23/05/2024
Latest:
საზოგადოება

შემოდგომიდან ის მძღოლებიც დაჯარიმდებიან, რომლებიც სიჩქარეს მხოლოდ ვიდეოკამერასთან ანელებენ

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში დამონტაჟებული კამერების უმეტესობა გამორთული არ არის, თუმცა დაახლოებით 30% -ის ფარგლებში არის კამერები, რომლებიც ან უხარისხოდ ან საერთოდ არ მუშაობს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყნის მასტაბით უკვე განხორციელდა კამერების ხელახალი აღწერა და შედეგებიდან გამომდინარე, უკვე მიმდინარეობს ახალი კამერების შეძენის პროცედურები.

”ახლა მიმდინარეობს ვიდეოანალიტიკის შეძენის პროცედურა. რამდენიმე კომპანიაა ჩამოსული და მიდის ტესტირების პროცესი, ანუ ყველა კომპანია გვაჩვენებს თავის შესაძლებლობას. ჩვენ ვცდილობთ შევიძინოთ ყველაზე საუკეთესო ანალიტიკა. რასაც ნიუ- იორკის, ლონდონისა და დუბაის პოლიცია იყენებს დაახლოებით იგივე პროდუქტია ჩამოტანილი ჩვენთან. იქ სადაც კამერები მოძველებული იყო ან არ მუშაობდა, ან მუშაობდა, მაგრამ მასზე ანალიტიკა არ მონტაჟდებოდა, იქ განთავსდება ახალი კამერები, ე.წ. შავი წერტილებიდან გამომდინარე, ანუ იქ სადაც უფრო მეტი ავარიები ხდებოდა”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახალი კამერები აღჭურვილი იქნება ანალიტიკით, რომელიც აღარ საჭიროებს ვიზუალურად შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოსახულების ყურებასა და დარღვევის ხელით დაფიქსირებას.

”ამას უკვე სისტემა გააკეთებს და მინიმალური იქნება იმის შანსი, რომ ვიღაც დაარღვევს მოძრაობის წესებს და ის არ დაჯარიმდება. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გაზრდის ადმინისტრირების ეფექტურობას და ვფიქრობთ, უკვე შემოდგომიდან ეს პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გვექნება დამონტაჟებული. შევიძენთ ისეთ ტექნიკას, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ჩვენს რეალობას და რომლის ფასიც უფრო მეტად იქნება მისაღები. ამ პროგრამის ერთ-ერთი შესაძლებლობა არის ის, რომ ითვლის ორ კამერას შორის მანძილს და რა მანძილი უნდა დაფაროს მძღოლმა საშუალო სიჩქარით. ანუ თუ ავტომანქანამ კამერასთან შეანელა, შემდეგ მოუმატა სიჩქარეს, მეორე კამერასთან კვლავ დაამუხრუჭა და შეანელა ეს მაინც დაფიქსირდება. რაც შეეხება კამერების დაშორებებს, მანძილი იქნება რაციონალური”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით აღნიშნულმა მექანიზმმა ლატვიაში გაამართლა და როგორც შალვა ხუციშვილი ლატვიელ სამართალდამცველებზე დაყრდნობით აცხადებს, სისტემის დამონტაჟების შემდეგ, ლატვიაში დარღვევებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების 50%-ანი პრევენცია მოხდა.

წყარო: AMBEBI.GE