03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

თბილისის აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოდერნიზაციის სამუშაობი აქტიურ ფაზაშია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ტავ საქართველომ“ უკვე დაიწყო ჩამოფრენის ახალი ტერმინალის მოსამზადებელი სამუშაოები, რისი აუცილებლობაც მგზავრთნაკადის ზრდამ განაპირობა. 2015 წელს აეროპორტი უკვე 1,8 მლნ მგზავრს მოემსახურა. ჩამოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.  პარალელურად მოეწყობა ავტომანქანების პარკირების დამატებითი სადგომები.

გარდა ამისა, არსებულ სამგზავრო ტერმინალში უკვე დაემატა მგზავრების 6 სარეგისტრაციო დახლი; დაგრძელდა ჩამოფრენის დარბაზში მდებარე ბარგის მისაღები 3 ლენტი; გაფრენის დარბაზში  განთავსდა მგზავრთა საავიაციო უშიშროების შემოწმების ცენტრალიზირებული სისტემა, რის შედეგად აეროპორტი გადავიდა ღია გასასვლელების (გეითების) პრინციპზე;

რაც შეეხება ასაფრენ ზოლზე მიმდინარე სამუშაოებს:

  • სამიმოსვლო ბილიკზე „ალფა“ დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა;
  • სამიმოსვლო ბილიკებზე „ბრავო” და „ჩარლი“ ხორციელდება არსებული საფარის მოფრეზვის, გაგანიერების და ასფალტის გადაგებისთვის საჭირო სამუშაოები.
  • ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე მოხდა საჰაერო ხომალდის დაჯდომის შედეგად არსებული რეზინის ნარჩენების პირველადი მოცილება;
  • ასაფრენ ზოლზე ხორციელდება ბზარების შეკეთების სამუშაოები;
  • ასაფრენ ზოლზე მიმდინარეობს საჰაერო ხომალდების მობრუნებისთვის საჭირო ადგილების მოწყობა;
  • ასაფრენი ზოლის 13R კურსიდან მიმდინარეობს არსებული სანავიგაციო შუქტენიკის დემონტაჟის სამუშაოები.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები დაახლოებით 12 კვირაში დასრულდება.  ვიცე პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა რეაბილიტაციის პროცესი პირად კონტროლზე აიყვანა.

წყარო: GBC