თამბაქოს ინდუსტრიისთვის ახალი რეგულაციები 2017 წლის 1 იანვრიდან არ ამოქმედდება
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ინდუსტრიისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება სიმართლეს არ შეესაბამება
ახალი რეგულირების შესახებ ამ დროისთვის მხოლოდ კანონპროექტი არსებობს, რომელიც საკანონმდელო ორგანოში პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ შეიტანა, თუმცა მისი განხილვა საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო.
კანონპროექტისადმი პარლამენტში ერთგვაროვანი მიდგომა არ არსებობს, რამდენადაც დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი დოკუმენტის მიღება ნაჩქარევად არ შეიძლება.
„რესპუბლიკური“ პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტ პარლამენტმა დაჩქარებული წესით არ უნდა მიიღოს.
როგორც კანონპროექტის განხილვის დროს „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, მას არ უნახავს დასკვნა, რომ თამბაქოზე ფასების ზრდა და შეზღუდვების შემოღება მწეველთა რიცხვს შეამცირებს.
მისი მოსაზრებით, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვებით მწეველები „უკეთესს ვეღარ მოწევენ და მოწევენ უარესს“.
„პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს. მოგიწოდებთ ბიუროს წევრებს, ავწონ-დავწონოთ. აქ არის ელექტრონული სიგარეტი შემოტანილი, მე არ მაქვს დასკვნები, რომ ის უნდა აიკრძალოს, არც იმის დასკვნები მაქვს, პერმანენტულად შეზღუდვა სიგარეტის წარმოების, ფასების ზრდა და ა.შ. რამენაირად პოზიტიურად მოქმედებდეს მწეველთა შემცირებაზე. არ მოქმედებს ასე, პირიქით, უკეთეს ვეღარ ეწევა და ეწევა უარესს. მე, როგორც ყოფილი მწეველი, სოლიდარობას ვუცხადებ მწეველებს, არ მინახვს სათანადო კვალიფიციური, ისეთი დასკვნები, შეიძლება მე არ მინახავს და არის, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ასე სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ეს შემოთავაზებული ცვლილებები“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა კანონპროექტის განხილვისას.
კანონპროექტს მომხრეებიც ჰყავს პარლამენტში, მაგალითად, პარლამენტის წევრი თემურ ნერგაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებმა თამბაქოს ანტირეკლამისთვის სოლიდური თანხა უნდა გამოყოს. მან კანოპნპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ აშშ-ში მწეველთა რაოდენობა დიდი კამპანიის ჩატარებით შემცირდა. “აშშ-ს ეშველა ერთი რაღაცით, ჩაატარეს დიდი კამპანია, „ვინც ეწევა , არის გოიმი“, დახარჯეს ამაზე მილიარდები, ახლა ამერიკაში რომ ეწევი ხარ გოიმი, არ გინდა გოიმი იყო და დაანებებ თავს მოწევას, აბა რა იქნება. სახელმწიფომ უნდა დახარჯოს ბევრი ფული ამაზე, უფრო მკაცრი კანონი უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა თემურ ნერგაძემ.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ცვლილებების მიღებამდე კანონმდებლებმა ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ და აღიარებენ, რომ შეზღუდვებს შედეგი არ მოაქვს შეზღუდვების ამოქმედებისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ასეთი შეზღუდვებით მწეველთა რაოდენობის შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია, მთავარია, საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება. კანონპროექტის კანონად ქცევამ კი შესაძლოა თამბაქოს „დახლქვემოთ“ გაყიდვის ფაქტს შეუწყოს ხელი.
შეგახსენებთ, რომ გუგული მაღრაძის ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს.
კანონპროექტი ასევე ითვალისიწნებს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების მიერ დაკავებული ფართობის 30%-დან 65%-მდე გაზრდას.
ამასთან, ცვლილებები ითვალისიწნებს თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარის რეალიზაციის აკრძალვას იმ ფორმით, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის.
წყარო: Bpi.ge