01/05/2024
Latest:
საზოგადოება

,,თბილისი მარიოტზე“ უნდა გაკეთდეს შესაბამისი დაფა აღნიშვნით, რომ იგი სომეხმა დიდვაჭარმა მიქაელ არამიანცმა ააშენა”

სომხეთთან ურთიერთობები დასალაგებელია

თუთიყუშების დრო ქართულ პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს

,,თბილისი მარიოტზე“ უნდა გაკეთდეს შესაბამისი დაფა აღნიშვნით, რომ იგი სომეხმა დიდვაჭარმა მიქაელ არამიანცმა ააშენა”,  – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ოფიციალური თბილისი აძლიერებს ღერძს ბაქო–თბილისი– ანკარა. ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ეთანადება და ყოველმხრივ მხარდაჭერას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან. ამასთან, წლების განმავლობაში, გრძელდება გაუცხოება მეორე მეზობელთან და მეგობარ ქვეყანასთან, სომხეთთან. ეს ვითარება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. ჩვენ უნდა ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ არა სომხეთის ამა თუ იმ ხელისუფლებასთან, არამედ სომხეთთან, სომეხ ხალხთან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენთან გვერდიგვერდ ცხოვრობს.

იყო დასანანი გაუგებრობები ჩვენს ურთიერთობებში – ომი 1918 წელს, ბაგრამიანის შენაერთის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერა აფხაზეთში. აგერ ახლახანს, სომეხმა ანალიტიკოსმა მურადიანმა გააცხადა მავანთა ოცნება – საქართველომ, რომც მოხდეს სასწაული და დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საამისოდ არც სახელმწიფოებრივი, არც პოლიტიკური და არც ფინანსური რესურსი არ გააჩნიაო. ამიტომ, გვირჩევს მურადიანი, ჩვენ დანარჩენ საქართველოს მივხედოთ. აი ასე!

მაგრამ ამაზე გაბრაზება არ გვმართებს, ვისაც უნდა იმას ახმოვანებდეს ბატონი მურადიანი. ჩვენ მთავარია მხოლოდ გაზის და ტვირთების გამტარი არ ვიყოთ სომხეთისთვის, ჩვენ უნდა გავაღრმაოთ მასთან ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი – რუსეთი, ჩვენთვის ოკუპანტია, ჩვენ ურთიერთობები სომხებთან უნდა დავალაგოთ და განვავითაროთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არც ჩვენ ვიყავით უშეცდომოები სომხებთან ურთიერთობებში, რომელიც მრავალ საუკუნეს მოიცავს.

ჩვენ ერთიან, უსაზღვრებო, აყვავებულ კავკასიაში უნდა ვიცხოვროთ. სიამტკბილობით და ურთიერთგაგებით. არ იქნებოდა ურიგო ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯებიც გადაგვედგა, თუნდაც მცირე და სიმბოლური. ბევრი ღირსშესანიშნავი ნაგებობა თბილისში XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში სომხების მიერაა აშენებული. კარგი იქნებოდა მათზე ამშენებელ–დამფინანსებელთა სახელები უკვდავგვეყო (,,თბილისი მარიოტი“, თეატრალური უნივერსიტეტი – ,,პალას ოტელი“ და ასე შემდეგ). მაგალითად, ,,თბილისი მარიოტზე“ გაგვეკეთებინა შესაფერისი დაფა და წარწერა, რომ ეს შენობა იყო სასტუმრო ,,მაჟესტიკი“ და იგი ცნობილმა სომეხმა დიდვაჭარმა მიქაელ არამიანცმა ააშენა, ხოლო შენობის არქიტექტორი გაბრიელ ტერ–მიქელიანი გახლდათ. სათანადოდ დასაფასებელია სომეხთა წვლილი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში. თუ ჩვენ ასე სათანადოდ დააფასებთ მოძმე ერის ღვაწლს, არ მგონია მეორე მხრიდან მეტი ურთიერთგაგება არ ვიგრძნოთ, მათ შორის ისეთ ურთულეს საკითხში, როგორიცაა ეკლესია–მონასტერთა კონფესიური კუთნილების თემა.

ასე ნაბიჯ–ნაბიჯ შეიძლება ჩვენი ძმობის განმტკიცება სომხებთანაც, აზერბაიჯანელებთანაც და რეგიონის სხვა სახელმწიფოებთანაც. ვიდრე მრავალმხრივი ფორმატი ევროკავშირისა და გაეროს თანადგომით დაარეგულირებს გაყინულ კონფლიქტებს, ვიდრე ,,კავკასიური“ სახელმწიფოები შეთანხმდებიან კავკასიის მშვიდობის ზონად გამოცხადებაზე ( საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, ირანი, აშშ, ევროკავშირი), იქნებ ჩვენ თავად გვეთავა რეგიონული განვითარების პერსპექტივაზე ზრუნვა.

შევარდნაძე, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, დილით რუსეთის ელჩს ხვდებოდა, საღამოს შტატების, შუადღეზე გერმანიის (მაშინ აშშ–ც და რუსეთიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ), სააკაშვილმა მხოლოდ აშშ–ზე დაიყვანა ეს სამკუთხედი. დღესაც იგივეა. 25 წელია ჩვენი პოლიტიკოსები თუთიყუშების ფუნქციას ვერ გასცილებიან. არავინ იცის როდის მოიცლიან აშშ და რუსეთი კავკასიისთვის და როდის გადაიტანენ პირველ ნომრად ჩვენს საკითხს, შესათანხმებელ პრობლემათა რიგში და გადაწყდება კი იგი ჩვენს სასიკეთოდ?

სჯობს, პირველ რიგში, უფლის იმედი გვქონდეს, მერე სტრატეგიული პარტნიორების, მაგრამ მანამდე ჩვენი პოლიტელიტა თუთიყუშობას უნდა შეეშვას.

რეგიონის დალაგებაზე ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა და სომხებმა თავად უნდა იფიქრონ, ნებისმიერ ღერძებსა და ალიანსებში გაერთიანების პარალელურად.

სხვა შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ეს ხალხი, კავკასიის ხალხი სხვაგან წავა ლუკმა–პურის საშოვნელად და უნიკალური ცივილიზაციაც გაქრება და ვინც მოვა, იმას მასპინძლობასაც ვერავინ გაუწევს.

ამაზე ,,რეპორტიორის“ პრეს–კლუბში ვილაპარაკე, რასაც გთავაზობთ ჩემს ფეისბუქ–მეგობრებს, აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში”, – წერს ვაჟა ბერიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.