01/05/2024
Latest:
ეკონომიკა

,,სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეაბილიტაციისთვის 75 მილიონი დოლარი დაიხარჯება”

,,საქართველოს საგზაო მაგისტრალებზე შეიქმნება გასაჩერებელი ადგილების ინფრასტრუქტურა და გადაიჭრება საპირფარეშოების პრობლემა ავტომაგისტრალებზე”

ზაფხულის საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. საზღვაო კურორტებზე დამსვენებლებს ელიან, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. ამ პერიოდში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამართულ და სწორ მუშაობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, დავუკავშირდით ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს და ვთხოვეთ შეეფასებინა მიმდინარე ტურისტული სეზონი, გაამართლა თუ არა მან მოლოდინი. დავინტერესდით, თუ რამდენად აქტიურად ხდება სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაცია, იგეგმება თუ არა ტურიზმის განვითარების კონცეფციის შექმნა და რამდენად ადეკვატურია ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაში ფასისა და ხარისხის თანაფარდობა.

– როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი, ამართლებს თუ არა მიმდინარე სეზონი ტურიზმის ადმინისტრაციის მოლოდინებს?
– მიმდინარე სეზონით კმაყოფილები ვართ, გამომდინარე იქედან, რომ სტატისტიკა პოზიტიურია და ზრდის დინამიკა შენარჩუნებული. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2015 წლის მაისში (+ 14, 7% საერთაშორისო ვიზიტორებში, ტურისტებში +5 %); ივნისშიც, 13 ივნისის სტიქიის მიუხედავად, დაფიქსირდა ზრდა (საერთაშორისო ვიზიტორბში +9,3%. ტურისტებში კი + 3,4%). ივლისში კი საქართველოს 737 696 მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,5 %-ია. იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, წინა წლის ივლისთან შედარებით, 2.2%-ით არის გაზრდილი.
ეს ყველაფერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მუშაობის შედეგია. ჩვენ ზაფხულამდე რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მათ შორის 9 მიზნობრივ ბაზარზე, გვქონდა მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და მაღალ რეიტინგულ ტელეარხებზე CNN-სა და Eurenews.ge-ზე. პრეს-ტურების ფარლებში ვუმასპინძლეთ 300-მდე ჟურნალისტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩავატარეთ მედია-ფორუმი 6 ქვეყნის 48 წამყვანი ჟურნალისტის მონაწილეობით, ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად და არსებულის რეისების სიხშირის გასაზრდელად. მონაწილეობას ვიღებთ, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში და ასე შემდეგ.

– იყო საუბარი იმის შესახებ, რომ უნდა შექმნილიყო ტურიზმის განვითარების ერთიანი კონცეფცია, ხომ არ შექმნილა ეს კონცეფცია?
2015 წელს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს სწორედ ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა, რომელიც განსაზღვრავს სექტორის ხედვის 2025 წლამდე და თან ერთვის 5 წლიანი სამოქმედო გეგმა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიას და არა მხოლოდ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხედვას.
სტრატეგიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და საბოლოო კონსულტაციები მიმდინარეობს, რის შემდეგადაც მოხდება სტრატეგიის საჯარო პრეზენტაცია.
მუშაობის პერიოდში წარიმართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომლებშიც ჩართული იყვნენ, სხვადახვა სახელმწიფო უწყების, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ტურიზმის მრჩეველთა საბჭო, ადგილობრივი და საერთაშორისო (Solimar International) ექსპერტები. სტრატეგია მოიცავს სხვადასხვა თავს, მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა მარკეტინგი, ტურისტული პროდუქტები, ტურიზმის პოლიტიკა, ინფრასტრუქტურა და სხვა.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტრატეგია დინამიური დოკუმენტია და მისი გადახედვა პერიოდულად მოხდება. დღეისთვის ადმინისტრაცია განაგრძობს დოკუმენტზე მუშაობას კონსულტაციებისგან მიღებული შედეგების გათვალისწინებით. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

– თუ მიმდინარეობს კამპანია შიდა ტურიზმის გასავითარებლად?
– ჩვენ წელს დავიწყეთ კამპანია, – ,,გაიცანი საქართველო”, რომლის მიზანიც სწორედ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაა, დავამზადეთ ვიდეო-რგოლები სადაც ცნობილი ადამიანები მაყურებელს მოუწოდებენ, რომ იმოგზაურონ საქართველოში, რადგან აქ სანახავი მართლაც ძალიან ბევრია. ასევე, პერიოდულად ვატარებთ პრეს-ტურებს და ქართული მედიის წარმომადგენლებს ვაცნობთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, შემდგომ სიუჟეტები ვრცელდება ყველა წამყვან ტელეარხზე, რაც ვფიქრობთ, რომ ხელს უწყობს ჩვენი რეგიონების პოპულარიზაციას. უკვე ვიყავით იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, რაჭაში. ვგეგმავთ პრეს-ტურებს ხევსურეთში, კახეთში, სვანეთში, გურიასა და სხვა რეგიონებში.

– დღეისთვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა საშუალო, 3–4 ვარსკვლავიანი, კლასის სასტუმროების ნაკლებობაა, რაც ტურისტულ პაკეტებს ძალიან აძვირებს, რა ხედვა გაქვთ ამ პრობლემის გადაჭრის კუთხით?
– რაც შეეხება ფასებს, ამაში მოგეხსენებათ რომ სახელმწიფო ვერ ერევა, ფასს საბაზრო ეკონომიკა არეგულირებს. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი სასტუმრო აშენდეს და მეტი საერთაშორისო სასტუმროების ქსელი დავაინტერესოთ, რომ შემოვიდეს საქართველოში, კონკურენცია კი ფასებს, ბუნებრივია, დაწევს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პროექტ `აწარმოე საქართველოშის~ დაამატა სასტუმროების მშენებლობის მხარდაჭერის კომპონენტი, რაც ასევე ხელს შეუწყობს ახალი სასტუმროების მშენებლობას საქართველოში.
ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი სასტუმრო იხსნება, როგორც 5 ვარსკვლავიანი ისე საშუალო კლასის, ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული საოჯახო ტიპის სასტუმროებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოთხოვნაზეა შესაძლებელი სასტუმროთი მომსახურების უზრუნველყოფა.

– მინდა შევეხო ორ მნიშვნელოვან კატეგორიას – ფასი და ხარისხი. რამდენად არის შესაბამისობაში ისინი საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში, რამდენად ადეკვატური ფასებია ტურისტულ სერვისებზე?
– ფასებზე უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენი მიზანია ახალი სასტუმროების მშენებლობა წავახალისოთ რაც გაზრდის კონკურენციას და ფასები უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. ამ პროცესის კარგი მაგალითია ის, რომ ახალი სასტუმროების გახსნის ფონზე, ამ ზაფხულში სასტუმროების ფასები ბათუმში ბევრად უფრო კონკურენტუნარია დამსვენებლებისთვის. რაც შეეხება ხარისხს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თითქმის უწყვეტ რეჟიმში ვატარებთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ტრენინგებს საქართველოს მასშტაბით ტურიზმის ბიზნესში ჩართული პირებისთვის: სასტუმროების თანამშრომლებისთვის, გიდებისათვის, ტაქსის მძღოლებისთვის, ა.შ. ტარდება ტრენინგი მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის, საბაზისო ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად, ა.შ.

– შარშან ,,კაზანტიპი”, წელს GEM ფესტ-ი, ბათუმის ჯაზფესტივალი და ასე შემდეგ, თქვენი აზრით, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი მასშტაბური ფესტივალების გამართვა ქვეყანაში, რეალურად, იგი ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას თუ ტყუილი ფულის ხარჯვაა?
– ჩვენ მივესალმებით ფესტივალების გამართვას საქართველოში, მითუმეტეს თუ ის მასშტაბური და პოპულარულია. ჯაზფესტივალზე ბათუმი, შეიძლება ითქვას, რომ სრულად დაიტვირთა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩავიდა რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ასეა სხვა ფესტივალების შემთხვევაშიც, მსგავსი ღონისძიებები, გაზრდის ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობას, საქართველოს ცნობადობას რეგიონში, კონკრეტულ ქალაქებში შიდა თუ საერთაშორისო მოგზაურების რიცხვს და ამიტომ მხარს ვუჭერთ ყველა მათგანს.

– საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა დედაქალაქში და სხვადასხვა კურორტზე, სანაპიროებზე სანაგვე ყუთების ნაკლებობა, რაც იწვევს პლაჟის დაბინძურებას, ეს ის პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ტურისტებს მუდამ ,,თვალში ხვდებათ”, თუ იგეგმება ამ პრობლემების მოგვარება?
– დასუფთავებაც ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და გლობალური პრობლემაა საქართველოში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებთან მუდმივ კოორდინაციაში ვართ, რათა მათი მხრიდან დროულად და ხარისხიანად ხდებოდეს საკურორტო ადგილების დასუფთავება. იყო პრეტენზიები ურეკის და შეკვეთილის პლაჟთან დაკავშირებით და დღეს უკვე ნაგავმზიდ მანქანებს მყარი ნარჩენები, დღის განმავლობაში, რამდენჯერმე გააქვთ. რა თქმა უნდა, რჩება ადგილები, რომელიც დასასუფთავებელია და ეს პრობლემა ერთ დღეში ვერ გადაიჭრება, რადგან თვითონ მოქალაქეებშიც უნდა დამკვიდრდეს სამოქალაქო კულტურა, რომ არ დატოვონ ნარჩენები საპიკნიკე ადგილებსა თუ სხვა ტერიტორიებზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაც ხშირად ვატარებთ დასუფთავების აქციებს და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს ვასუფთავებთ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ საპირფარეშოებს, ადმინისტრაცია ამუშავებს პროექტს, რომ საქართველოს საგზაო მაგისტრალებზე შეიქმნას გასაჩერებელი ადგილების ინფრასტრუქტურა, რათა გადაიჭრას საპირფარეშოების პრობლემა ავტომაგისტრალებზე. ასევე აქტიურად ვმუშაობთ თბილისის მერიასთან, რათა საპირფარეშოების პრობლემა თბილისის მასშტაბითაც გადაჭრას.

– უახლოეს პერიოდში თუ იგეგმება დამატებით რომელიმე საკურორტო ქალაქის (ქალაქების) რეაბილიტაცია და განვითარება?
უახლოეს პერიოდში გაიხსნება განახლებული წყალტუბო. მოგეხსენებათ, რომ ამ კურორტს სამკურნალო ტურიზმის თვალსაზრისით მრავალწლიანი პოპულარობა აქვს და ტურისტები მას ახლაც სტუმრობენ, მოხდა წყალუტობოს რეაბილიტაცია და ის კიდევ უფრო ღირსეულად დახვდება სტუმრებს. გარდა ამისა, მოგახსენებთ რა არის დაგეგმილი სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა მთიანეთში.
ზემოაღნიშნულ რეგიონებში დაგეგმილია მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომლის სავარაუდო ღირებულება 75 მილიონი აშშ დოლარია. პროექტს, 60 მილიონით მსოფლიო ბანკი დააფინანსებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონი გამოიყოფა. სამუშაოები 2020-წელს დასრულდება. პროექტი ორივე რეგიონის მასშტაბით, ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ამასთან კერძო სექტორის ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას, შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, რეგიონში ნაწარმოები პროდუქციის რეალიზაციას და სოციალური ეკონომიური პირობების გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი არქიტექტურის გათვალისწინებით, დაგეგმილია ურბანული აღდგენითი სამუშაოები, რაც ცენტრალურ უბნებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურეობის რეაბილიტაციას, საზოგადოებრივი სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენობების კონსერვაციასა და გაუმჯობესებას, შენობებისა და ფასადების კონსერვაციას მოიცავს. ასევე, დაგეგმილია ტურისტული მარშრუტების განვითარება, საზოგადოებრივი ავტოსადგომების, საინფორმაციო ჯიხურების, კაფეების და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობა.
ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და მათთვის გარკვეული წახალისების პოლიტიკის შემუშავება.

გიორგი კაპანაძე