06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მიმართულებით თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისიდან თუშეთამდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება. როგორც კვირიკაშვილმა თუშეთში, თუშეთობის დღესასწაულზე განაცხადა, უკვე დაწყებულია გზის პროექტირება.

,,ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მივაქცევთ თუშეთის განვითარებას. თუშეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება და იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გზა იმისთვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რომლებზეც ასევე ვმუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება. ამ გზას ექნება ბევრი დანიშნულება, პირველ რიგში ტურიზმის განვითარების, რათა აქაურმა ოჯახებმა მეტი ინტერესი ნახონ და ქონდეთ მეტი ინტერესი იმისთვის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას. ამ გზას ექნება უსაფრთხოების დანიშნულება, რადგან ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში მოსახლეობის დამაგრებას. რა თქმა უნდა ამ გზას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენახვის დანიშნულება, რადგან გზის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი”, – განაცხადა პრემიერმა.

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის განსახორციელებლად ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება უკვე დაიწყო.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წინასწარი შეფასებით, სნო–ჯუთა–როშკა–შატილი–ომალო–ფშაველის მიმართულებით რეკონსტრუქცია–მშენებლობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ჯამში 200 კმ-მდე სიგრძის გზაზე. კერძოდ:

• შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი–სნო–ახალციხე–ჯუთას საავტომობილო გზაზე (კმ1-კმ20);
• შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე (კმ51-კმ106);
• შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე (კმ1-კმ72);
ასევე, განხორციელდება აღნიშნული მიმართულებების დამაკავშირებელი შიდა გზების (დაახლოებით 80 კმ გზა) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.

აღსანიშნავია, გამართული საავტომობილო გზის არსებობის შემთხვევაში, ორი ტურისტული რეგიონი თუშეთი და მცხეთა-მთიანეთი უფრო მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, რადგან ფაქტიურად, შეიკვრება წრიული ტურისტული-საკურორტო მიმართულება – თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი.

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ საზღვრისპირა რეგიონში გამართულ გზას მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფუნქცია გააჩნია.