08/05/2024
Latest:
მსოფლიო

Microsoft–მა აშშ-ს მთავრობას სასამართლოში უჩივლა

კომპანია ამერიკის ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, ის ითხოვს  უფლებას, საკუთარ კლიენტებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას აძლევს წვდომას მათ ელექტრონულ ფოსტაზე.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მომხმარებელთა ექაუნთზე წვდომა მათი გაფრთხილების გარეშე არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას. Microsoft–ის მონაცემებით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მის მიერ მიღებულ იქნა 5 624 განაცხადი მომხმარებლების მონაცემების გაცემაზე. აღნიშნული განაცხადის თითქმის ნახევარი უკავშირდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და კომპანიას ავალდებულებდა, არ შეეტყობინებინა კლიენტებისთვის მათ ექაუნთზე ხელისუფლების მიერ წვდომის მიღების შესახებ.

Microsoft–ი აღნიშნავს, რომ მთავრობა ელექტრონულ კომუნიკაციებზე წვდომას იმაზე ხშირად ითხოვს, ვიდრე ფიზიკურ დოკუმენტებზე.

„ადამიანები ინარჩუნებენ საკუთარ უფლებებს, როდესაც პირადი ინფორმაცია ფიზიკური მატარებლიდან ელექტრონულზე გადააქვთ,“ – ნათქვამია კომპანიის სარჩელში.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ამერიკულმა სასამართლომ Apple–ს დააკისრა ვალდებულება, დახმარებოდა გამომძიებლებს საიდ ფარუქის ტელეფონში შეღწევაში, რომელმაც კალიფორნიის ქალაქ სან–ბერნარდინოში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა.

თუმცა Apple–მა უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე.

წყარო: commersant.ge