“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთელი საუკუნის სამყოფ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ”
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთელი საუკუნის სამყოფ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო “რუმსში”, სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ სივრცითი მოწყობის პროექტის განხორციელება ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინვესტიციების და განვითარებისთვის სტაბილურ გარემოს უზრუნველყოფს.
“გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის და გადაადგილებისთვის…ეს პროექტი ისტორიულ, ხარისხობრივ ცვლილებას მოახდენს ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს არის ძალიან რეალისტური გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ საარჩევნო კამპანიის პარალელურად. დარწმუნებული ვარ, არჩევნების დასრულების შემდეგ მოგვეცემა საშუალება, დავიწყოთ ამ გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება ,- განაცხადა პრემიერმა.
სივრცითი მოწყობის პროექტი სივრცის რაციონალურ, მდგრად და დაბალანსებულ დაგეგმვას, ასევე, ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წარმოების და სხვა სექტორების ინტეგრირებულ და ტერიტორიულ განვითარებას, ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი. მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათ შორის, იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა. სივრცითი მოწყობა ასევე ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებას და რეაბილიტაციას. პროექტი, ასევე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, მაღალმთიანი რეგიონების, დაცული ტერიტორიებისა და სხვა სეგმენტების განვითარებას.