საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის განმარტება

გაზეთ „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნდა მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარის გია ბურჯანაძის კრიტიკული განცხადება საქართველოში სალმონელოზით დაავადებული 129 ტონა ქათმის ფარშის შემოტანის თაობაზე, სადაც ავტორი სვამს შეკითხვას, თუ რატომ “შემოუშვა საბაჟომ’’ დაავადებული ხორცი.

განცხადებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ  შემოსავლების სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ახორციელებს ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს, რაც ითვალისწინებს ევროპიდან შემოტანილი ქათმის ფარშის მონიტორინგის გეგმის თანახმად შემოწმებას, რომელიც თავისთავად გულისხმობს ასეთი ტიპის პროდუქტების შერჩევით (და არა ყველა მათგანის) ლაბორატორიულ შემოწმებას. აღნიშნულ პერიოდში ჩვენს მიერ არაერთი მსგავსი პროდუქცია  იქნა შემოწმებული, მათ შორის შემოწმდა სტატიაში მითითებული პროდუქციის ანალოგიური შემოტანა ევროპიდან და არცერთ შემთხვევაში სალმონელა და სხვა სახის დარღვები არ დაფიქსირებულა.

ამასთან, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ა/წ 17 აგვისტოს წერილით გვაცნობა, რომ ნიდერლანდის სამეფოდან ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორცი  ერთ-ერთი პარტია გამოკვლეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში და აღმოჩენილი იქნა პათოგენური მიკროორგანიზმი – Salmonella. ამ წერილის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის ვეტერინარების მიერ ნიდერლანდის სამეფოდან შემოსული ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორცის ყველა შემდგომი სასაქონლო პარტიიდან აღებულია ნიმუში (სულ ასეთი იყო 8 შემთხვევა). უნდა აღინიშნოს, რომ 5 შემთხვევაში პათოგენური მიკროორგანიზმი – Salmonella არ დადასტურებულა. სამი ნიმუშის შესახებ პასუხი ჯერ არ არის ცნობილი და, შესაბამისად, საქონელი არ არის გაშვებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური კატეგორიულად არ ეთანხმება სტატიაში გია ბურჯანაძის მიერ უსაფუძვლო ბრალდებას.