03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა შოკის მიმართ მდგრადობა”

ინტერვიუ სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში აზიმ სადიკოვთან. 

– სავალუტო ფონდის მისიას თბილისში მაისში მოელიან. ფონდის მისიის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ თუ დისკუსია საქართველოს მთავრობასთან მთელ რიგ საკითხებზე და მათ შორის საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარმატებით წარიმართებოდა, პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა მიმდინარე წლის დასაწყისში დასრულდებოდა. უნდა ველოდოთ თუ არა რომ ჯერ კიდევ დაუსრულებელი ორი მიმოხილვა ამ დათქმის მიხედვით დასრულდება? 

– სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი დაგეგმილია მაისის შუა რიცხვებში, მაგრამ ამ მისიის ძირითადი მიზანი იქნება კონსულტაციები, შეთანხმების ე.წ. მე-4 მუხლის ფარგლებში. ეს კონსულტაციები ტარდება სავალუტო ფონდის თითოეულ წევრ ქვეყანასთან წელიწადში ერთხელ და მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების შეფასებას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შესაბამისი პროგნოზების გაკეთებას, რისკებისა და გამოწვევების განსაზღვრას, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. ასევე იმის განსაზღვრას თუ რა არის საუკეთესო პოლიტიკა რისკებთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად.

– თუმცა მიმდინარე კვირაში ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმსჯელებენ პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზე და სავარაუდოა, რომ ქართული მხარე შეეცდება გარკვეული შეთანხმების მიღწევას. 

– საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს კონსულტაციები და როგორც იცით, გასულ წელს ვერ შევძელით დაგვესრულებინა პროგრამის მიმოხილვა, რომლის მთავარი მიზეზი იყო კანონი, რომელმაც მიგვიყვანა საფინანსო ზედამხედველობის შექმნამდე. ჩვენ ვშიშობდით, რომ ეს შეასუსტებდა საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობასა და ხარისხს. ჩვენი რჩევა იყო მთავრობის მიმართ, რომ შეენარჩუნებინა საბანკო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში. ამ საკითხთან მიმართებაში უკვე მივაღწიეთ საკმაოდ კარგ შედეგს. მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ საბანკო ზედამხედველობა დარჩება აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მაღალ ხარისხიანი. თუმცა არის მთელი რიგი სხვა საკითხები, რომლებიც უნდა გადავჭრათ მთავრობასთან ერთად, რათა პროგრამის მიმოხილვის დასრულებისკენ წინ წავიწიოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ეს საკითხები იქნება ქართული დელეგაციის დღის წესრიგში.

– ამ საკითხებიდან მოგების გადასახადის რეფორმა ერთ-ერთი იქნება? 

– შემიძლია გითხრათ, რომ საკითხები, რომლებსაც ჩვენ მთავრობასთან განვიხილავთ, ძირითადად მოიცავს სამ მიმართულებას. პირველი 2011 წლის ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის საშუალო ვადიანი ფისკალური გეგმაა. ანუ როგორ შეინარჩუნებს გონივრულ ფისკალურ პოლიტიკას, რათა ქვეყნის საგარეო ფაქტორების მიმართ სენსიტიურობა შემცირდეს. მეორეა ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც უკეთ დაარეგულირებს ენერგო სექტორში გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულებებიდან მომავალ რისკებს. მესამე საკითხია სტრუქტურული რეფორმები. პრინციპში მეორე და მესამე მიმართულებით გარკვეულ პროგრესს უკვე მივაღწიეთ. პირველი საკითხი ბიუჯეტის დეფიციტსა და ფისკალურ გეგმებთან დაკავშირებით ჯერაც შეუთანხმებელია. დამატებითი დისკუსიები და მუშაობა გვჭირდება.

– რა გახდა იმის მიზეზი, რომ სავალუტო ფონდმა დაინახა საფრთხე მთავრობის მიერ ენერგო სექტორში გაცემულ გარანტიებთან მიმართებაში? 

