02/05/2024
Latest:
საზოგადოება

„შემოსავლის არმქონე პირს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს“

„გადასახედია ყველაფერი, რაც სიტყვა „ონლაინით“ იწყება“, – საქართველოში ონლაინ-კაზინოების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. არასამთავრობოების აზრით, ონლაინკაზინოების მთლიანი აკრძალვა ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა მათთვის გარკვეული რეგულაციების დაწესება აუცილებელია.

რამდენად მოხერხდება ონლაინკაზინოების მავნებლური გავლენისგან ახალგაზრდობის ჩამოშორება, როცა პირადი კაზინო ყველას აქვს სახლში კომპიუტერისა და ინტერნეტის სახით, ამის შესახებ For.ge-ს „ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბას) ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ესაუბრება.

-ონლაინკაზინოების სფერო ბოლო წლებში სწრაფად განვითარდა. თუ 2011 წელს ონლაინკაზინოებს 200-მილიონიანი ბრუნვაჰქონდათ, 2015 წელს ამ ბრუნვამ 2 მილიარდს გადააჭარბა.

– მართლაც, ეს სექტორი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აზარტული თამაშების ბიზნესმა გადაინაცვლა ონლაინსივრცეში და გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა, ვიდრე ის იყო ჩვეულებრივად, როდესაც სათამაშო სახლებში მიმდინარეობდა ეს პროცესი. დღეს მივიღეთ სიტუაცია, როცა პატარა ერთგვარი კაზინო ყველას აქვს სახლში კომპიუტერისა და ინტერნეტის სახით. ეს ყოველივე განაპირობებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობას და ამ საქმიანობაში ჩართულნი არიან არა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ადამიანები, ვისაც გასართობი სერვისის შეძენის რეალური საშუალება აქვს, არამედ მცირე თანხებითაც ხდება ჩართვა აზარტულ თამაშები, რაც სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს. წაგებაზე ორიენტირებული საქმიანობა მოსახლეობისთვის შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებულ საქმიანობად იქცა, რაც ცუდ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს იწვევს. რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ ციფრებს, 2011 წელს ონლაინკაზინოების ბრუნვამ 366 მილიონი ლარი შეადგინა, 2015 წლის მონაცემებით, სექტორის ბრუნვამ 2 მილიარდ 300 მილიონ ლარს მიაღწია და ეს ციფრები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერაა მოწოდებული.

-თუმცა ონლაინკაზინოების შემოსავლების კოლოსალური ბრუნვის ფონზე ბიუჯეტში შენატანი გაცილებით მცირე დაარაადეკვატურია.

– 2015 წელს აზარტული თამაშების ბიზნესიდან სადღაც 140 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში. ძალიან მარტივად რომ შევხედოთ, ზოგადად, საქართველოში საგადასახადო ტვირთი (ანუ ბრუნვიდან პროცენტი რაც უნდა გადაიხადო), 33%-ია. თუკი ნორმალურად დაიბეგრებოდა ეს სისტემა, რეალურად ბიუჯეტში სადღაც 700 მილიონ ლარამდე უნდა შესულიყო, ნაცვლად 140 მილიონის. ფაქტობრივად, ეს თანხები ბიუჯეტმა დაკარგა. რატომ მოხდა ეს? მოგეხსენებათ, აზარტული თამაშების ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში იბეგრება მხოლოდ ერთჯერადი მოსაკრებლით. ეს არის ხუთ წელიწადში 5 მილიონი ლარი. სხვა გადასახადებს, ვგულისხმობ, პირველ რიგში, მოგების გადასახადს, აზარტული თამაშების ბიზნესი არ იხდის. შესაბამისად, რა მოცულობითაც იბეგრებოდა 2011 წელს, როცა ამ ტიპის კაზინოებს ჰქონდათ გაცილებით დაბალი ბრუნვა, ისე იბეგრება 2015 წელსაც და ეს ხდება მაღალი ბრუნვის მიუხედავად.

-ანუ კანონი დასახვეწია?

– დიახ, შესაცვლელია. ეს უსამართლობაა, სხვა ბიზნესები თუ იბეგრება ჩვეულებრივად 33%-იანი საგადასახადო ადმინისტრირებით, ეს რატომ უნდა დაიბეგროს შეღავათიანი თანხებით? მით უმეტეს, ეკონომიკაში განსაკუთრებულს არაფერს ქმნის, ეს არის უბრალოდ მომსახურება, გასართობი თამაშების ბიზნესი, ანუ ამით მატერიალური დოვლათი არ იქმნება და ამ ბიზნესის არაადაკვატურია დასაქმების მაჩვენებლებიც. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ უფრო სწორად დაბეგროს ეს სისტემა.

