საზოგადოება

“საქართველოს ყველა რეგიონი უნდა გადავაქციოთ 4 სეზონიან საკურორტო მიმართულებად”

საქართველოს გააჩნია რესურსი, გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რისთვისაც საჭიროა მისი არსებული მდგომარეობის რაციონალური გააზრება, სწორი სივრცითი დაგეგმვა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის – ”ქვეყნის სივრცითი მოწყობის” პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს წარადგენს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, რაც გულისხმობს ქვეყნის სივრცით მოწყობას.

”ეს არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მოწყობის ხედვა, რომელსაც ახლავს კონკრეტული გეგმა. 70 ათასი კვადრატული კილომეტრია, სადაც ვცხოვრობთ და ვართ 3,72 მილიონი ადამიანი. ეს არის ტერიტორიითა და სიმჭიდროვით დაახლოებით ისეთი ქვეყნების მსგავსი, როგორიც არის ირლანდია, ლატვია, ლიტვა და ხორვატია. ქვეყნის შიგნით სიმჭიდროვის მაგალითები ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, თბილისში ჩვენ 1 კვ/კმ-ზე გვყავს 2207 მცხოვრები, ხევსურეთში – 1, მთელ თუშეთში ზამთარში კი მხოლოდ 30 ადამიანი რჩება და არანაირ სიმჭიდროვეზე საუბარი არაა. ქვეყნის ტერიტორიის 20 %, მოგეხსენებათ, არის ოკუპირებული, 60 % წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობებს მთიანი რეგიონების, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს. ქალაქები არის გადატვირთული, ხოლო სოფლებში მოსახლეობა კლებულობს”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მდიდარია ბუნებრივი პირობებით და რესურსებით, ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობით, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ ბაზრებთან სიახლოვით და რაც ყველაზე მნიშვნელოვნია, ნიჭიერი ადამიანებით.

”საქართველოს გააჩნია რესურსი, რომ გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა. ამისთვის საჭიროა მისი არსებული მდგომარეობის რაციონალური გააზრება, სწორი სივრცითი დაგეგმვა და განვითარება. რეგიონებში მეტი ჟანგბადის, სისხლის მიწოდება და ერთნაირი პირობების, შესაძლებლობების შექმნა, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა.

ამისთვის საჭიროა შევქმნათ პირობები, რომ ხალხი დაუბრუნდეს მთას და სოფლებს. იქ შექმნას მატერიალური დოვლათი, რომელიც ადგილობრივ პირობებზე იქნება მორგებული და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზე ორიენტირებული.

ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისწავდომი უნდა გახდეს ისეთი სერვისები, როგორიც არის ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფასტრუქტურა. ხელი უნდა შეეწყოს მოსახლეობის დასაქმებას მშობლიურ რეგიონებში და ტურისტებს უნდა შეეძლოთ შეფერხების გარეშე ასვლა ნებისმიერ რეგიონში. საქართველოს ყველა რეგიონი და რაიონი უნდა გადავაქციოთ 4 სეზონიან საკურორტო მიმართულებად”, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის სივრცითი მოწყობით.