17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოში ლიცენზირებული ტრაქტორების ქარხანა იხსნება

საქართველოში, ბელარუსული ბრენდის, ლიცენზირებული ტრაქტორების ქარხანა იხსნება. ამის შესახებ “აიპრესთან” საუბრისას “მსოფლიო ტექნიკის” ხელმძღვანელმა ზვიად ბრეგვაძემ განაცხადა.

”ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტის დროს საქართველოში ხელი მოეწერა მემორანდუმს,რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპანია “მსოფლიო ტექნიკა” და ბელარუსიის ავტოქარხანა, სადაც დაფიქსირდა ჩვენი სურვილი, რომ ერთობლივად ვაწარმოოთ საქართველოში ტრაქტორები. თითქმის ერთი წელია, მიზანმიმართულად ვმუშაობთ ამ თემაზე, ამ დროისთვის თითქმის ბოლომდე გვყავს მიყვანილი ჩვენი მიზანი.”

– აცხადებს ზვიად ბრეგვაძე

”მსოფლიო ტექნიკის” ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე ამწყობი საწარმო იქნება. გამოშვებულ პროდუქციაზე კი პასუხისმგებლობას არამარტო ქართული მხარე, არამედ ბელარუსიის მხარეც აიღებს.

”ბელარუსიის მხარე იღებს ვალდებულებას ტექნიკურ დახმარებაში, ასევე განათლების კომპონენტში, ასევე ის გვაძლევს საშულებას, გამოვიყენოთ ბელარუსიის ბრენდი, რომ ლიცენზირებული სრულყოფილი საწარმო გაიხსნას საქართველოში, კერძოდ კი ვაზიანში, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, სადაც იქნება პრაქტიკული სამეცნიერო ცენტრი და არა მხოლოდ ქარხანა.

პირველ ეტაპზე იქნება ამწყობი საწარმო. ჩვენი მიზანია, რომ სამ წელში მივაღწიოთ 30-35 %-იან ლოკალიზებას ადგილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს, დაკვეთები იქნება საქართველოში განლაგებული სათადარიგო ნაწილების და კომპონენტების, რომელიც აუცილებელია ამ ტრაქტორებისთვის. გამოშვებულ პროდუქციაზე პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო ქართული, არამედ ბელარუსის მხარეც.

კარგად მოგეხსენებათ, რომ ბელარუსს არ აქვს საშუალება, გაიტანოს თავისი პროდუქცია ძალიან ბევრი ქვეყნის ბაზარზე, სხვადასხვა მიზეზების გამო… ამ კომპონენტში ჩვენ შეიძლება გავუწიოთ სერიოზული კომპანიონობა და საქართველოში ნაწარმოები ტექნიკა იყოს ბევრ სხვა ქვეყანაში გატანილი ექსპორტზე.”

 აღნიშნავს ზვიად ბრეგვაძე.