-თავის დროზე აზარტულ ბიზნესს სააკაშვილის მთავრობა მფარველობდა, დღესაც თუ არიან ლობისტები ამ ხელისუფლებაში?

– პატარა ისტორიას მოგიყვებით და მერე თქვენ განსაზღვრეთ, რა ხდება. როდესაც ამ საკითხზე საუბარი აქტიურად დავიწყე, მაშინ დიდი ინტერესი გამოხატეს უკრაინულმა მედიასაშუალებებმა. როცა ვკითხე, რატომ დაინტერესდა უკრაინული მედია მაინცდამაინც ქართული აზარტული თამაშების სისტემით, მითხრეს, რომ ბატონი სააკაშვილი დიდი ძალისხმევით ლობირებს აზარატული თამაშების იდეას უკრაინაში (რაც იქ აკრძალულია), რომ იქაც გაიხსნას და ნებადართული გახდეს. 2009 წელს შეიცვალა კანონმდებლობა. მანამდე, თუ გარკვეული სანქციები იყო დაწესებული აზარტულ თამაშებში არასრულწლოვანთა მონაწილეობაზე, დღეს ეს სანქციები აღარ არის. კაზინომ რომც დაარღვიოს პრინციპი და აზარტულ თამაშებში ჩართოს არასრულწლოვნები, არ არის ცნობილი, რა სანქციები დაეკისრება მას. ანუ დღევანდელი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობენ არასრულწლოვნები. გარდა ამისა, აქ საუბარია ფულის გათეთრების სერიოზულ საფრთხეებზე. მოგეხსენებათ, ევროკავშირი საქართველოს მთავრობა აძლევს რეკომენდაციებს, ეს სისტემა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ ფულის გათეთრების სერიოზული რისკია.

-ონლაინ კაზინოებში ახალგაზრდების ჩართვა მარტივია, რადგან არასრულწლოვნებს შეუძლიათ სხვა სრულწლოვნის სახელითდარეგისტრირდნენ. გარდა ამისა, გაუკონტროლებელია მოთამაშის ფინანსური შესაძლებლობა, აქვს კი მას ონლაინკაზინოსთამაშებში ჩართვის ფუფუნება?

– დღეს არსებული მოდელით, იმდენად ბუნდოვანია ეს სისტემა, რომ არც არის საჭირო სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენება. ძალიან მარტივად, შეიძლება საერთოდ გააყალბო პირადი მონაცემები. მოგეხსენებათ, პირადი ნომერი არის 11-ნიშნა ციფრი და ნებისმიერი 11 ნიშნის კომბინაციით შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ პროფილი და მონაწილეობა მიიღოთ აზარტულ თამაშებში ისე, რომ საერთოდ არ იყოს თქვენი პიროვნება იდენტიფიცირებული. ანუ სისტემაში შესული მოთამაშის ვინაობა გაუმჭვირვალეა. ეს იწვევს არასრულწლოვნების ჩართვას აზარტულ თამაშებში. გარდა ამისა, ვინაიდან მოთამაშის პროფილის გაყალბება შესაძლებელია, სისტემამ არ იცის, ვის შემოაქვს ამ თამაშებში ფული და ვინ თამაშობს. თუ აქვთ არალეგალური შავი ფული, შესაძლებელია, ჩაერთონ ნებისმიერი სათამაშო აპარატიდან აზარტული თამაშების პროფილში, შემდეგ წააგონ ეს ფული და ეს ფული გახდება ლეგალური.

შემოსავლებთან მიბმა ახსენეთ და, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით, დაწესდეს წაგების ლიმიტი. ჩვენ ვფიქრობთ, შემოსავლის არმქონე პირს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. ყოველ შემთხვევაში, წაგების ლიმიტი უნდა არსებობდეს.

-რამდენი უნდა იყოს წაგების ლიმიტი?