– არის რიგი პროექტებისა, სადაც ინვესტორები ითხოვენ სახელმწიფოსგან გარანტიებს ზოგიერთ სფეროში და ეს ასეა ბევრ ქვეყანაში. მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს სიმძლავრეების შესყიდვის გარანტიების გაცემას, იმისთვის, რომ მოიზიდოს ინვესტორები. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ასეთი გარანტიების გაცემას. ჩვენ ვურჩიეთ მთავრობას, რომ ეს პროცესი მოექცეს გარკვეულ სისტემაში. ანუ სანამ გარანტიის გაცემასთან დაკავშირებული შეთავაზება მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება, მისგან მომდინარე რისკები ყურადღებით უნდა შეფასდეს ექსპერტების მიერ. გარანტიის გაცემა სავარაუდოდ განაპირობებს ინვესტიციების განხორციელებას და არის კონკრეტული სარგებელი, მაგრამ არის რისკები და მთავრობა იღებს კონკრეტულ ვალდებულებებს. ამისათვის საჭიროა არსებობდეს ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ამ რისკების ფისკალური ეფექტის განსაზღვრას, მათ მონიტორინგს და უკეთესად დარეგულირებას. ეს ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებამ იცოდეს რა ვალდებულებებს იღებს მთავრობა იმისთვის, რომ განავითაროს ესა თუ ის სექტორი.

– თქვენ როგორ აფასებთ მოგების გადასახადის რეფორმას, ფიქრობთ რომ მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს? 

– მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი. რეფორმას აქვს თავისი სარგებელი, მაგრამ ახლავს კონკრეტული ხარჯი. ძირითადი სარგებელი არის ის, რომ ქვეყანაში ინვესტირება უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც არსებული ისე მომავალი ინვესტორებისთვის. ამავდროულად ამ რეფორმის განხორციელებასთან ერთად იქნება შემოსავლების ნაკლებობაც. ასე რომ მთავარი ამოცანაა, როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე ამ რეფორმის გავლენა ბიუჯეტის დეფიციტზე. მთავარი კითხვაა არსებობს გზა, რომლის გატარებით მთავრობას შეუძლია შეზღუდოს რეფორმის გავლენა ბიუჯეტის დეფიციტზე? იქნებ არის შემოსავლის სხვა წყაროების მოძიების ან გარკვეული ხარჯების შემცირების საშუალება და რაციონალური ხარჯვა ისე, რომ ბიუჯეტის დეფიციტის გაუარესებამ მუდმივი ხასიათი არ მიიღოს. ამასთან დაკავშირებით, ცხადია, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მთავრობასთან. სავარაუდოდ მაისში ასევე ჩამოვა ტექნიკური მხარდაჭერის მისიაც, რომელიც დაეხმარება მთავრობას იმ ღონისძიებების განსაზღვრაში, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპენსირება გაუკეთოს საბიუჯეტო დანაკარგებს. ჩვენ მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას ამ რეფორმის ამოქმედების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით 2017 წლის დასაწყისისთვის.

– თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და იმას, რომ ქვეყანაში საარჩევნო წელია, უნდა ველოდოთ თუ არა სავალუტო ფონდის უკეთეს პროგნოზს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში წელს და მომავალ წელს?

 – მოდით დავიწყოთ შარშანდელი მოვლენებით. ზრდა იყო 2.8%, რაც მეტი აღმოჩნდა ვიდრე ჩვენი პროგნოზით იყო ნავარაუდები, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკი მნიშვნელოვანი დარტყმა იყო. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ეკონომიკამ აჩვენა შოკის მიმართ მდგრადობა, რაც ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ ვერ შეძლო პანიკის ან დამატებითი სესხების აღების გარეშე. თუმცა ეკონომიკური ზრდა კვლავაც შენელებულია და წელს ველით 2,5% ან მეტ პროცენტიან ზრდას. შემდეგი წლისთვის ზრდა 4,5% იქნება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბევრი იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ იმაზე, რა მოხდება საქართველოში, არამედ იმაზეც, რა მოხდება რეგიონში და პარტნიორ ქვეყნებში. 2015 რთული წელი იყო რეგიონისთვის, მიმდინარე წელი არ იქნება უფრო ადვილი, მაგრამ არის დასტაბილურების ნიშანი და როცა ეს პროცესი დასრულდება და დაიწყება ეკონომიკური ზრდის აღდგენის პერიოდი.

ავტორ(ებ)ი : ბიზნესკონტაქტი