ეკონომიკა

ზურაბ აბაშიძე: ჩვენს ბიზნესმენებს სჭირდებათ რუსეთში წასვლა

ჩვენს ბიზნესმენებს სჭირდებათ რუსეთში წასვლა. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერმინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, იმის გამო, რომ რუსეთთან არ არის უვიზო მიმოსვლა, ეს მრავალ პრობლემას ქმნის.

„უამრავი ხალხი მიკავშირდება, ვისაც სჭირდება მოსკოვში წასვლა. იქ უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, მათი ნათესავები, მეგობრები, ახლობლები. ჩვენს ბიზნესმენებს სჭირდებათ რუსეთში წასვლა და ეს ძალიან სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუკი ეს სირთულეები მოიხსნება, ამას იგრძნობს ეს ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა, ჩვენი საზოგადოებისა. ზოგადად ჩვენი ხელისუფლების პრინციპია, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას ნებისმიერი მიმართულებით – ჩრდილოეთით, სამხრეთით აღმოსავლეთით. ახლა ევროკავშირთან გვექნება სერიოზული გარღვევა. თუ მომავალში აშშ–სთანაც მივაღწევთ ანალოგიურ რამეს, ესეც დიდი წინსვლას იქნება,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

იმის შესახებ, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა.

“რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს და ჩვენი ურთიერთობის დეგრადირებას, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია. ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ჩვენ არ ვყოფილვართ”, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან “სიგნალებს ხედავს” და მზად არის, ეს სიგნალები მიიღოს.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ღვინის საექსპორტო მოცულობის 2/3 სწორედ რუსულ ბაზარზე გადის და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, “ეს მოცულობა ზრდის მაღალ ტემპებს აჩვენებს”.

“რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი შეფასებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის. მიმდინარე წელს ჩვენ კიდევ უფრო გავახანგრძლივეთ საქართველოში მათი შესაძლო ყოფნის პერიოდი რადგან „დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოს მეტი ტურისტი ეწვიოს რუსეთიდან და შეძლებისდაგვარად გამარტივდეს ადამიანებს შორის კონტაქტები“,- აღნიშნავს პრემიერმინისტრი საკუთარ განცხადებაში. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.

„მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებითხორციელდებოდეს. მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულიპრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევმიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენშევძელით ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული ნაბიჯებიგადაგვედგა. მზად ვართ გავაგრძელოთ არჩეული პრაგმატული კურსი რუსეთთანმიმართებაში და რუსეთის მხრიდანაც ველით ანალოგიურ მიდგომას“,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
წყარო: commersant.ge