საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო ხვალ პირველ სხდომას გამართავს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო ხვალ პირველ სხდომას გამართავს. როგორც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, საბჭოს სხდომა დახურულია და მასზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, დებულების სტრუქტურის, ბიუჯეტისა და სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება მოხდება.
“ჩვენ ვითვალისწინებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციას და სააგენტოს მუშაობისთვის გარადმავალი პერიოდი 4 თვე იქნება, რის შესახებაც თხოვნით მივმართავ საქართველოს პარლამენტს. ეს გარდამავალი პერიოდი ნიშნავს იმას, რომ 4 თვის განმავლობაში სააგენტო და ეროვნული ბანკი ერთად ვიმუშავებთ. 4 თვის შემდეგ კი სააგენტო ფუნქციონირებას დამოუკიდებლად გააგრძელებს”
– განაცხადა კოვზანაძემ და დასძინა, ეს ყველაფერი შესაძლოა, კანონში გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებდეს. მისივე თქმით, სხდომაზე დასასწრებად საბჭოს სრულ შემადგენლობას მოსაწვევი დაეგზავნება.
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს სხდომა ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საფუძველზე, “ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გამოიყო და ის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა. პარლამენტმა მთავრობის მიერ შეთავაზებული სააგენტოს საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა. მმართველმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საბჭოს წევრად 5 წლის ვადით წარდგენილ ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურას, ხოლო 7 წლის ვადით – ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურებს. საბჭომ მისი შემადგენლობიდან ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე აირჩია.
სააგენტოს საბჭოში ასევე შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო ნიშნავს. რჩება ერთი ვაკანსია, რომელიც მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად მოგვიანებით იქნება წარდგენილი.
ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად 7 წლის ვადით პარლამენტმა კოტე სულამანიძე დაამტკიცა.
ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გასვლა კრიტიკისა და ხმაურიანი განხილვის საგანი იყო. პარლამენტის შესაბამის კანონპროექტზე პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა.