17/05/2024
Latest:
საზოგადოება

საპარტნიორო ფონდი “საქართველოს განვითარების კორპორაციად” გარდაიქმნება

საპარტნიორო ფონდის ბაზაზე “საქართველოს განვითარების კორპორაციის” შექმნის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტს თებერვალში წარედგინება, – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც თურნავამ განმარტა, კანონპროექტზე მუშაობა დასრულების სტადიაშია.

“ამჟამად კანონპროექტების პაკეტი დასრულების სტადიაშია და თებერვალში წარედგინება მთავრობას და შემდგომ საქართველოს პარლამენტს განსახილველად”, – განაცხადა მან.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტები გერმანიის განვითარების ბანკის ექსპერტების დახმარებით მზადდება.

“ვფიქრობ, ეს საკმაოდ ვრცელი და ცალკე საუბრის თემაა. ძალიან მოკლედ თუ დავახასიათებ მოსალოდნელი ცვლილებების მთავარ შინაარსს – პირველი, უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდება ჩვენი ორგანიზაციის ამოცანები და ფუნქციები. კერძოდ, წინა პლანზე წამოიწევს ეროვნული ეკონომიკის ცალკეული დარგის თუ სეგმენტის კვლევები, რის სფუძველზეც მოხდება არსებული პრობლემების, ე.წ. ბაზრის ჩავარდნების, იდენტიფიკაცია, რასაც ვერ ერევა მარტოოდენ კერძო ინვესტორი ან ბანკი. ამ სურათით ვიხელმძღვანელებთ სამოქმედო პრიორიტეტების დასახვის დროს და ნებისმიერი პროექტის დაფინანსებისას. ასევე, ძალიან მკაფიოდ დავიცავთ ე.წ. სუბსიდიარობის (subsidiary) პრინციპს. ანუ, კორპორაცია არ უნდა იყოს კერძო სექტორის, ბანკების, ინვესტორების კონკურენტი, არამედ შეასრულოს მათ შორის გადებული ერთგვარი ხიდის, შემავსებლის როლი. ცვლილებების მეორე მნიშველოვანი შედეგი და მიმართულებაა – კორპორაციის საქმიანობის უფრო სტაბილური დაფინანსების მექანიზმების დანერგვა და ასევე საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან რესურსების მოზიდვის უკეთესი შესაძლებლობა”,

– განმარტა საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის მოადგილემ.