საქართველოს განვითარების 10 პუნქტიანი გეგმა გერმანიის განვითარების ბანკისაგან
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც გერმანიის განვითარების ბანკის მიერ შედგენილ საქართველოს განვითარების 10 პუნქტიან გეგმას ეხმაურება.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
“2015 წლის ივნისში გერმანიის განვთარების ბანკმა (KFW) და ფრანკფურტის ფინანსების სკოლამ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის და ფინანსურის სისტემის მოდერნიზაციისათვის კვლევა მოამზადა და რეკომენდაციების10 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. KFW იზიარებს სავალუტო ფონდის თვალთახედვას და დამატებით რჩევებსაც იძლევა.
“1. საერთაშორისო სავალუტო ფონდი: უცხოურ ვალუტაში ჰეჯირების გარეშე სესხების გაცემის ლიმიტირება მსესხებლებზე.
მოსალოდნელი პირდაპირი შედეგი:
მომხმარებლების დაკრედიტების მიმზიდველობის შემცირება ბანკებისთვის.
მოსალოდნელი არაპირდაპირი შედეგი:
ბანკებს დასჭირდებათ ბიზნესის სხვა სეგმენტების განვითარება, რომლებსაც ამჟამად ნაკლებად ემსახურებიან, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო საწარმოები.
შესაძლებლობები:
ბანკებს ექნებათ რეალური ინტერესი, რომ განახორციელონ კარგად სტრუქტურირებული სახელმწიფო განვითარების პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი კლასტერების განვითარებას.
2. საერთაშორისო სავალუტო ფონდი: უცხოურ ვალუტაში მოკლევადიანი დეპოზიტების ლიმიტირება.
მოსალოდნელი პირდაპირი შედეგი:
ვალდებულებების რებალანსირება გრძელვადიანი რესურსებით უცხოურ ვალუტაში და უფრო მეტი დეპოზიტები ადგილობრივ ვალუტაში.
მოსალოდნელი არაპირდაპირი შედეგი:
კრედიტების ზრდის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ადგილობრივ ვალუტაში გაცემული კრედიტების უფრო მაღალი წილი გრძელვადიან ინვესტიციებში.
შესაძლებლობები:
მიზნობრივი საკრედიტო ხაზებისთვის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს (როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისდა განვითარების ბანკი ან გერმანიის განვითარების ბანკი) შეეძლებათ ბანკების უზრუნველყოფა დამატებითი ტექნიკური დახმარებით. ამ მიმართულებით მათი გამოცდილება და დაფინანსების შესაძლებლობები ამჟამად საქართველოში სათანადოდ არ არის გამოყენებული.
3. საერთაშორისო სავალუტო ფონდი: უზრუნველყოფილი ტრანზაქციების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს გადასინჯვა.
მოსალოდნელი პირდაპირი შედეგი:
მოძრავი აქტივების და მომავალი ფულადი ნაკადების გირაოდ გამოყენების გაუმჯობესებული შესაძლებლობა. პროგრესი პროექტის დაფინანსების მიდგომების თვალსაზრისით.
მოსალოდნელი არაპირდაპირი შედეგი:
ბანკები განაახლებენ და გააუმჯობესებენ ანალიტიკურ შესაძლებლობებს ფულადი ნაკადების უკეთესად დაგეგმვის მიზნით.
შესაძლებლობები:
კვლევის შესაძლებლობები შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ინსტიტუტებში, როგორც საერთაშიორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარების ნაწილი. თუმცა, ეს დახმარება უნდა იყოს უფრო მეტად მიზანმიმართული, რათა კვლევის შესაძლებლობები კონცენტრირებული იქნეს ერთ ან რამდენიმე ერთეულზე და უზრუნველყოს მასზე კრედიტორების და ინვესტორების თანაბრად ხელმისაწვდომობა. ეს ხელს შეუწყობს კვლევის ხარჯების პროპორციულ შემცირებას, ხარისხის გაუმჯობესებას და ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, უცოხელი პირდაპირი ინვესტორების ხედვის გაუმჯობესებას.
4. საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ლიკვიდურობის გადაუდებელი დახმარების მექანიზმების გაუმჯობესება.
მოსალოდნელი პირდაპირი შედეგი: უმსხვილესი ბანკებისთვის შემცირდება მორალური რისკები
მოსალოდნელი არაპირდაპირი შედეგი:
გაიზრდება უმსხვილესი ბანკების სურვილი, რომ მოახდინონ საკუთარი პორტფოლიოს უკეთესად დივერსიფიცირება
შესაძლებლობები:
ქართული ბანკების უფრო მეტად მოდერნიზება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველომ რეგიონში შეინარჩუნოს ლიდერის როლი ფინანსური განვითარების თვალსაზრისით.
5. საერთაშორისო სავალუტო ფონდი: დეპოზიტების დაზღვევის სქემის სწრაფად დამკვიდრება.
მოსალოდნელი პირდაპირი შედეგი:
უმსხვილესი ბანკებისთვის შემცირდება მორალური რისკები. გაიზრდება ნდობა მცირე ბანკებში და სავარაუდოდ გაიზრდება ეკონომიკური აგენტების სურვილი, რომ ბანკებში შეინახონ უფრო მეტი დანაზოგები.
მოსალოდნელი არაპირდაპირი შედეგი:
ძალიან ძლიერი ზეგავლენა ბანკებს შორის შიდა კონკურენციაზე.
შესაძლებლობები:
ქართული ბანკების უფრო მეტად მოდერნიზება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველომ რეგიონში შეინარჩუნოს ლიდერის როლი ფინანსური განვითარების თვალსაზრისით.
6. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვები: ცენტრალური ბანკის შესახებ და მიკროსაფინანსო კანონმდებლობის გადასინჯვა.
მოსალოდნელი პირდაპირი შედეგი:
“კარგი” მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იქნებიან იმავე მდგომარეობაში, რომელშიც არიან ბანკები, კერძოდ, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების თვალსაზრისით.
მოსალოდნელი არაპირდაპირი შედეგი:
“კარგი” მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში და პროგრამაში – “აწარმოე საქართველოში” ჩართვა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობაზე და მცირე და საშუალო საწარმოებზე.
შესაძლებლობები:
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შეეძლებათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან უფრო მეტი დახმარების მიღება, თუ ისინი უკეთეს წვლილს შეიტანენ გრძელვადიანი განვითარების მიზნების განხორციელებაში.
7. “კარგი” მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკეთესი ხელმისაწვდომობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ რეფინანსირებაზე.
მოსალოდნელი პირდაპირი შედეგი:
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა დაამტკიცეს, რომ მათ წარმატებით შეუძლიათ მოემსახურონ იმ სექტორებს (სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო საწარმოები), რომლებსაც ბანკები ნაკლებად ემსახურებიან.
მოსალოდნელი არაპირდაპირი შედეგი:
რადგანაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტების უმეტესობა სავალუტო რისკების წინააღმდეგ ჰეჯირებული არ არის, მათ მიერ სესხების გაცემისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადგილობრივ ვალუტას, რისთვისაც მათ დროთა განმავლობაში ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთით (“ფანჯრით”).
შესაძლებლობები:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ორწლიანი ობლიგაციების გამოშვება ლარში, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჰქონდა ადგილი, გახდება სისტემატური. იმ პროგრამებისთვის, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული სოციალური ხასიათი აქვს, გერმანიის განვითარების ბანკი უზრუნველყოფს შესაბამის მხარდაჭერას, რომ გაიცეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ბანკებისთვის მეორადი სესხები, რაც განხორციელდა სხვა ქვეყნებში (ტაჯიკეთი) და ეს გამოცდილება შეიძლება იქნეს გამოყენებული.
8. ლიზინგის ხელშეწყობა.
მოსალოდნელი პირდაპირი შედეგი:
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა შესაძლოა ძლიერი ბიძგი მისცენ ლიზინგის განვითარებას სალიზინგო კომპანიების უფრო ინტენსიურად რეფინანსირებით.
მოსალოდნელი არაპირდაპირი შედეგი:
ლიზინგს შესაძლოა ხელი შეეწყოს სპეციფიკური პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა სოფლის მეურნობის განვითარება ან კლიმატის მდგრადობა, რისთვისაც ხელმისაწვდომია დიდი დონორი ორგანიზაციების დაფინანსება.
შესაძლებლობები:
ტექნიკის ადგილობრივი ბაზრის ხელშეწყობით, ლიზინგს შეუძლია მოიზიდოს ტექნიკის მიმწოდებლები, რომ მათ საქართველოში შექმნან საოპერაციო ცენტრები, რომლებიც ასევე დაფარავს რეგიონის დანარჩენ ნაწილს. ეს ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მომსახურების და ლოჯისტიკის რეგიონული ცენტრი.
9. მე-2 საპენსიო სქემების ფონდების განვითარება.
მოსალოდნელი პირდაპირი შედეგი:
გაჩნდება მოთხოვნა ფინანსურ აქტივებზე ადგილობრივ ვალუტაში, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები და აქციები.
მოსალოდნელი არაპირდაპირი შედეგი:
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საქართველოს მთავრობას, ბანკებს და სხვა ფინანსურ და კორპორაციულ ინსტიტუტებს საშუალება მიეცემათ, რომ მიიღონ გრძელვადიანი რეფინანსირება ადგილობრივ ვალუტაში.
შესაძლებლობები:
რეალური კაპიტალის ბაზრის განვითარება აბსოლუტური წინაპირობაა იმისათვის, თუ საქართველოს სურს დროთა განმავლობაში გახდეს რეგიონული ფინანსური ცენტრი, რასაც ხელს შეუწყობს მისი მდებარეობა და ბიზნეს-გარემოს ხარისხი.
10. საზოგადოებრივი განვითარების ფონდების უკეთესი ორგანიზება და ანგარიშვალდებულება.
მოსალოდნელი პირდაპირი შედეგი:
უკეთესი კოორდინირებით, ორგანიზებით და ფოკუსირებით, ასევე გაუმჯობესებული ანგარიშვალდებულებით საზოგადოებრივი განვითარების ფონდები შეძლებენ გაცილებით დიდი გავლენა მოახდინონ განვითარებაზე.
მოსალოდნელი არაპირდაპირი შედეგი:
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პორტფოლიოს საპარტნიორო ფონდისთვის გადაცემა და საპარტნიორო ფონდის ენერგეტიკული აქტივების საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის გადაცემა ნათელს გახდის თითოეული ფონდის როლს და ხელს შეუწყობს ეფექტიანობის ზრდას და მასშტაბის ეკონომიას.
შესაძლებლობები:
საპარტნიორო ფონდის რეფოკუსირება შესაძლოა განხორციელდეს სტანდარტების მიხედვით, მისი დაფინანსების მოუქნელი მეთოდის სრულად გარდაქმნით და მისი საინვესტიციო მიზნების და მიდგომების ხელახლა განსაზღვრით მათ მისაღწევად” – წერს დუნდუა.