საზოგადოება

ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, “ოლიმპის” ახალი სტადიონი საკუთარი სახსრებით მოაწყოს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა  სპორტულ სტადიონ “ოლიმპთან” დაკავშირებით ისაუბრა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე “ოლიმპის” სტადიონისთვის თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო ახალ ტერიტორიას ეძებს.

“ჩემი ინფორმაციით, “ოლიმპის” სტადიონის შემცვლელი ტერიტორია არ არის ჯერ მოძებნილი. თბილისის მერიასა და სპორტის სამინისტროსთან შეხვედრაზე ითქვა, რომ თვის ბოლომდე ამ ტერიტორიას გამონახავდნენ.

ჩემი აქ მოსვლის დღიდან ყველაზე მტკივნეული საკითხია “ოლიმპის” სტადიონის დანგრევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია არც ფეხბურთის ფედერაციის საკუთრება ყოფილა, არც გაუყიდია და უყიდია… მიუხედავად ამისა, მესმის, ჩვეულებრივია, სტადიონია, საფეხბურთო სკოლაა და ფეხბურთის ფედერაციაზეა ეს ყველაფერი მომართული”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილმა “აიპრესთან” საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაცია მზად არის მერიისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოძიებულ ტერიტორიაზე საფეხბურთო სტადიონი თავისივე ხარჯებით მოაწყოს.

“ჩვენ არც პროკურატურა ვართ, არც სასამართლო, რომ ვადგინოთ ვის დროს მოეწერა ამ ტერიტორიის გასხვისებას ხელი. ფეხბურთის ფედერაციისთვის მტკივნეულია ეს ბავშვები, სტადიონი, რადგანაც იყო საფეხბურთო სკოლა. თუ გამოიყოფა მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი, ფეხბურთის ფედერაცია თავისი რესურსით დააგებს მოედანსაც და ისეთ ინფრასტრუქტურას გავაკეთებთ, სადაც ამ ბავშვებს უკეთესი სავარჯიშო პირობა ექნება, ეს არის ის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. გვერდში დგომა, მხარდაჭერა, თუნდაც ხალხის შეწუხება და დანახვა, რომ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია.

თუ ეს მისაღები იქნება ორივე მხარისთვის, ფეხბურთის ფედერაცია მზად არის მსგავსი ინფრასტრუქტურა, მსგავსი სავარჯიშო მოედნები თავისი ხარჯებით გააკეთოს”, – აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ipress.ge