– დადასტურებული შემოსავლების პირობებში მაქსიმალურად ეს უნდა იყოს შემოსავლის 30% ერთი წლის განმავლობაში. ამაზე მეტი წაგების უფლება ადამიანს არ უნდა ჰქონდეს. ხოლო, თუკი ადამიანს არ აქვს დადასტურებული შემოსავალი, მაშინ მას აქვს უფლება, წააგოს მხოლოდ ასი ლარი. მეტის წაგების უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს იწვევს სერიოზულ სოციალურ პრობლემას. ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდეს, აუცილებელია აზარტულ მოთამაშეთა რეესტრის შექმნა, სადაც მოხდება მოთამაშის რეგისტრაცია რეალურ სივრცეში. ანუ რეალური პიროვნება უნდა მივიდეს და რეალური პირადობის მოწმობით უნდა დარეგისტრირდეს.

-ბოლო მონაცემებით, საქართველოში 400 ათასი ადამიანი იყო დარეგისტრირებული სხვადასხვა ონლაინკაზინოში. ამკატასტროფულმა ციფრმა კიდევ უფრო ხომ არ მოიმატა?

– 400 ათასი არის მოთამაშეთა ის ციფრი, რომელიც ყოველდღიურად მონაწილეობს აზარტულ თამაშებში. თორემ ამ თამაშებში გაცილებით მეტია დარეგისტრირებული და ეს დაახლოებით მილიონ 700 ათასამდეა. ეს არის საქართველოს მოსახლეობის 15-დან 20%-მდე. თუ იმასაც გადავხედავთ, რომ ესენი ძირითადად არიან ახალგაზრდები, ანუ ვინც განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ვინც უნდა შექმნას საქართველოს ეკონომიკა, გამოდის, რომ ეს მხოლოდ კონკრეტულ სოციალურ პრობლემას არ გამოიწვევს. ახალგაზრდები საშუალოდ დღეში 4-5 საათს ატარებენ აზარტულ თამაშებში, რაც ნიშნავს, რომ ისინი კარგავენ განათლებისა და განვითარების მიმართ ინტერესს.

-ამას ემატება საქართველოს ეკონომიკიდან დიდი რაოდენობით თანხის გატანაც, რაც იმით აიხსნება, რომ ამ სფეროზესახელმწიფო კონტროლი არ არსებობს.

– ზოგადად, არსებობს ასეთი არგუმენტი, რომ ონლაინკაზინოების ბრუნვის შეზღუდვა ცუდი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან ეს თურმე ჩვენს ეკონომიკურ ზრდას დაეტყობა. ეს მოსაზრება მცდარია. უბრალოდ, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ადამიანების ამოგდებაზე სათამაშო სისტემიდან, რომლებიც დაბალშემოსავლიანნი არიან. დაბალშემოსავლიანი ადამიანი არ „მოკლავს“ ამ ფულს, ეს ფული მაინც „ცოცხალი“ დარჩება და, თუ არ წააგებს თანხას აზარტულ თამაშებში, საჭმელს მაინც იყიდის.

-ფიქრობთ, რომ ონლაინკაზინოების შეზღუდვა საქართველოს ეკონომიკაზე დიდად არ აისახება, რადგან ისინი მაინც არ იხდიანმოსაკრებელს, რეალური კაზინოებისგან განსხვავებით?

– თუ შეიზღუდება აზარტული თამაშები, ეს საერთოდ არც ერთი კუთხით არ შექმნის პრობლემას ეკონომიკისთვის. რეალურად, გამოდის, რომ, პირველი, ბიუჯეტში ისინი ადეკვატურად არ იხდიან თანხას, მეორე, ეკონომიკიდან ფული არსად არ წავა და მესამე, პოტენციურად აქტიური ადამიანები არ დაკარგავენ კვალიფიკაციას და განვითარებაზე ორიენტირებას.

-თუმცა თქვენ ონლაინკაზინოების აკრძალვის მომხრე მაინც არ ხართ, ჯერ შეზღუდვას მოითხოვთ და შემდეგი ეტაპი იქნებააკრძალვა.

– სისტემა ძალზე გაუმჭვირვალეა. ერთადერთი, ეს ციფრები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოგვაწოდა. თორემ ვინ იგებს, ვინ აგებს, რა მოგება რჩებათ ონლაინკაზინოებს, არავინ იცის. ამიტომ სისტემა უნდა გახდეს გამჭვირვალე და ეს რეგულაციები უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. მერე ჩვენ შევხედავთ კიდევ და, თუ ასაკრძალია, ვიტყვით, რომ უნდა აიკრძალოს, თუ არ არის ასაკრძალი, მოვითხოვთ რეგულაციების დაწესებას სისტემაში.

 

წყარო: For.ge