28/04/2024
Latest:
საზოგადოება

საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობა წამლის კომპონენტის სუბსიდირებასთან არის დაკავშირებული

 

საქართველოში  მოსახლეობის ნახევარზე მეტი საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეა. ბოლო პერიოდში  ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებული კვლევების უმეტესობა გვიჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის ერთ–ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად რჩება მედიკამენტებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის საკითხი.

ჯანდაცვის სამინისტრომ და მისმა საკონსულტაციო კომპანია ,,გლობალურმა ალიანსმა” მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს კვლევა სახელწოდებით ,,რა გაწუხებთ?!”, რომელიც 2016 წლის იანვარი–მარტის პერიოდს მოიცავდა. კვლევამ გამოავლინა, რომ მოსახლეობის 51,7%  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისურვებდა რადგან, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საყოველთაო დაზღვევა არასტაციონარული მკურნალობის შემთხვევაში მედიკამენტის კომპონენტს არ ფარავს.

მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემას ასახავს საერთაშორისო ფონდ ,,კურაციოს” კვლევაც, “მედიკამენტების ფასები და ფიზიკური ხელმისაწვდომობა”, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბრენდული და გენერიკული მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ბოლო 4 წლის მანძილზე მათი ფასების ცვლილების დინამიკას. გენერიკული მედიკამენტების უპირატესობა ბრენდთან შედარებით გაცილებით დაბალი ფასი და მაღალი ეფექტიანობაა. ფონდ ,,კურაციოს” კვლევის მიხედვით კი, საქართველოში წარმოებული პრეპარატები იმპორტირებულ ანალოგებთან შედარებით 30%–ით ძვირია. კვლევა გვიჩვენებს, რომ გენერიკული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მდგომარეობის გაუარესება და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ორიგინალი წამლების ფასნამატის ზრდა შეინიშნება:

,,აფთიაქებში რეცეპტურული ორიგინალი ბრენდების ფასნამატის დონე ორჯერ აჭარბებს ამავე ჯგუფის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ფასნამატის დონეს. რაც შეეხება რეცეპტურულ  გენერიკებს, 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს მათი ფასნამატი გაზრდილია და ურეცეპტოდ გასაცემ გენერიკებთან შედარებით, ორჯერ მეტია”, – აღნიშნულია კვლევაში.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების მიუხედავად, მედიკამენტების ფასები კი არ შემცირდა, რიგ შემთხვევებში გაიზარდა კიდეც.  აქამდე ფარმაცევტული კომპანიები ფასის მატების მიზეზად ლარის არასტაბილურობასა და იმპორტირებულ პროდუქციას ასახელებდნენ. საინტერესოა, ეროვნული ვალუტის გამყარების ფონზე რა ფაქტორები განაპირობებს მედიკამენტების გაძვირებას საქართველოში?

ფონდ ,,კურაციოს” კვლევა მოიცავს წამლის რეცეპტით დანიშვნის წესის შემოღების შედეგად ორიგინალი მედიკამენტების ფასის ზრდის ტენდენციის მიზეზებსაც, რომელთა შორის ერთ–ერთიექიმების მხრიდან გენერიკული მედიკამენტებით მკურნალობისგან თავშეკავებაა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სწორედ გენერიკული მკურნალობა უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომია პაციენტისთვის, ვიდრე ძვირადღირებული ორიგინალი მედიკამენტებით მკურნალობა.

იმისთვის, რომ მომხმარებლის ჯიბიდან გადახდილი თანხები შემცირდეს, აუცილებელია გენერიკული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წამლის კომპონენტის შემოტანა, რაც  ჯანდაცვის სფეროში რეიმბურსაციის სახელით არის ცნობილი.

,,ჯანდაცვის პლატფორმის” რეკომენდაციაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში რეიმბურსაციას დაქვემდებარებულ სიაში პირველ რიგში რეცეპტით გასაცემი მედიკამენდები შევიდეს.

სალომე შიხაშვილი

,,ჯანდაცვის პლატფორმის” კომუნიკაციის კონსულტანტი

– რატომ არის საჭიროწამლის კომპონენტის სუბსიდირება?

– მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვმარტოთ რეიმბურსაციის რაობა. თავის დროზე რეიმბურსაციის მექანიზმისამკურნალო საშუალებების შეძენის დროს წარმოშობილი ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად და, მასთან ერთად, მედიკამენტების რაციონალური გამოყენების გასაუმჯობესებლად შეიქმნა.

რეიმბურსაცია პაციენტის მედიკამენტით უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმია, რაც ამასთანავე, სახელმწიფო სახსრებისა და რესურსების  ხარჯვის პროცესსუფრო გამჭვირვალეს ხდის. რეიმბურსაციის შედეგად  პაციენტს ეძლევა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის შანსი, მათ შორის, ინოვაციური პრეპარატებით.  ამ პროცესში  სახელმწიფოს უფრო დიდ ფინანსურრესურსსს დებს, ვიდრე პაციენტი. შედეგად, სახელმწიფო  თითოეული მოქალაქისთვის განსაზღვრულ თანხას ზოგავს, ვინაიდან სწორად ნამკურნალევი პაციენტი, როგორც წესი, სტაციონარში იშვიათად ხვდება.

– როგორ მუშაობს ეს მექანიზმი?

– ფასი მედიკამენტებზე (განასაკუთრებით ინოვაციურ პრეპარატებზე) ვარირებს მისი მოთხოვნის შესაბამისად და ამით სულ უფრო მეტ მოგებას ნახულობენ ფარმაცევტული კომპანიები. რეიმბურსაციის შემთხევაში კი ტენდერში მონაწილე კომპანია იღებს ვალდებულებას, მედიკამენტზე გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შესთავაზოს  უფრო დაბალი და მისაღები ფასი.

– რას სარგებელს იღებს სახელმწიფო?

– რეიმბურსაცია ზრდის  მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალეს ხდის სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებზე დახარჯული თანხის მოცულობასა და პროცედურებს.

– რა სარგებელს იღებს მოსახლეობა?

– მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს, რომლის თანხასაც სრულად ან დიდწილად ფარავს სახელმწიფო. ამასთან, ისეთი ინოვაციური ტიპის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას, რომლის შეძენას ის საკუთარი ხარჯებით ვერ შეძლებდა.

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სუბსიდირების შემთხვევაში მედიკამენტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფასით და მათი ეფექტიანობა წლების განმავლობაში გამოყენების შედეგად უნდა იყოს დამტკიცებული. რეიმბურსაციის მექანიზმი წარმატებით მუშაობს ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა, თურქეთი და ა.შ. განვითარებულ ქვეყნებში რეიმბურსაციის პოზიტიური მაჩვენებელი ბაზარზე არსებული წამლების 90%–ს აქვს, ხოლო დარჩენილია 10%, რომლის კომპენსაციაც არ გაიცემა. საერთაშორისო ექსპერტები რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ სუბსიდირებით გათვალისწინებული მედიკამენტები იყოს ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის.