ეკონომიკა

საქართველოში წელს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება

საქართველოში წელს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზსაცავი  სამგორის სამხრეთი თაღის საბადოსთან აშენდება.

ჩატარებული ანალიზების საფუძველზე დადგინდა, რომ ტერიტორია, სადაც საბადოა განთავსებული, არის ოპტიმალური ადგილი მიწისქვეშა გაზსაცავისთვის.

ფრანგული GEOSTOCK–ი, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, მშენებლობისთვის ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებას მიმდინარე წლის დასაწყისში მოამზადებს.

 საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ფრანგულმა კომპანიამ აღნიშნულ საკითხზე ხელშეკრულება 5 ივნისს გააფორმეს.

პარალელურად კორპორაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან  პროექტის დაფინანსების პირობებთან დაკავშირებით.

აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს გაზსაცავის პროექტირებაში ევროპული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების გამოყენებას, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო ნორმების უზრუნველყოფას.

სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. წინასწარი შეფასებით, გაზსაცავში 230-250 მლნ კუბ.მ ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისადა ენერგეტიკული სექტორის გარანტირებულ, უწყვეტ მომარაგებას სავარაუდო პიკური მოხმარებისა და კრიტიკულ სიტუაციებში – ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში. გაზსაცავი ასევე დააბალანსებს გაზის მიწოდებისა და მოხმარების სეზონურ უთანაბრობას, ხელს შეუწყობს კონკურენტული ბაზრის  ჩამოყალიბებას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ქართველი სპეციალისტებიც.

სპეციალისტების განცხადებით, მიწისქვეშა გაზსაცავი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაზმომარაგების სისტემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს შეადგენს. მოქმედი მსხვილი მიწისქვეშა გაზსაცავის რაოდენობამ მსოფლიოში 600-ს გადააჭარბა.

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის წინასწარი ტექნიკური პროექტი საქართველოში პირველად 1992 წელს გერმანელებმა დაამუშავეს. პროექტი, სწორედ, სამგორის სამხრეთ თაღზე 505 მილიონი კბ/მ-ის საერთო და 230 მილიონი კბ/მ აქტიური მიწისქვეშა მოცულობის გაზსაცავის მოწყობას ითვალისწინებდა. ამ პერიოდში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ეს პროექტი არ განხორციელებულა. როგორც აღმოჩნდა, გერმანელების მიერ დამუშავებული პროექტი დღესაც მისაღებია.

commersant.ge