის წინათ დაიწყო, ახლა კი სიტუაცია უფრო დამძიმდა. მისივე თქმით, რა სიტუაცია იქნება სამომავლოდ, ეს უკვე სექტემბერში, საბერძნეთის არჩევნების შემდეგ გაირკვევა.

“საბერძნეთში რეალურად სიტუაცია არ გამოსწორებულა, ხალხი, ვგულისხმობ ბერძნებს, დაბნეულია და ელოდება 20 სექტემბრის არჩევნებს. ჩვენც მათთან ერთად ველოდებით არჩევნებს. კი ვმუშაობთ, მაგრამ აქამდე ფულს ვერ ვაგზავნიდით. ახლა შეგვიძლია გამოვაგზავნოთ 500 ევრო, მაგრამ ეს 500 ევროც კი რთული საშოვნელია. იმედია დალაგდება სიტუაცია და ჩვენც, ქართველი ემიგრანტებიც ცოტას დავისვენებთ”,

– აღნიშნა მაია აბულაძემ.

კიდევ ერთი ემიგრანტი, იზა ბერიაშვილი საბერძნეთში უკვე 10 წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ სამსახურის დაკარგვას დროებით გადაურჩა, თუმცა არ იცის, სექტემბრის არჩევნების შემდეგ სიტუაცია როგორც შეიცვლება.

“როდესაც კრიზისი გაღრმავდა, ის ოჯახი, სადაც ვმუშაობ, მზად იყო სამსახურიდან დავეთხოვე, მაგრამ შემდგომ დამტოვეს. ახლა კი ვმუშაობ, მაგრამ რა იქნება სექტემბერში, არ ვიცი. მართალია, საბუთი მაქვს და შემიძლია, იტალიაშიც გადავიდე და ესპანეთშიც, მაგრამ იქ რომ წახვიდე, სამსახური იშოვო, ენა უნდა იცოდე. ამ ასაკში კი ახლა ვეღარც ესპანურს ვისწავლი და ვეღარც იტალიურს. ამიტომ ვარ ისევ საბერძნეთში და ველოდები სექტემბერს, იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება”

– გვითხრა იზა ბერიაშვილმა.

კრიზისის ფონზე სამსახური არ დაუკარგავს, მაგრამ ხელფასი შეუმცირეს ნინო კუპატაძეს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას მაინც არ აპირებს.

“აქ მინიმალური ხელფასი 400 ევროც რომ გამიხდეს, მანდ მაინც ვერ ჩამოვალ. განა იმიტომ, რომ არ მინდა, იმიტომ, რომ საქართველოში 400 ლარიან სამსახურსაც კი ვერ ვიშოვი. მანდ ვინცაა დასაქმებული, იმათ არ აქვთ 400 ლარი და მე ახალ ჩამოსულს, ან სამსახურს ვინ მომცემს, ან მაღალ ხელფასს ვინ დამინიშნავს. ამიტომ მირჩევნია, ისევ აქ ვიყო, თუნდაც თვეში მხოლოდ 400 ევროს ვიღებდე. ახლა ხელფასი 550 ევრო მაქვს”

– აღნიშნა ნინო კუპატაძემ.

ემიგრანტები ამბობენ, რომ  ფინანსური არეულობით ბევრმა ბერძენმა ისარგებლა და ქართველები ან სამსახურიდან გაუშვეს, ან, ვინც დატოვეს, ხელფასი შეუმცირეს.  ახლა საბერძნეთში ქართველების საშუალო ხელფასი 500-550 ევროა, მაშინ, როცა 2 წლის წინ 600 ევროზე ნაკლები არ იყო.

გაზეთი “ბიზნეს რეზონანსი”