02/05/2024
Latest:
საზოგადოება

„საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის უმჯობესი იქნება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“

 

„ქორთიარდ მერიოტში“ ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან მეტისმეტად გულახდილი იყო, მაგრამ მთავარი მაინც არ ითქვა“
 

ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან

 

– ბატონო ვაჟა, გაზეთ „ბანკები და ფინანსები“–ს შემდეგი ნომერი უკვე 10 ოქტომბერს გამოვა, ანუ ჩვენ უკვე გვეცოდინება  როგორ დამთავრდა საპარლამენტო არჩევნები, ყოველ შემთხვევაში, პირველი ტურის შედეგები და პროპორციული სიით არჩეულები. გაბედავთ და დააფიქსირებთ თქვენს არჩევანს და თუ არა სავარაუდო შედეგებს?

– გაბედვა, ვფიქრობ,  ცოტა ხმაღალი ნათქვამია. თითოეული მოქალაქის არჩევანი და ნების გამოვლენა ფარულია, მე უფლება მაქვს ამ კითხვაზე პირდაპირ არ გიპასუხოთ, მაგრამ რახან კითხვა დამისვით, ჩემს არჩევანს გავასაჯაროებ. მანამდე გეტყვით, რომ არ მიყვარს მჩხიბავობა, მე წინასწარმეტყველი არ ვარ, არც ნათელმხილველი და იმ პირობებში, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევის კომპანიები არ არსებობენ, ძნელია ხალხის განწყობა ემპირულად გაზომო. სხვათა შორის, ამის თაობაზე არა ერთი პუბლიკაცია მაქვს და არა ერთი კომენტარიც გამიკეთებია, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ ტრადიციად იქცა სოციოლოგიური კვლევებით მანიპულირება, სოციოლოგიური კვლევები საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგს კი არ წარმოადგენს, არამედ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პიარ და საარჩევნო კამპანიას ემსახურება. კარგია, რომ NDI-მ და IRI–მ ყურად იღეს ქართული საზოგადოების პროტესტი და მათი შედეგებით მანიპულირების საშუალება უკვე აღარ აქვთ ცალკეულ პარტიებს და პოლიტიკოსებს.

   ახლა მოსალოდნელ შედეგებზე. იგი უბრალოდ, ჩემი როგორც ანალიტიკოსის გამოცდილებას და სხვადასხვა მონაცემის შეჯერებას ეფუძნება. ჩემი აზრით, თუ არჩევნები არ გაყალბდა, პრინციპში რაც ნაკლებად შესაძლებლად მიმაჩნია, ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეთ „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“,“პატრიოტთა ალიანსს“, ლეიბორისტებს, ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“, ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“. ბარიერის გადალახვის შანსი, თუმცა ერთობ მოკრძალებული, აქვს რესპუბლიკელებს და ნინო ბურჯანაძის პარტიას. ნიშანდობლივია, რომ უმრავლესობით პარლამენტში მოსვლის პრეტენზია აქვს ხუთ პარტიას: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, ლეიბორისტები და ბურჭულაძის პარტია. მაჟორიტარულ ოლქებში, ვფიქრობ, „ქართული ოცნების კანდიდატების შანსებიც უპირატესია. ყველაფერ ამის მიუხედავად, არ გამოვრიცხავ, რომ ამ არჩევნების შემდეგაც ორპარტიული პარლამენტი მივიღოთ.

   თქვენს მიერ ჯიქურ დასმულ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ. ჩემი არჩევანი „ქართული ოცნებაა“, მიუხედავათ იმისა, რომ მთელი ოთხი წლის განმავლობაში მწვავედ ვაკრიტიკებდი „ქართული ოცნების“ მთავრობას, მის ყოფილ და ახლანდელ პრემიერებს, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უმჯობესი იქნება თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

– რატომ, განა სხვა პარტიებს არ აქვთ ქვეყნისთვის სასიკეთო ზრახვები?

– მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პარტიას ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა, მაგრამ ნაციონალების დაბრუნება ხელისუფლებაში, რომელიც მხოლოდ ჰიპოთეტურად შეიძლება წარმოვიდგინოთ, საზოგადოებაში მძაფრ, კონფლიქტის ზღვარზე დაპირისპირებას გამოიწვევს და გარკვეული მიმართულებით მოვლენების განვითარების შემთხვევაში ამ დაპირისპირების ხასიათი შესაძლოა სამოქალაქო შეხლა–შემოხლაში და დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს. მე არ მგონია, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დასავლეთში – აშშ და ევროკავშირი ამის უფლებას არ მისცემს. ისინი ხომ არსებითად და რეალურად მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალების პატრონები არიან. ისიც საკვირველია, როგორ აძლევენ ოდესის გუბერნატორს საქართველოსთან მიმართებაში აშკარად მადესტაბილიზებელი განცხადებების და ქმედებების უფლებას. ელჩი კელი, რომელიც გამჭრიახი პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვფიქრობ, ამ პერსპექტივას გაითვალისწინებს და სათანადო პრევენციულ ზომებს მიმართავს. ქვეყნისთვის სასიკეთო არც რომელიმე სხვა ძალის მოსვლა შეიძლება იყოს ხელისუფლების სათავაში. წინასაარჩევნო კონიუნქტურისა და პოპულისტური რიტორიკის მიღმა, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ქვეყნისთვის თავდადებული პოლიტიკოსები დგანან, მაგრამ „პროდასავლურების“ თუ „პრორუსულების“ მოსვლა ხელისუფლებაში დაძაბავს ვითარებას საქართველოში და მის გარშემო, რამაც მწვავე დაპირისპირებამდე, საპარლამენტო კრიზისამდე ან სულაც სამოქალაქო კონფრონტაციამდე შეიძლება მიგვიყვანოს. „ქართული ოცნება“ ჩემთვის უფრო მისაღებია, რადგან ის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ურყევობას უჭერს მხარს და ამავე დროს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრეა, რაც თავისთავად არ გამორიცხავს მასთან დიალოგს, ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც აქცენტს ძალისმიერ მეთოდებზე აკეთებს პრობლემების მოგვარებისას. ჩემთვის მისაღებია პრემიერი კვირიკაშვილი მთავრობის თავმჯდომარედ, მისი ხედვები პრაგმატულია, თანმიმდევრული და გაწონასწორებული. კარგი მენეჯერი იმედი მაქვს, კარგ პოლიტიკურ ლიდერადაც ჩამოყალიბდება. მე მომწონს, რომ არც ერთი მინისტრი კვირიკაშვილის მთავრობაში არ მოიაზრება, როგორც კორუმპირებული. ეს დიდი იშვიათობაა. მე მომწონს ახალი სახეები, დასავლეთში განათლებამიღებულები, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მიღებული განათლების დიპლომები თუ სერტიფიკატები ქართულ საზოგადოებაში ხშირად იქცევა ხოლმე პროვინციალიზმის მდარე და მიუღებელ გამოვლინებად. მე არ მომწონს სპორტსმენები და არაპოლიტიკოსები „ქართული ოცნების სიაში“, არ მომწონს უბიოგრაფიო სუბიექტები, რომლებმაც პოლიტიკოსობა პარლამენტში უნდა ისწავლონ, მაგრამ მომწონს სუფთა ბიოგრაფიის ხალხის სიმრავლე „ოცნების“ რიგებში. მომწონს ბიძინა ივანიშვილის მასშტაბური მოღვაწეობა და შთამბეჭდავი საქველმოქმედო საქმიანობა, მაგრამ არ ვარ მომხრე არაფორმალური მმართველობის ნიშნების გამოვლინებების, რომლებსაც იმედი მაქვს ოქტომბრიდან აღარ ექნება ადგილი. „ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლით გარანტიაა ჩვენს მეზობლებთან – თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მჭიდრო თანამშრომლობის და მეგობრობის, რასაც ქვეყნის ნებისმიერი სხვა არჩევანის შემთხვევაში შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ასეთია ჩემი გადაწყვეტილების მამოძრავებელი მოტივი.

გაყალბდება თუ არა 8 ოქტომბრის არჩევნები და მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია?

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ყველა არჩევნების შედეგების მიმართ იყო უნდობლობა და ეჭვები. თუმცა არჩევნების გაყალბება მხოლოდ სიებით მანიპულირება, ჩაყრილი ბიულეტენები და კარუსელები როდია. წინასაარჩევნო გარემო არანაკლებ ზეგავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. საერთოდ, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის წლები გადის, არჩევნების გაყალბება უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. თვით 2008 წლის საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნების დროს, რომელიც გაყალბებულად ითვლება, სააკაშვილმა შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა, თუმცა თავისი მაჩვენებელი ყველა რეგიონში ითვლება, რომ გააყალბა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა წააგო თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, თელავი, სხვა ქალაქები, და ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელების და სომხების ხმებით გაიმარჯვა, რომელთაც სათანადო მესიჯი, ივარაუდება, რომ ბაქოდან და ერევნიდან მიიღეს და თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამჯერად კიდევ უფრო არქიძნელი და არქირთული იქნება გაყალბება, სამწუხაროდ, ჩენთან ნაკლები ავტორიტეტი აქვს საარჩევნო ადმინისტრაციას, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების საერთაშორისო ფონდების და მათი მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დაკომპლექტდა, ქვეყნის იმდროინდელი მმართველების თანხმობით. ცესკოს მიმართ საგარეჯოს შუალედური არჩევნების ფაქტობრივად გაყალბებამ კითხვები გააჩინა და უნდობლობის განწყობა გააღვივა, მაგრამ ცესკო სადღეისოდ საერთაშორისო თანამეგრობის წევრების, საქართველოში უცხოური დიპლომატიური კორპუსის და პარტიების ნდობით სარგებლობს, მე მომწონს თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება, რომ ხმები ტელეკამერების მეთვალყურეობის ქვეშ დაითვალოს. მე არ მომწონს, რომ ეგზიტპოლებისადმი უნდობლობა არსებობს. ამასაც კონფრონტაციის დათესვა შეუძლია და ამით შესაძლოა დესტრუქციულმა ძალებმა ისარგებლონ. ამიტომ გიპასუხებთ უფრო კაფიოდ – ვფიქრობ, არჩევნები არ გაყალბდება, ვფიქრობ, დესტაბილიზაცია იმ პარტიებს აწყობთ, რომელთაც არჩევნებში გამარჯვების ან საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ. ყველა ისინი, რაიმე რეალური გამღიზიანებლის პოვნის შემთხვევაში შეეცდებიან დესტაბილიზაციის პროვოცირებას. ამიტომ ქართული საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს.

– ჩენი გაზეთის პროფილიდან გამომდინარე გკითხავთ: როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ბიზნესმენებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან?

– ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბიძინა ივანიშვილის სტატუსი ამ შემთხვევაში იყო საზოგადოება „მოქალაქის“ დამფუძნებელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელიცაა, ბუნებრივია, შეხვედრას ჰქონდა წინასაარჩევნო კონტექსტი. შეხვედრაზე, მე ფვიქრობ, გაიმართა მეტისმეტად გულახდილი დიალოგი. ბიზნესმენები აღიარებდნენ, რომ ბიზნეს–გარემო და საკუთრების დაცულობა წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბიძინა ივანიშვილმა მათ უსაყვედურა, რომ თავიანთ პოზიციას ვითარების რადიკალურ შეცვლასთან დაკავშირებით ისინი არ აფიქსირებენ და ბიზნესმენებს აქტიურობისკენ მოუწოდა. გამართული დიალოგი გულწრფელი იყო, თუმცა მე ვფიქრობ, ბიზნესმენებს არ უნდა გაჰკვირვებოდათ თავად ბიზნესმენისა და ყოფილი პრემიერის პოზიცია. ზოგიერთი მათგანი ხომ წინა ხელისუფლებას ცრუმაგიერი პირების მეშვეობით უზარმაზარ ქონებას და ბიზნესებს უფორმებდა. შესაძლოა, ამ მძაფრი კრიტიკის ადრესატები სათანადოდ არც იმ პარტიებს აფინანსებენ, რომლებმაც არსებული არასახარბიელო ვითარება შეცვალეს და ბიძინა ივანიშვილმა მათ ამაზე მიუთითა. თუმცა, მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს ეს არც უნდა გაკვირვებოდა. ჩვენი კომპანიებისა და ბიზნესების უმრავლესობის მესაკუთრეები, იმათი, ვინც შემოსავლიან ბიზნესებს ფლობენ, ხომ ყოფილი ნაციონალები და მათი ცრუმაგიერი პირები არიან. ჩვენ ვიცით რომელ ბანკს ეძახიან საქართველოში სააკაშვილის ბანკს, რომელ ბიზნესებში და კომპანიებში მოიაზრება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სერიოზული წილები და ამით თუ თქვენი გაზეთი დაინტერესდება კარგი იქნება. ეს, ვფიქრობ, ივანიშვილმაც უნდა იცოდეს. ეს ბიზნესები ახლა გამოზამთრების სტადიაში არიან და ოდესელი გუბერნატორის თეთრ ცხენზე ამხედრებული თბილისში დაბრუნებას ელიან. მანამდე დრო გაყავთ. გაიხსენეთ პანამის ოფშორში დაფიქსირებული კეზერაშვილის მილიონები. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ნაციონალებთან აფილირებულებმა როგორ „გაყვლიფეს“ ბიზნესები, მაგალითად, როგორ გახდა „გალფი“ რუსეთში მოღვაწე იაკობაშვილის და ასე შემდეგ. როგორ ამის გამშუქებელი მედიაც, რომელმაც ეს ყველაფერი საცნაური უნდა გახადოს, ფინანსურ სიდუხჭირეშია. მონოპოლისტებს, კარტელებს, რომლებიც საქართველოში მთელ რიგ სფეროებს აკონტროლებენ, რეკლამა მედიაში რაში სჭირდებათ? მედიას უჭირს, ის სუსტია, საზოგადოებრივი აზრი ვაკუუმშია და ბუნებრივია პოლიტიკური პროცესიც ზიგზაგებით ვითარდება. ამიტომ ნაწილი ბიზნესების სიჩუმეს და პასიურობას ამჯობინებს. აი, ეს არის ბიზნემენების ნაწილის სიჩუმის მიზეზი.

– გმადლობთ.

ესაუბრა ბაჩო ჯინჭარაძე