06/05/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება – გადამუშავებაზე გადადის

საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება – გადამუშავებაზე გადადის. შემუშავებულია მყარი ნარჩენების სეპარირება – გადამუშავებასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან მუნიციპალიტეტები და მოსახლეობა მყარი ნარჩენების სეპარირებაზე უნდა გადავიდეს.
როგორც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შუხოშვილი აცხადებს, მიმდინარეობს განხილვები, რათა რეგიონულ ახალ ნაგავსაყრელებზე განხორციელდეს სეპარირებული ნარჩენების სორტირებად დაყოფა. შუხოშვილის თქმით, ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართვა, რომელიც გამორჩეული ნედლეულის გადამუშავებას მოახდენს.

“ჩვენ ვმუშაობთ, რა ტიპის ტექნოლოგიები შეიძლება დაინერგოს მთლიანი ნარჩენების გადამუშავების კუთხით. ეს თემა ღიაა ინვესტორებისთვის და თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, ამაში მათ სახელმწიფო ხელს შეუწყობს”, – აცხადებს გიორგი შუხოშვილი.

ნარჩენების სეპარირება-გადამუშავების გარდა მყარი ნარჩენების მართვის კომპანია რეგიონული თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელების შექმნას იწყებს, რათა ყველა მუნიციპალიტეტი რეგიონულ ნაგავსაყრელს დაუკავშირდეს.

“არსებული ნაგავსაყრელები მუნიციპალიტეტებში დაიხურება. რეგიონულ ჭრილში სულ საქართველოში 8-10 თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი შეიქნება. ერთიანი შეგროვების სისტემის ამოქმედების შემდეგ კი გადამუშავების მხრივ კერძო სექტორის მხრიდან დიდ დაინტერესებას ველოდებით”, – აცახდებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი.