ეკონომიკა

პაატა ბურჭულაძე – ასეთი ეკონომიკის ზრდის ტემპით ჩვენ ვერასდროს მივუახლოვდებით ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნებსაც კი

ასეთი ეკონომიკის ზრდის ტემპით ჩვენ ვერასდროს მივუახლოვდებით ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნებსაც კი, – ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ სასტუმრო “რედისონში”, ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბურჭულაძემ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

“სულ ცოტა ხანში ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. ნუთუ მეოთხედი საუკუნე არ იყო საკმარისი, რომ უკვე დღეს ეკონომიკური განვითარების სულ სხვა საფეხურზე ვყოფილიყავით? კაცობრიობა ვითარდება და სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ, ჩვენ ძლიერ ჩამოვრჩით. ასე გაგრძელება არ შეიძლება. მეტად დაგვიანების უფლება უბრალოდ არ გვაქვს”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა, რომ ამა წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მისაღებად რეგისტრაცია მილიონ-ნახევარზე მეტმა ადამიანმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 42% თავს ღატაკად მიიჩნევს.

“დღეს ბევრი მოლოდინის რეჟიმშია, როდის მიაღწევს საპენსიო ასაკს, რომ მიიღოს 160 ლარიანი პენსია – მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ეკონომიკა ვითარდება, ჩვენი ვალუტა სტაბილურია, ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად არის. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმად 290 ლარი დაწესდა. გამოდის, თვეში 72 ლარი ერთ ადამიანს უნდა ეყოს კვებისთვის, მკურნალობისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის. თუ ეს ასეა, მართლაც, ყველაფერი კარგად ყოფილა. 246 000 დევნილი, რომელთა სახლები, სალოცავები და წინაპართა საფლავები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სახელმწიფოსგან 45 ლარიან შემწეობას იღებს. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის და იმასაც გვეუბნებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობა ლაგდება. ერთადერთი, რაც ჩემს სამშობლოში უდაოა, გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება”, – განაცხადა ბურჭულაძემ და დასტურად სტატისტიკა მოიყვანა, რომლის თანახმადაც 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა 3,3%-ით გაიზრდა; 2014 წელს _ 4,6%-ით. 2015 წელის კი _ მხოლოდ და მხოლოდ 2%-ით.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2016 წელს ჩვენი ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება. გვიფიქრია, სად მიგვიყვანს ჩვენ ეს 15 წლის შემდეგ? გეტყვით: 15 წლის შემდეგ ჩვენ განვითარებული სამყაროსგან ვიქნებით ისე შორს, როგორც არასდროს ჩვენი სამშობლოს ისტორიის მანძილზე”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.